სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის ყველა ამომრჩეველს საჩუქრად უძღვნა ფოტოალბომი, სახელწოდებით „ახალი საქართველო. ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ“. კულტური სამინისტროს დაკვეთით გამოცემული ალბომი მმართველი პარტიის სამშენებლო მიღწევებს უკეთებს რეკლამას. მისი თვალიერებისას ძნელია არ დაგეუფლოს გაკვირვება: როგორ მოახერხა ცივილიზაციის პერიფერიაზე მყოფმა ღატაკმა ქვეყანამ ასეთი მასშტაბის მშენებლობის გაშლა! მსგავსი რამ სოციალისტური ხანის შემდეგ საქართველოს არ ახსოვს.
ნაციონალური მმართველობის მიღწევათა ჩამონათვალი შთამბეჭდავია: აღდგენილი ძველი უბნები თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში; განახლებული სიღნაღი, ბათუმი; რესტავრირებული ისტორიული ძეგლები, სრულიად ახალი ტიპის ადმინისტრაციული ნაგებობები და მაღალი კლასის სასტუმროები!
ალბომს ამშვენებს ნაციონალური აღმშენებლობის პლაკატი - „პლეხანოვზე“ მიმდინარე სამუშაოების ფოტო. თვალშისაცემია სამშენებლო მანქანების სიჭარბე. როგორც ჩანს, ქუჩა ტექნიკით იმ მიზნით გადაჭედეს, რომ სამუშაოების ინტენსიური რიტმი შეექმნათ; შესაძლოა, ფოტოშოპიც გამოიყენეს, მაგრამ ეს არის გასაკვირი - შთამბეჭდავი რეკლამები და სლოგანები სახელმწიფო პიარის ნაწილია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თან სდევს.
აღმშენებლობის რვაწლიური ქვეყნის პირველ პირს უკავშირდება. გავიხსენოთ 26 მაისის „სამრეწველო აღლუმი“, რომლის ინგლისურენოვანი დევიზი პარლამენტის ფასადიდან იუწყებოდა- Saakashvili Rebuilds Georgia! ამ ლოზუნგს, რატომღაც ქართული შესატყვისი არ ახლდა. შესაძლოა, პრეზიდენტის „პიარი“ ხალხის გაღიზიანებას მოერიდა: მართლაც, სლოგანი ქართულად საკმაოდ ამბიციურად ჟღერს: „სააკაშვილი ხელახლა აშენებს საქართველოს“ . მაშინვე გახსენდება პრეზიდენტის სწორება აღმაშენებელთან, ანუ „სააკაშვილი - აღმაშენებელი“
მონარქიებისა და იმპერიების დროს ერთი ადამიანის გემოვნება არქიტექტურულ სტილს განსაზღვრავდა. საამისოდ, ბევრი ისტორიული პარალელის მოყვანა შეგვიძლია: პეტრე დიდი და სტალინი რუსეთში, მეფე-მზე და ბონაპარტი საფრანგეთში, ფრიდრიხი პრუსიაში, ლიუდვიგი ბავარიაში… ჰიტლერი და მუსოლინი ფაშისტური მმართველობების დროს. შეგვიძლია პარალელები თანამედროვეობიდანაც მოვიტანოთ - მაგალითად, დუბაის შეიხები: მათი ნება-სურვილითა და ნავთობდოლარებით ბედუინების დასახლება ავანგარდული არქიტექტურისა და გიჟური საინჟინრო იდეების ოაზისად გადაიქცა.
ახალი საქართველოს არქიტექტურულ ლანდშაფტსაც ერთი ადამიანის გემოვნება განსაზღვრავს. სააკაშვილი თავად წყვეტს სად რა აშენდეს და როგორ. მოწვეული არქიტექტორები და ფორმალურად არსებული საბჭოები მისი იდეების რეალიზაციას ემსახურება მხოლოდ.
აღმშენებლობის კატალოგი თავებად არის დაყოფილი ნაგებობების ფუნქციური დანიშნულების, გეოგრაფიისა და სფეროების მიხედვით: ადმინისტრაციული შენობები, ბათუმი, სიღნაღი, თავდაცვა, საავადმყოფოები, სკოლები... გზები...
ახალი არქიტექტურის პირველი მერცხალია პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც დღეს გასართობი პარკის გვირგვინს წარმოადგენს: რეზიდენცია რიყეს გადმოჰყურებს, რომელიც მინის ხიდით თბილისის ყველაზე დიდ კაზინოს უკავშირდება. შუაში ატრაქციონები, ბუდა- ბარი და მილისმაგვარი კონსტრუქციებია, რომლებშიც, პროექტის თანახმად, საკონცერტო დარბაზები უნდა განთავსდეს. თავად სასახლეს ბერლინის აღდგენილი რაიხსტაგის მსგავსად, მინის გუმბათი ადგას. მაგრამ გერმანიის პარლამენტის გუმბათი ტურისტების თავშეყრის ადგილია, მიშას გუმბათში კი მხოლოდ საპატიო სტუმრებს ეპატიჟებიან - შერონ სტოუნს, ან რაიონების კოორდინატორებს, რომელთაც პრეზიდენტის ფავორიტი სოფო ნიჟარაძე ეგებება და სიმღერებით ართობს. საგულისხმოა, რომ რიყის კომპლექსმა ასოციაციები გამოიწვია ფროიდიზმის მიმდევრებს შორის - მინისა და ალუმინის მშენებარე „ღრუებს“ ვაგინას ამსგავსებენ, ხიდს - „ოლვეისს“.
სააკაშვილს უყვარს გართობა - საყოველთაოდ ცნობილია მისი გატაცება „ეშმაკის ბორბლებით“. როგორც ჩანს, სწორედ გასართობი პარკების მიმართ სიყვარულმა განსაზღვრა ახალი საქართველოს არქიტექტურის სახე.
რა არის გასართობის პარკი? - არქიტექტურული ლანდშაფტი ატრაქციონებით და ზღაპრული ციხე-სიმაგრეების მომცრო ასლებით. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, სააკაშვილის არქიტექტურის კიტჩური სტილისტიკა. ეს არ გულისხმობს ნეგატიურ შეფასებას. სოც-რეალიზმიც კიტჩია, მაგრამ მდარე ნიმუშების სიმრავლის მიუხედავად, ამ მიმართულებამ სტალინის არქიტექტურისა და მუხინას სკულპტურების სახით მთელი ეპოქა შექმნა.
მოდერნიზებული ბათუმი, ახალციხის რაბათი, რიყის კომპლექსი, პოლიციის გამჭვირვალე განყოფილებები - ყველაფერი კიტჩია: რაბათის ანსამბლი ალჰამბრის გამეორებას ცდილობს, ოღონდ - კავკასიის იბერიაში. ბათუმის პიაცას ლოჯიები და მოხატული ფასადები - იტალიის მოედნების დეკორაციაა; ბათუმის „შერატონი“ - ემპაიერ სტეიტ ბილდინგს წააგავს, ანბანის კოშკი და ე.წ. „რესტორანი კოშკი“ ტრაიანეს და პიზის კოშკის ალუზიებია. ბათუმში გვექნება ცნობილი ამერიკელი დეველოპერის, ტრამპის სახელობის კოშკიც (მოარული ხმებით, ბებერმა დონჟუანმა სახელის მინიჭებაში, რამდენიმე ათეული მილიონი აიღო). კიტჩური სტილისტიკისაა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებარე ცათამბჯენიც. ის გემის სიმბოლოა, მასში შედგმული „ეშმაკის ბორბალი“ კი - ხომალდის საჭე. ეჭვგარეშეა, ეს გიჟური არქტექტურული იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ბორბალი სტუდენტების მეცადინეობისა და პაემანების ადგილი გახდება, რაც ექსტრიმის პირობებში, სწავლისა და სიყვარულის პროდუქტიულობას გაზრდის.
ახალ მშენებლობებთან სახელმწიფო „პიარის“ საკმაოდ ძვირადღირებული ინდუსტრიაა მიბმული; ამ სფეროშიც უმეტეს ფუნქციებს პრეზიდენტი ითავსებს. იგი თავად განსაზღვრავს ახალი ობიექტების სარეკლამო სტრატეგიას: წერს „პრომო“ კლიპების სცენარებს, ადგენს, ვინ იქნება რეჟისორი, ვინ - დამფინანსებელი, ვინ - მთავარი როლის შემსრულებელი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სააკაშვილი არის ქვეყნის მმართველი, მთავარი არქიტექტორი, მარკეტოლოგი, რეჟისორი, კრეატორი, პროდუსერი და სცენარისტი. ის ქმნის პროდუქტებს და თავად აკეთებს პრომოუშენს - ყოველი ახალი შენობა მისი საჯარო გამოსვლების მორიგი დეკორაციაა.
განვიხილოთ ხელისუფლების ერთ-ერთი „ივენთი“ - რაბათის ციხის ანსამბლის გახსნა. ყველაფერი მიდის „პიარის“ კლასიკური კანონების მიხედვით. პრეზიდენტის ვრცელი სიტყვა, შანსონიე შარლ აზნავურის ჩამოყვანა; ციხის სარეკლამო კლიპის გადაღება პრეზიდენტის ფავორიტის , სოფო ნიჟარაძის მონაწილეობით, რომელსაც ამჯერად, ფლამენკოს ცნობილი მოცეკვავე, ხოაკინ კორტესი უწევს პარტნიორობას. რაბათის ციხის „პრომოუშენი“ უკვე საერთაშორისო ობერტონებს იძენს.
აღმშენებლობის „პიარს“ ემსახურება კინოცენტრის საქმიანობაც: ყოველი ახალი პროექტი პარტიულ რევიზიას გადის: ყოველ ახალ ფილმში, არქიტექტურის ამსახველი კადრები სავალდებულო ხდება. ამ დაუწერელი კანონის დაცვას კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი უზრუნველყოფს. მოარული ხმებით, ხშირად თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს ფილმის რომელ კადრში რომელი შენობა უნდა მოხვდეს და რა რაკურსით.
ქართველი მაყურებელი მალე სააკაშვილის იდეით გადაღებულ მხატვრულ ფილმს იხილავს, რომელიც ჩვენებური გოგონასა და რუსი ბიჭის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს; ფილმის მთავარი პერსონაჟი არქიტექტურა იქნება; რომეოსა და ჯულიეტას ურთიერთობა - მეორეხარისხოვანი სიუჟეტური ხაზია... სააკაშვილის იმპერატიული მოთხოვნით, მთავარ პერსონაჟს სოფო ნიჟარაძე განასახიერებს. რეჟისორი კი მიხალკოვის ქართველი სიძე გახლავთ, რომელსაც ფილმის გადაღებისას სააკაშვილის მითითებების გათვალისწინება მოუწია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქვეყნის მთელს მოსახლეობას გლამურული რეკლამების ვირტუალურ გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც დაჟინებით გვარწმუნებენ - ახალი საქართველო მშვენიერია!
ალბომში ცალკე რუბრიკაა სათაურით „ახალი საავადმყოფოები და სკოლები“. სასწავლო დაწესებულება სულ სამია: ბორჯომის მე-3, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზისა და თბილისის 210-ე საჯარო სკოლები. მშვენიერი პროექტებია - მათ შემხედვარე ადამიანი ფიქრობ, რომ ცივილიზებულ ქვეყანასთან გაქვს საქმე. მაგრამ ეს საჩვენებელი სკოლებია. არანაკლებ ცივილურად გამოიყურება საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა ახლადაშენებული საავადმყოფოები; კატალოგში წერია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში 150-მდე სამედიცინო ობიექტი აშენდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საავადმყოფოების ფონზე, კიდევ 150-ჯერ მოგვიწევს პრეზიდენტის მქუხარე სიტყვების მოსმენა. თუმცა, რამდენად იქნება მისაწვდომი მკურნალობა, ჯერ კიდევ საკითხავია.
სააკაშვილს ძალიან უყვარს ბათუმი. ამ ქალაქში ყველაზე მეტი არქიტექტურული პროექტი განხორციელდა. როგორც ჩანს, მისი ჩანაფიქრით, საზღვრისპირა ბათუმი კავკასიის ლას-ვეგასი უნდა გახდეს თავისი ილუზორულობითა და ბუტაფორიულობით. განახლებული ბათუმი „დეკორაციაც“, ლას-ვეგასის მგავსად, იდეალური გარემოს ქმნის შოუბიზნესის ღონისძიებებისთვის.
ავანგარდული არქიტექტურა სარფის საბაჟოდან იწყება; აეროპორტის ნავიგაციის კოშკს მინის კაბა აცვია და ღამის განათებისას დაწინწკლულ კალმარს წააგავს; ბათუმშია დეკონსტრუქტივიზმის სტილში დაპროექტებული რესტორანი „ყირამალა“, განთქმული „პიაცა“, „ევროპის მოედანი“, იისფრად განათებული იუსტიციის სახლი, კვესიტაძის მოძრავი სკულტურები და ფრანგი დიზაინერის ყბადაღებული კვერცხები „ტყაპუნას“, (ანუ „შლოპანცის“) ქვეშ- ყველა ეს ახალი ფორმა, გლამურული ჟურნალების მგავსად, კეთილდღეობის კულტივირებას ეწევა.
ბათუმში, მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბარამიძის წარდგენის შემდეგ, წინასწარ დაგეგმილ ტელესიუჟეტში (საჭესთან სააკაშვილი, უკან - ბარამიძე და ვარშალომიძე), პრეზიდენტმა ასეთი შინაარსის ტელემონოლოგი შემოგვთავაზა: „ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია... იუსტიციის სახლი ძალიან მაგარია!.. იცით, თუ არა, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთს ეჯიბრებიან გიჟურ არქიტექტურაში?!“
ეს გამაოგნებელია!.. აშკარაა, ხუროთმოძღვრებით გატაცება მთავრობაში ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. გვახსენდება რაბათის გახსნაზე პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვა, რომელშიც რაბათის ჩრდილში დაბადებული ვანო მერაბიშვილი ამ ციხესიმაგრის აღდგენის ინიციატორად დასახელდა. თან, განისაზღვრა ვანოს სამომავლო მისიაც - მან ამჯერად გორის ციხეს უნდა მიხედოს. „ვანო!!! ასეთი ციხე მინდა გორში!“ - გაიძახოდა პრეზიდენტი.
რაბათის ციხე ნამდვილად ლამაზია. გორსაც მოუხდებოდა მსგავსი ანსამბლი; „ახალ საქართველოში“ წერენ, რომ ბოლო წლებში 600 ისტორიულ ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია. შთამბეჭდავი რიცხვია. ჩვენს ხელისუფალთ უყვართ ციფრების გაზვიადება. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეს მონაცემი რეალობას?
რაც შეეხება ახალ ნაგებობებს - ქვეყანაში, ყველაზე დიდი რაოდენობით სახელმწიფო დაწესებულება აშენდა: ჩვიდმეტი იუსტიციის სახლი, 130 პოლიციის შენობა, (სუპერ-კიტჩია ლუვრის გამჭვირვალე პირამიდის ანალოგი - ისანი-სამგორის პოლიციის მეორე განყოფილება) შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, თავდაცვის განახლებული უწყება, კონტროლის პალატა, პროკურატურა, მთავრობის სახლები, საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრის „მფრინავი თეფში“, ახალი პარლამენტი ქუთაისში, პრეზიდენტის რეზიდენცია და რიყის კომპლექსი.
ბეტონისა და მინა-ლითონის ნაგებობები მნახველის გაოცებას ისახავს მიზნად. სააკაშვილი დაუსრულებლად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ შენობებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ. უნიკალურად მიიჩნევა საჯარო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი - პოლიციის გამჭვირვალობა. ამ სიახლეს სააკაშვილი საყოფაცხოვრებო კორუფციაზე გამარჯვებისა და ახალი ბიუროკრატიის სიმბოლოდ მიიჩნევს. სიახლედ ითვლება იუსტიციის სახლი - იგივე რეესტრი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნაგებობების მინის სამოსელი, ბეტონის სითეთრე და ეფექტური განათება ცივილურობის სავიზიტო ბარათი ხდება.
ფორმას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მან შეიძლება შინაარსი შეცვალოს. ავანგარდულ ფორმებსა და საინჟინრო სიახლეებს მოწვეული სპეციალისტები ამკვიდრებენ ჩვენში. მათ შორის არის შესანიშნავი იტალიელი არქიტექტორი, მასიმილიანო ფუქსასი. მისი პროექტით შენდება თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც კიტჩი ნამდვილად არ არის და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის არქიტექტურული ხანის საუკეთესო ნაგებობაა (ისევე, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ახალი პარლამენტი)
ფუქსასის პროექტით, საქართველო მოწინავე არქიტექტურული ტენდენციების ნაკადში მოქცევას ცდილობს., მსგავსი მისწრაფება, ჩვენზე ოდნავ ადრე აზერბაიჯანელებმა გამოავლინეს, როცა ჰეიდარ ალიევის ცენტრი მსოფლიო სახელის მქონე ლონდონელ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდს შეუკვეთეს. ისიც უნდა დავსძინოთ, რომ ნავთობითა და გაზით მდიდარ აზერბაიჯანს ამის ფუფუნების საშუალება ნამდვილად აქვს.
ავლაბრის რეზიდენციის, მინის ხიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლის ავტორი იტალიელი სამრეწველო დიზაინერი მიკელე დე ლუკია. არქიტექტურული პროექტების განხორციელება მას პირველად საქართველოში მიანდეს. იტალიური ყოველკვირეული ჟურნალი „ესპრესო“ წერს, რომ იტალიელი მიკელე ქართველი მიკელეს (მიშას) საუკეთესო მეგობარია. სტატიის ავტორი სააკაშვის მიკელე პირველად მოიხსენიებს, არქიტექტორს კი - მიკელე მეორედ. ამ პუბლიკაციიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისეთივე ტანდემთან გვაქვს საქმე, როგორიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 28-ე საუკუნეში ფარაონ ჯოსერსა და იმჰოტეპს ქონდათ - ვგულისხმობ არქიტექტორ იმჰოტეპს და არა პერსონაჟს პრეზიდენტის საყვარელი ფილმიდან „მუმია“.
წინასაარჩევნო გამოსვლებში სააკაშვილი ხშირად საუბრობს სამომავლო არქიტექტურულ პროექტებზე. „ლაზიკა მაქვს ასაშენებელი“ - ხშირად აღნიშნავს ის. მაგრამ არ აკონკრეტებს, რა თანხებით ხდება ამდენი ძვირადღირებული პროექტის დაფინანსება. სხვადასხვა მედია-საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციით, „მშვიდობის ხიდი“ 37 მილიონი ევრო დაჯდა; ახალი პარლამენტი - 133.3 მილიონი ლარი და ა.შ...
აღმშენებლობა მისასალმებელია. პარალელი წინა მმართველობის პერიოდთან - საკმაოდ შთმბეჭდავი: შევარდნაძემ მხოლოდ მილსადენი და მასთან დაკავშირებული ახალი გეო-პოლიტიკური ფუნქცია დაგვიტოვა. მაგრამ რა შეცვალა ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალმა არქიტექტურამ?
მან შექმნა ცივილურობისა და დემოკრატიულობის ვიტრინა, გლამურული და ლამაზი ცხოვრების ილუზია, გაზარდა ტურისტების ნაკადი. ახალმა ინფრასტრუქტურამ, საქართველოს ხელისუფლებას ფუფუნება მისცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი დედაქალაქის ნაცვლად, მეორე ქალაქში მიეღო (ასეთი შესაძლებლობით, სულ ორი-სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა თუ დაიკვეხნის). მაგრამ გრანდიოზულმა მშენებლობებმა კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური კონტრასტი უზომოდ გამდიდრებულ ელიტასა და დანარჩენ მოსახლეობას შორის - ავტორიტარ სააკაშვილს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობა მისცა და, რაც ყველაზე ცუდია - წარსულზე ნოსტალგია საყოველთაო გახადა.
შპენგლერის მიხედვით, არქიტექტურა ყველა ხელოვნების დედა და კონკრეტული საზოგადოების სულის სიმბოლოა.
რაიმე გლობალურმა კატასტროფამ ადამიანი რომ გაანადგუროს, არქიტექტურა კი ხელუხლებელი დატოვოს, შემდგომი თაობები, შენობების მიხედვით დაახლოებით მაინც შეძლებენ წინა ცივილიზაციის სოციალურ-კულტურული სურათის აღდგენას. საქართველო, სავარაუდოდ, ასე დახასიათდება: ავტოკრატიული ქვეყანა ძლიერი ბიუროკრატიით, ფასადური დემოკრატიით, განუვითარებელი ეკონომიკითა და მშიერი მოსახლეობით.
ფოტოალბომ „ახალ საქართველოში“ მხოლოდ 6 ახალი საწარმოა: შოკოლადის ფაბრიკა „ბარამბო“, ლუდსახარში „ზედაზენი“, ყველის საწარმო Cheese.Co, ფოთის მაცივარ-კომბინატი, რუსთავის „ჯეოსტილი“ და ქარხანა „ბერტა“. დიდი ვერაფერი მიღწევაა რვაწლიანი პერიოდისთვის. კატალოგის კიდევ ერთი რუბრიკა უფრო მძიმე რეალობას ასახავს: აგვისტოს ომის ლტოლვილთა გეტოს. ფოტოზე წარწერაა: „ზრუნვა მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“. საცხოვრებელზე ზრუნვის თვასაზრისით, , 90-იანი წლებისგან განსხვავებით, წინსვლა აშკარაა - ახალი მილენიუმის ლტოლვილები უნიფიცირებულ დასახლებაში არიან განთავსებული. ასე რომ, „ახალი საქართველოს“ მიღწევებში ცივილური გეტოების მშენებლობაც შედის.
„ქართული ოცნების“ ბათუმის აქციაზე ერთ -ერთმა ეგზალტირებულმა გამომსვლელმა ბულვარში „გრძელი, ჩაზნექილი სკამები“ მოინატრა. ცოტა არ იყოს „უცნაური“ მეტაფორებით დახუნძლულმა სიტყვამ კიდევ ერთხელ გაამჟღავნა ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელი მდგომარეობა - გაუცხოება, რომელიც სააკაშვილის შექმნილ მშვენიერ დეკორაციაში რიგითი ადამიანისთვის ადგილს აღარ ტოვებს.