დღეს 16:00 საათზე, "კავკასიის ბიზნეს სკოლაში" სიპის (საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა) ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ სტუდენტებთან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მსვლელობისას, სიპის წარმომადგენელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ "ხუდონჰესთან" დაკავშირებით და ესაუბრა იმ შედეგებსა და სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს. შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, როგორც აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში მიმდინარე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ მსგავსი შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში და ინფორმაციული ხასიათის ლექციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
„სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე მთავრობისა და ქვეყნის წინაშე დგას“-აღნიშნა შეხვედრისას ლევან კალანდაძემ.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ელექტრო და ზოგადად ენერგობაზარი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიასა და ენერგორესურსებზე. ამ თვალსაზრისით, ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების დონის მატება რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ამისთვის უახლოესი პერიოდის უკრაინული მაგალითის და უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან შექმნილი პრობლემების გახსენება სრულიად საკმარისი იქნება.
"შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" პროექტების რეალიზაცია, ერთი მხრივ საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს შემოსავლების ახალი, დამატებითი წყაროები ბიუჯეტისთვის, და მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის, და ამავდროულად, ქვეყანას გაუჩნდეს ახალი და რაც ყველაზე მთავარია, იაფი გაზის და იაფი ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო, და ამით კიდევ უფრო შევამციროთ რუსულ ფაქტორზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.