მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი დადებითად აფასებს სამშაბათს ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას იმის შესახებ, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია ხუდონჰესთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით.
ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან ალაფიშვილმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და გიორგი აბაშიშვილმა ხუდონჰესთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის ინიციატივა სამშაბათს დააყენეს.
აღნიშნულ ინიციატივას ჟორჟოლიანმა "აუცილებლობა' უწოდა. მისი თქმით, სამთავრობო კომისიაში აუცილებლად უნდა შევიდეს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.
"ამ ინიციატივას მივესალმები და ამ ეტაპზე აუცილებლობად მიმაჩნია. იმ პირებმა, რომლებიც შევლენ ამ თემატურ ჯგუფში კოორდინაცია უნდა გაუწიონ ყველა შესაბამის უწყებას, რომელსაც ეხება ხუდონჰესის პროექტი, რათა მათ წარმოადგინონ შესაბამისი დასაბუთებული ანალიზი და ანგარიში თუ რატომ უნდა განხორციელდეს ის და რას მოუტანს იგი საქართველოსა და კონკრეტულად სვანეთს.
ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებმა უნდა გააკეთონ შესაბამისი ანალიზები და ამ პროექტის ობიექტური ანალიზი, სადაც აისახება თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შესაძლოა დადგეს მისი აშენების შემთხვევაში. ამის მერე, ეს ანალიზი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის, რის შემდეგაც, ვფიქრობ შეწყდება არაარგუმენტირებული დავები და საკითხისადმი ობიექტური და საფუძვლიანი დიალოგის დრო დადგება",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
იგივე მოსაზრება აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას:
"ყველა, ვინც ამ ქვეყნის შვილია ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგ არ წავა, – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია.
მხარის გუბერნატორი აქცენტს პროექტის მნიშვნელობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია.
"ვფიქრობ, ყველა წინააღმდეგობა მოგვარდება, რადგანაც ხუდონჰესი ძალიან მნიშნვნელოვანია ქვეყნისა და მისი ენერგოუსაფრთხოებისთვის. როგორც ვიცი, ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკა" ხაიშში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ კომპენსაციებსაც ჰპირდება. მქონია ხაიშელებთან ინდივიდუალური საუბრები, სადაც ისინიც თანხმდებიან, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს. ქვეყანას აქვს შანსი გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი კი, სწორედ ენერგოდამოუკიდებელობაა. მასზეა დამოკიდებული ეკონომიკის განვითარება. ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ" – აცხადებს ლევან შონია.