როგორია რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა - ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარება; არის თუ არა ქვეყანაში მონოპოლიები და რეალურად, რამდენს ვიხდით 45-თეთრიან გაზში; კონტროლდება თუ არა ხარისხი? - ამ საკითხებზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე აკეთებს:
"მონოპოლიების თემა ერთ-ერთი ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეული და სახიფათო ტენდენციაა ქვეყნისთვის. "სოკარის" თემა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს კომპანია პრაქტიკულად მონოპოლისტია საქართველოს გაზის ბაზარზე, როგორც გაზის იმპორტის, ისე დისტრიბუციის განხორციელების ნაწილში. "სოკარი" წარმოადგენს ქვეყანაში გაზის ექსკლუზიურ მომწოდებელს და პრაქტიკულად აკონტროლებს გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის გარდა.
პრობლემა მრავალმხრივი და კომპლექსურია. დღეს სახელმწიფოში პრაქტიკულად არ კონტროლდება გაზის ხარისხი, გაზის წნევის და კალორიულობის სტანდარტი. ეს საკითხი თავის თვითდინებაზეა მიშვებული და ამ ნაწილში მხოლოდ კომპანია "სოკარის" კეთილ ნებასა და "პატიოსნების" იმედად არის დარჩენილი მომხმარებელი.
საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვები და საფუძვლიანი ეჭვები სწორედ გაზის ხარისხთან დაკავშირებით - რამდენს ვიხდით რეალურად 45 თეთრიან გაზში? და ეს განსაკუთრებით აქტუალური სწორედ ზამთრის თვეებში ხდება, როცა ქსელში აშკარად შესამჩნევია როგორ იკლებს თითოეული მომხმარებლის გაზქურასა თუ სხვა საყოფაცხოვრებო გაზის აპარატში გაზის წნევა, როგორ უხარისხოდ მიმდინარეობს გაზის წვის პროცესი, როგორ იზრდება და უფრო ხანგრძლივი ხდება მაგალითად ერთი ჩაიდანი წყლის ადუღებისთვის საჭირო პერიოდი.
გაზის წნევის და გაზის კალორიულობის ხელოვნური შემცირებით, რისი ეჭვიც ლეგიტიმურად არსებობს საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში, გაზის კომპანია პრაქტიკულად არაკეთილსინდისიერი საქმიანობით მნიშვნელოვნად იზრდის შემოსავლებს. ქსელში წნევის ხელოვნურად დაწევის და გაზის კალორიულობის შემცირების ხარჯზე მოსახლეობაში იზრდება გაზის დანახარჯი, ადამიანები გაცილებით მეტ გაზს მოიხმარენ ვიდრე ხარისხიანი გაზის მიწოდების შემთხვევაში, მრიცხველი უფრო დიდხანს ტრიალებს და საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტ თანხას იხდის "სოკარის" ყულაბაში. რეალურად, გამოდის რომ ერთ კუბურ მეტრ გაზში ჩვენ 45 თეთრს კი არა, გაცილებით მეტ თანხას ვიხდით."