ლოგისტიკა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს. ლოგისტიკის სექტორის განვითარება განაპირობებს ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში და მის ეფექტურ დაკავშირებას მსოფლიო ბაზრებთან. განვითარებული ლოგისტიკა განაპირობებს მაღალი ხარისხის სერვისს, იაფ და ეფექტურ მიწოდების ჯაჭვს, რაც კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი პირობაა როგორც მთლიანად ქვეყნისთვის ასევე საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის.
სპეციალისტების განმარტებით, დღესდღეობით, საქართველოს ლოგისტიკური ბაზარი შეზღუდული სერვისებითა და მაღალი ხარჯებით ხასიათდება. საქართველოში ტერმინი „ლოგისტიკა“ ტრადიციულად გუსლიხმობს ტრანსპორტირებასა და ტვირთის დასაწყობების მარტივ ოპერაციებს. არ არის დადგენილი მისი სტანდარტები, შესაბამისად შეუსაბამოა ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის დონეც. თუმცა, ამ ფონზეც კი, ეფექტური ლოგისტიკური ინფრასტრუქუტურის განვითარების შემთხვევაში საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა მოიზიდოს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები და გლობალური მოთამაშეები რეგიონში, რაც ქვეყანას მისცემს საერთაშორისო კონკურენციაში ჩაბმის შესაძლებლობას.
და მაინც, რა ძირითადი პრობლემები არსებობს საქართველოში ლოგისტიკის სექტორის განვითარების თვალსაზრისით? როგორია მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) სექტორის დონე ქვეყანაში? რა სახის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში ლოგისტიკის სექტორის განვითარების უზურნველსაყოფად?
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA), აშშ-ს ორგანიზაცია- Supply Chain Counsil-თან (SCC) ერთად და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივის პროგრამის (EPI) მხარდაჭერით, მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტურობის შესაფასებლად საქართველოს წამყვანი ინდუსტრიების მონაწილეოით მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის კვლევა დაიწყო.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ეს პირველი კვლევაა , რომელიც მომავალი წლიდან GLA -ს მიერ ქვეყნის კერძო სექტორის ეკონომიკური ზრდის და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად განხორციელდება.
კვლევა, რომელშიც დაახლოებით 70 მულტინაციონალური და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობს, ობიექტურ, რაოდენობრივ მონაცემებს წარმოადგენს, რაც კომპანიების უწყობს ხელს მართებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეული მონაწილე განსაზღვრული სექტორის მიხედვით მიიღებს საკუთარი მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის პროცესების შედარებით ანალიზს მის კონკურენტებთან მიმართებაში. კვლევაში გამოქვეყნებული შედეგები არის ანონიმური და არ იძლევა მონაცემების მიხედვით მონაწილე კომპანიების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
რას მოიცავს GLA-ს კვლევა?
GLA-სა და SCC-ს კვლევას ქვეყანაში ლოგისტიკური ჯაჭვის საერთაშორისო პრაქტიკა და მსოფლიოს წამყვან კომპანიებში პროცესების შეფასების აპრობირებული სისტემა შემოაქვს. კვლევა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის (Supply Chain Management) პროცესები, ორგანიზაცია და მართვა, ეფექტურობის განმსაზღვრელი იდენტიფიკატორები (Key Performance Indicators). შეფასებული იქნება კომპანიებში არსებული შემდეგი ხუთი პროცესის ეფექტურობა: დაგეგმარება, პროგნოზირება, შესყიდვა, წარმოება, მიწოდება და დაბრუნება.
პირველი კვლევა შეეხება იმ ინდუსტრიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ფორმირებაში და ამასთანავე გამოირჩევიან ლოგისტიკური ოპერაციების კომპლექსურობით. კვლევაში წარმოდგენილია შემდეგი სექტორები: საკვები პროდუქტების წარმოება, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, სამომხმარებლო ტექნიკა, სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია.
ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის, რომ თითოეულმა მონაწილემ მიიღოს მისი ოპერაციების ეფექტურობის შეფასება და მისი კონკურენტების მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მაჩენებლების შედარებითი ანალიზი. კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეადარონ მათი მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მონაცემები მათ კონკურენტებს, საქართველოს მასშტაბით, აგრეთვე მოახდინონ მათი შედარება SCC-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან.
რა სარგებელი მოაქვს შედარებით ანალიზს ორგანიზაციისთვის?
ეფექტურ შედარებით ანალიზს შეუძლია ორგანიზაციის დახმარება მისი ოპერაციული და მიწოდების ჯაჭვის ხარჯების შემცირების და მომსახურების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. ასევე იგი საშუალებას მისცემს კომპანიებს ზუსტად განსაზღვრონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვის პროცესების მართვის კუთხით და დასახონ სტრატეგიული გეგმა მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის.
ამის კარგი მაგალითია ერთ-ერთი გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის საოპერაციო დანახარჯები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რეგიონების მიხედვით და იყო უფრო მაღალი ვიდრე მისი კონკურენტებისა აღნიშნულ სექტორში. ჩატარებულმა მიწოდების ჯაჭვის კვლევამ აღნიშნულ კომპანიას დაეხმარა მოეხდინა იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი გახდა დანახარჯების შემცირება, რასაც მოჰყვა ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება და საჭირო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავება. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა საბოლოო ჯამში განაპირობა კომპანიის დანახარჯების ოპტიმიზაცია და კონკურენტუნარიანობის ამღლება.