2014 წლის 27 თებერვალს გაიმართა პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელზეც 14 პირობით მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გაუუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლეობა, 2 პირს კი აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულებს, აგრეთვე ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე სხვა პირთა შუამდგომლობებს. ამ ეტაპზე, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.