დიტო გელოვანი - მიშა გრძელისიტყვა (დამზადებულია ბენდუქიძეში)

დიტო გელოვანი - მიშა გრძელისიტყვა (დამზადებულია ბენდუქიძეში)

არგენტინაში რომ სკოლაში დავდიოდი, აი სკოლა ის იყო! – ბავშვებს გადახედა პეპიმ, - აბა, ის უნდა გენახათ – საშობაო არდადეგები რომ მთავრდება, ზუსტად სამ დღეში სააღდგომო არდადეგები იწყება, სააღდგომო დამთავრდება და სამი დღის შემდეგ საზაფხულო იწყება. საზაფხულო არდადეგები პირველ ნოემბერს მთავრდება. რაც მართალია, მართალია, იმ ხანებში კი უწევთ ხოლმე ბავშვებს მაგარი მუშაობა. იმიტომ, რომ საშობაო არდადეგები მხოლოდ 11 ნოემბრიდან იწყება, მაგრამ ამას კიდევ მოითმენს ადამიანი, რადგან არგენტინაში საშობაო დავალებებს არ აძლევენ ბავშვებს, თუმცა ზოგიერთი არგენტინელი ბიჭი მაინც შეიპარება კარადაში და ჩუმად სწავლობს გაკვეთილებს. ვაი მისი ბრალი, თუ ამ დროს დედამ მიუსწრო.

არითმეტიკას ხომ საერთოდ არ გადიან. თუ რომელიმე ბიჭმა შემთხვევით იცის ხუთი და შვიდი რამდენია და თუ გულუბრყვილოდ წამოცდა გაკვეთილზე, მასწავლებელი მაშინვე დასჯის – მთელი დღე კუთხეში დააყენებს. კითხვას მხოლოდ თავისუფალ დღეებში სწავლობენ. ისიც, თუ იშოვეს საკითხავი წიგნები, მაგრამ საქმე ისაა, რომ, რომ წიგნი იქ არავის აქვს...

(ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”)

 

გაივლის დრო და კედელთან დასახვრეტად მიყენებული აურელიანო ბუენდია გაიხსენებს, როგორ მივიდა მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის “თავისუფალ უნივერსიტეტში”... გაიხსენებს, რა ხდებოდა წინა დღეს – “პირი დაიბანე, წვერი გაიპარსე, თმა დაივარცხნე, კბილები გაიწმინდე. ხვალ პრეზიდენტი მოდის, უკან დაუჯდები. ის ილაპარაკებს, შენ ჩუმად იქნები. ის გაიღიმებს, შენ ჩაიღიმე; ის გაიცინებს, შენ გაიღიმე. ენა დაიმოკლე, თორემ დაგიმოკლებ სტუდენტობას”.

და, მეორე დღეს, სანამ პრეზიდენტი ლაპარაკობდა, იჯდა საწყალი აურელიანო ბუენდია და აკეთებდა არჩევანს კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. პრეზიდენტს ყურს არ უგდებდა, არადა ნამდვილად ღირდა, რადგან ნიუსი – ნიუსია, ნიუსი ფონოგრამაა, ხოლო ის იყო ლაივი და მერე როგორი ლაივი. რა ვიცი... იქნებ ვინმემ მოიფიქროს და მიშას იმდღევანდელი სიტყვა კომპაქტ-დისკის სახით გამოსცეს. სახელწოდება იქნება “დამზადებულია ბენდუქიძეში”.

ნამდვილად ღირდა-მეთქი და, თავად განსაჯეთ:

 

“ჩვენ ვართ რეგიონში მაგალითი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის ასეთი და მაშინ ჩვენ ვერანაირი ავტომრბოლელები მანქანით ვეღარ გადაგვივლიან...”, “ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ დემოკრატია სჭირდება, ყველაზე მეტად ის ილანძღება უშვერი სიტყვებით და ყველაზე მეტად მოუთმენელია სხვა ადამიანის აზრის მიმართ...”, “ერთი მოყვარული ავტომრბოლელია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერში ისტერიულად მბაძავს...”, “ვაი იმ მშობლებს და ვაი იმ პარტიებს, ვინც თავიანთ შვილებს ეუბნება, წადით ეხლა და შაშკინს ოროსნების რევოლუცია მოუწყეთ. რა ეტყობა შაშკინს სუსტი ნერვებისა და ნებისყოფის...”, “ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო...”, “კუკავა, რომელიც 08:00 საათზე იღვიძებს. არ ვიცი 08:00-ზე იღვიძებს თუ არა, მაგრამ რომ გაიღვიძებს “პახმელიაზე” და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე “კურიერის” რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია...”, “ჩვენ რუსეთში “კანონიერ ქურდებსა” და ელექტროენერგიას ვექსპორტირებთ...”. და კიდევ მრავალი და მრავალი სხვა. მარგალიტები, რომლებიც გვესმის.

 

მოსმენა ერთია, გაგება – მეორე. მთავარი მაინც გაგებაა და იმ დღეს დარბაზში მსხდომმა მეცნიერებმა გაიგეს, რომ რამდენიმე საუკუნის წინ ქართველებმა ქვეყანა რამდენიმე კილოგრამ ტალახს გადავაყოლეთ. თურმე, თემურ-ლენგი საქართველოში ნატკენი ფეხის სამკურნალოდ ჩამოსულა. წყალტუბო ურჩიეს, უებარიაო. მაგრამ, წყალტუბოში ყველა სანატორიუმში დევნილები დახვედრია, გამწარებული დაბრუნებულა და გზად ყველაფერი აუოხრებია – ქუთაისის ავტოქარხანა, ზესტაფონის ფერო, ხაშურის “ივერიას” სტადიონი, გორის ბამბეულის კომბინატი, კასპის ცემენტის ქარხანა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი... კიდევ კარგი, ვერ შენიშნა “ბარამბო” და თათა ვარდანაშვილმაც დროულად გამოუტანა სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელი, ერთი ნატკენი, ხოლო მეორე – ჯანმრთელი ფეხისთვის.

 

ასეთია ისტორია. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ თემურ ლენგს წყალტუბოს სანატორიუმებში დევნილები დახვდნენ. ასეთია ისტორია და ისტორიის გაკვეთილებს გათვალისწინება უნდა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ტყუილად არ უხსენებია თემურ ლენგი და წყალტუბო. მოკლედ, დროა წყალტუბოში ჩასახლებულმა დევნილებმა წყალტუბოდან წასვლაზე იფიქრონ. მე კი ერთი რამ მაფიქრებს – ღმერთმა არ ქნას და ხვალ საჭურისი აღა-მაჰმად ხანი რომ დაგვესხას და სამკურნალოდ ორთაჭალაში “პოსეიდონს” რომ მიაკითხოს, მაშინ რა უნდა ვქნათ? ვერ დავიცავით თავის დროზე “პოსეიდონი”, ჩვენი თაობის სირცხვილია ეს...

 

“ლეიბორისტები” დაცული ტერიტორიების შესაძლო გაყიდვის საფრთხეებზე საუბრობენ. გიორგი გუგავა სააკაშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, “შეწყვიტონ საქართველოს სიმდიდრის გაყიდვა და ამის ნაცვლად, თავისი ნაძარცვი ქონების გაყიდვაზე იზრუნონ”. ოჰო... მეთქი, იტყოდნენ, ნაძარცვი დააბრუნეთო და ამათ კიდევ – გაყიდეთო.

 

სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებას ვეთანხმები – დაცული ტერიტორიები სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს. დაკარგვას ისევ გაყიდვა სჯობს. მაგალითად, მიშას დროზე რომ გაეყიდა კოდორის ხეობა, ფული მაინც შეგვრჩებოდა, ახლა კი – არც ფული და არც ხეობა. ახლა, კოდორზე ის გამახსენდა, პირველ კურსზე რესტორანში საათი რომ დავტოვე და მშობლებს რომ ვუთხარი, დავკარგე-მეთქი.

 

დაცული ტერიტორიების საკითხმა გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა და გაგეცინებათ, რომ გაიგებთ სად - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებელი იყო კობა ხაბაზი. ინებეთ ნიუსი:

 

“კობა ხაბაზის თქმით, ქართული ფუტკრის ჯიშის შესანარჩუნებლად, ასეთი ტერიტორიის მოწყობა აუცილებელია. მისი მტკიცებით, დაცული ტერიტორია, დაახლოებით, 5-კილომეტრის რადიუსის უნდა იყოს, სადაც სხვა ჯიშის ფუტკრების გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდება. ასეთ ტერიტორიაზე კი, როგორც ხაბაზი ამბობს, გამოიყვანენ როგორ დედა, ისე მამა ფუტკრებს და გაავრცელებენ. დეპუტატი ამბობს, რომ ქართული ჯიშის ფუტკარი უნიკალურია და იმის გამო, რომ საქართველოს საზღვრებზე ფუტკრების გადაადგილების გაკონტროლება შეუძლებლია, მათ განადგურება ემუქრებათ”.

 

ე.ი. აღნიშნული კომიტეტი არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს ევროპასთან ინტერგრაცია, ბ-ნი ხაბაზი კი ფუტკრებისთვის საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვს. საუბარია ევროპის საზღვრებზე, თორემ ირანში – კი, ბატონო. ირანელი და ქართველი ფუტკრები ოდითგანვე მეგობრობენ.

 

თქვენი არ ვიცი და მე კი ვხვდები, რატომ წამოწია კობა ხაბაზმა ფუტკრების საკითხი – ეტყობა ნინა წკრიალაშვილი ოთარ რამიშვილის სიმღერის რემიქსს ამზადებს. წკრიალაშვილი და ხაბაზი ოდითგანვე მეგობრობენ.

 

ისევ ის გამახსენდა - “ჩვენ რუსეთში “კანონიერ ქურდებსა” და ელექტროენერგიას ვექსპორტირებთ”. მიშას სიტყვებია და იგრძნობა, როგორი თავმდაბალი პრეზიდენტი გვყავს. რატომ მხოლოდ დენი და ქურდები? მაშ – ახალგორი და კოდორი? მაშ – კეხვი ქურთა, ერედვი და თამარაშენი? მაშ – მილიონამდე ემიგრანტი? მაშ – პოლიციის რეფორმა?

 

რამდენიმე წუთის წინ ასეთი ნიუსი წავიკითხე - “ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი “აფხაზეთობა” მიმდინარეობს”. წავიკითხე და კინაღამ გული გამისკდა. კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდეს და რამდენიმე თვეში რუსებს ჩააბარეს. ნუთუ ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც იგივე ბედი ელის? ამაზე ფიქრიც კი არ მსურს და, საერთოდ, ფიქრი ჩვენი საქმე არ არის, ამისათვის შესაბამისი სამსახურები არსებობენ. მაგალითად “აფხაზეთობაზე” სოხუმელი გოგოსა და გალელი ბიჭის ქორწილი გაიმართა და როგორც ჩემი მეგობარი სააგენტო იუწყებოდა, “ქორწილის სცენარი მთლიანად აფხაზური ტრადიციის მიხედვით იყო შედგენილი”. აფხაზური ტრადიციის მიხედვით, ახლადშეუღლებულებს გაბედნიერებას აუცილებლად ულოცავენ მაღალი დონის ჩინოვნიკები. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა – დალი ხომერიკი, გიორგი ბარამია, გიგი წერეთელი... ლოცავდნენ და ულოცავდნენ. გიგი წერეთელმა ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: “საქართველოს ძლიერება ყოველთვის ქართულ-აფხაზურ ოჯახებზე იდგა”.

 

ერთ დროს, იქნებ მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა სხვა დროა და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერება ქართულ-ჰოლანდიურ ოჯახზე დგას, ხოლო ტელეკომპანია “იმედის” მაღალი რეიტინგი ქართულ-უკრაინულ ოჯახზეა დამოკიდებული.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თავისი დატვირთვით” - ეს სიტყვებიც გიგი წერეთელს ეკუთვნის... ქორწილის ამბავში ძირითადი დატვირთვა, როგორც წესი, ღამის საათებზე მოდის ხოლმე, მაგრამ გიგი ექიმია და ვერ შევედავები.

 

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ წარმატებული ზამთრის საფუძველს შეშის წარმატებული დამზადება წარმოადგენს. ნიუსი იყო და ბევრი ვიცინე: “სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესს დღეს კახეთში გაეცნო. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სოფელ პატარძეულის მოსახლეობას შეხვდა და შეშით მომარაგების პროცესი ადგილზე შეამოწმა”.

 

ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ ამოწმებდა ბ-ნი ხაჩიძე შეშით მომარაგების პროცესს. თუ ვინმე წარმოიდგენს, ვთხოვ შედეგები მაცნობოს. ის კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხი უცილობლად მიაგებს საკადრის პატივს ხაჩიძეების საგვარეულოს. მაგ. “პაპუნა ხაჩიძის სახელობის ხუდადოვის ტყე” ან “გოგა ხაჩიძის სახელობის მტკვარი”. როგორც იცით, გოგა ხაჩიძე დილა-საღამოს მტკვარზე ნავით დაცურავს და მდინარეს პოლიეთილენის პარკებისგან წმენდს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზურაბ ხაჩიძისა და “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი კლიპში მოქმედება ტყეში ხდება. ბედნიერი ახალგაზრდები ფეხბურთს ტყეში თამაშობენ, დასდევენ გზასაცდენილ პეპლებს და მათ საყვარელ ოჯახებში აბრუნებენ.

 

გზასაცდენილი მეთერთმეტეკლასელები სკოლებში შაშკინმა დააბრუნა. ბავშვების ერთი ნაწილი დილით სკოლებში წავიდა, მაგრამ თავი ჯერ პარლამენტთან ამოყო, ხოლო შემდეგ – განათლების სამინისტროსთან. ისევე, როგორც ბევრ სხვას, სათაური ამ ნიუსსაც ძალიან სასაცილო ჰქონდა: პარლამენტთან XII კლასელებისა და “ლეიბორისტების” აქცია მიმდინარეობს”. ნაწყვეტი: “თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასების მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოითხოვენ. XII კლასელები “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებთან ერთად პარლამენტის წინ არიან შეკრებილები”.

 

ანუ, წავიდნენ ბავშვები და ფეხდაფეხ მიყვნენ ლეიბორისტები. მერე, ბავშვები წავიდნენ სამინისტროსთან და ლეიბორისტები ფეხდაფეხ გაყვნენ. მერე ბავშვები შევიდნენ სახაჭაპურეში და ლეიბორისტები იქაც მიყვნენ. მერე, ბავშვები წავიდნენ მუშტაიდში სიგარეტის მოსაწევად, ხოლო ლეიბორისტები მუშტაიდში არ შევიდნენ, რამეთუ ლეიბორისტები სიგარეტს არ ეწევიან, რადგან “მოწევა კლავს”, “მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს”, “მოწევა ორსულობის დროს აზიანებს ნაყოფს”, “მწეველები კვდებიან ადრე”.

 

მოკლედ, მოწევა მიზანშეუწონელი რამ არის, ლევან ვეფხვაძეს კი მედიაგამჭვირვალობის საკითხში მხოლოდ მედია მფლობელების ცალკე გამოყოფა მიზანშეუწონლად მიაჩნია. “ეს ძალიან ფაქიზი თემაა” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და კინაღამ დავდნი. თუ ფაქიზი თემაა, სჯობს მასზე მაგდა ანიკაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრონ. როგორც ირკვევა, მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი კი მედიაგამჭვირვალობის 8 მიმართულებას ითვალისწინებს. რა ამბავია რვა მიმართულება! მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსპექტივაში თითო მიმართულებაზე თითო მსუქანი გრანტის გამოყოფა შეიძლება, საკვირველიც კია, რომ ოდენ რვა მიმართულებით დაკმაყოფილდნენ.

ჩემი აზრით, საკმარისი იქნებოდა ერთი მიმართულება – პოლიტიკური პარტიების მფლობელების ვინაობა უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა – ვინ ფლობს გაზეთს, ვინ ფლობს ტელეკომპანიას და, რაც მთავარია, ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას ამ ქვეყანაში, ამ, მე ვიტყოდი, დემოკრატიულ ქვეყანაში.

გასულ კვირას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რაღაც განცხადება გააკეთა. განცხადება – დიდი არაფერი. საინტერესოა, თავად ამ არასამთავრობოთა ჩამონათვალი: “დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი”; “დემოკრატები თქვენი უფლებებისათვის”; “დემოკრატთა კავშირი”; “დემოკრატიის ინსტიტუტი”; ორგანიზაცია “გალავანი”; ”ზნეობრივი ფრონტი”; “ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოცუზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია”...

ასე გადის ცხოვრება – გალავნის ერთ მხარეს ზნეობრივი ფრონტია, გალავნის მეორე მხარეს სააკაშვილი კითხულობს ლექციას. ყველაფერში დამნაშავეა გალავანი. გალავანი რომ არა მთელი ზნეობრივი ფრონტი მიშას ლექციაზე იჯდებოდა და იქნებოდა სოცუზრუნველყოფილი.

“ერთი თავგასიებული ამბობდა... “ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და კახა ბენდუქიძისგან საჩუქრად მაისური მიიღო. მაინც, რამდენი თავგასიებული ცხოვრობს ამ ქვეყანაში? მაინც, რამ გაუსიათ თავები?

 

ისხდნენ დარბაზში გულზე გასიებული პროფესორები, არ იცოდნენ, რა ექნათ და საქმეც იმაშია, რომ არ იცოდნენ. მაშ, რის პროფესორი ხარ? მაშ რას აკეთებ უნივერსიტეტში?

 

.. (პეპი მაგარია) - მაშ, რას აკეთებენ სკოლაში? – განცვიფრებით ჰკითხა ერთმა ბიჭმა.

- სხედან და კანფეტებს აკნაწუნებენ – სწრაფად მიუგო პეპიმ – სკოლის ახლოს კანფეტის ქარხანაა. იქიდან საგანგებო მილია გაყვანილი და ფერად-ფერადი კანფეტები ცვივა. ამიტომაც არა აქვთ ბავშვებს ერთი წუთი მოცლა. სულ პირს აცმაცუნებენ.

(ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”)