ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ხალხს სიმართლეს დაანახვებ, ისინი ყველგან გამოგყვებიან. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს არც აფიშა სჭირდება, არც ბანერები, ადამიანები მას თავისი საქციელის გამო აფასებენ.
„დასვიდანია, მიშა!“ – ამ სახელწოდების კლიპი უკვე გამოჩნდა. ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შინაარსის კლიპი შევარდნაძის გაცილებისას. პირადად თქვენ რას გაგონებთ ეს ფაქტი?
– კლიპი იქნებოდა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიძლება, ვიღაცამ სიმღერით გამოხატა სათქმელი. მე მგონი, ეს ყველაფერი შეფუთეს სუფრით, რომ სუფრაზე მოქეიფე ხალხს ასეთი სურვილი აქვს. სადაც გინდა, წახვიდე, გაპოლიტიზირებულია ყველა და ყველაფერი. ამ კლიპმაც აჩვენა, რომ სუფრაც გააპოლიტიზირეს.
შეიძლება, ეს რამის პრელუდია იყოს?
– საერთოდ, რასაც აქვს დასაწყისი, იმას დასასრულიც აქვს. ადამიანი რაღაცას რომ აკეთებს, ძალა ელევა. არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე კოსტიუმი გეცვას, ადამიანები იცვლიან გარეგნობას, შინაგან აურას. ეს განახლების მომენტია. ის, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა გააკეთა, არ უნდა დავუკარგოთ. ადამიანს არაფერი არ უნდა დავუკარგოთ, არც ავი, არც კარგი. ახლა სააკაშვილს იმის შიში აქვს, ხელისუფლებიდან რომ წავა, სამაჩაბლოს ომის შიში დარჩება. ამის ეშინია, რომ ისტორიაში წაგებული ომით არ დარჩეს.
ოპოზიციისგან ხშირად გვესმის, რომ იგი რუსული პროექტია...
– ახლა რუსეთის აგენტობა ყველას შეიძლება, დააბრალო; მაგრამ, შეიძლება, კაცი აგენტი იყოს და საქართველოს საქმეს აკეთებდეს. კარგი რამ შემახსენეთ ახლა, იცით, როდის ხარ პოლიტიკოსი? როცა შენი ქვეყნის, ხალხის 85% გყავს კარგად და ტერიტორიებიც არ გაკლია, შენს სარწმუნოებასაც არაფერი ემუქრება, დანარჩენი 15%-დან კი ზოგი გიჟია, ზოგი ზარმაცია, ზოგი დაბადებიდანვე „დაუნია“. ძალიან მაგარი პოლიტიკოსი კი მაშინ ხარ, როცა ამ ყველაფერს შენს მტერს აკეთებინებ და შენს მტერს გამოიყენებ შენი ქვეყნის სასარგებლო საქმისთვის.
ჩვენს უახლეს ისტორიაში გეგულებათ ასეთი ხელისუფალი, რომელიც საკუთარ მტერს გამოიყენებდა საკუთარი ქვეყნისთვის? პირიქით, მტრები იყენებდნენ ჩვენს პოლიტიკოსებს.
– ზუსტად ამას ვამბობ, თუ შენი ხალხისთვის მსახურება გადაწყვიტე და ამიტომ მოხვედი პოლიტიკაში, მაშინ არა „პადხალიმობით“, არამედ ღიმილ-ღიმილით, დიპლომატიით, შებერტყილობით, ავანტიურით, შენი მტერი უნდა გამოიყენო, რომ შენი ხალხი კარგად იყოს, ხალხი მშიერი არ გყავდეს. უბრალო რამით შეიძლება მივხვდეთ, რომ ჩვენი ხალხი კარგად არ არის. 27 მაისს თბილისის მიტინგმა დამარწმუნა, რომ ჩვენს ხალხს მატერიალურად უჭირს. უკეთეს შემთხვევაში, მიტინგზე არ მივიდოდნენ, სამუშაო რომ ჰქონოდათ. 500–დოლარიანი საქმე რომ გქონოდა, ან 100–დოლარიანი, მიტინგზე წახვიდოდი?! იმ დღეს გააცდენდი?! აქედან შეიძლება, დაასკვნა, რომ ხალხს ფული არ აქვს, დასაქმებულები არ არიან, თორემ მიტინგზე წასვლის არც შნო და არც ხალისი არ ექნებოდათ.
ლიბია ნავთობის საბადოებით სავსე ქვეყანაა, მაგრამ არაბული გაზაფხული მაინც დადგა. იმ ხალხს მატერიალურად ისე არ უჭირდა, მაგრამ თავგანწირვაზე მიდიოდნენ.
– არაბეთში, იემენში და ასეთ ქვეყნებში სხვა რამ ხდება. მათი ნავთობისა და გაზის წართმევა უნდა სხვას და იმიტომ მიდის ასეთი ქიშპობა და ომი.
ლიბიასა და ეგვიპტეში ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოჩნდა და იდეებს ეწირებოდა.
– ეს იმიტომ, რომ მათ რწმენაზე იმუშავეს. მე ვიცი ჩემი ხალხის, ჩვენი ერის ფსიქოლოგია და მათ შესახებ მოგახსენებთ. სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე დავდივარ. დედას ვფიცავარ, უკრაინაში, აზებაიჯანში ჩემი ყოფნისას ჩემთან მოსულან ქართველები, ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, და უთხოვიათ, იქნებ, მიმტანად დამაწყებინოთ მუშაობა. ისე მეცოდებიან და მრცხვენია, რომ ვერ ვეხმარები. არადა, ჭურჭლის მრეცხავად სურთ დაიწყონ მუშაობა, თუნდაც თურქებთან. მარტო ამითაც შეიძლება მიხვდე, რომ შენი ხალხი არ არის კარგად. ადამიანები გადიან და სხვაგან ეძებენ სამუშაოს, რადგან აქ სამსახური არ აქვთ.
თქვენ აღნიშნეთ, პოლიტიკოსი ისეთი მოქნილი უნდა იყოს, რომ მტერს ღიმილ-ღიმილით დაათმობინოს პოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, ზუსტად ქართველებს გვათმობინებენ ცალკე ტერიტორიებს, ცალკე ადამიანურ რესურსს.
– ეს ნიშნავს, რომ ის სხვები ბევრად მაგარი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ.
აქედან გამომდინარე, როგორ გგონიათ, საქართველოში გამიზნულად მოდიან პოლიტიკაში, რომ საკუთარ ხალხს მოემსახურონ? თუ თავიდანვე მმართველი გუნდის მოქმედება პიარზე იყო გათვლილი?
– უბრალო რამეს გეტყვით და სათქმელი ამ ფრაზით გამოიხატება – შენი ხალხი კი არ უნდა გჭირდებოდეს, არამედ შენი ხალხი უნდა გიყვარდეს. მათ ამ სიყვარულს შენი საქმით დაანახვებ. ხალხს სიმართლე ანახვე და ყველგან გამოგყვება. ძალით თუ სადმე წაიყვან, მართალია, წამოგყვება, მაგრამ ჩუმად მაინც იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელია.
მივადექით არჩევნების თემას და ამ მომაბეზრებელ სოციოლოგიურ გამოკითხვებს?
– ეს გამოკითხვები მართლაც სიაფანდობაა. ვისაც ეშინია, სოციოლოგებს ეტყვის, ხელისუფლებისკენ ვარ, მაგრამ ჩუმად მაინც თავის საქმეს გააკეთებს.
ასევე ფიქრობენ არაქართულენოვან რეგიონებში? მოგეხსენებათ, ზოგადად, ყველა ქვეყანაში ასეა – არამკვიდრი ხალხი შეჩვეულ ხელისუფალს აღიარებს და სიახლეს გაურბის, განსხვავებით – აბორიგენებისგან.
– ეს ყველგან ასეა. შემოსული ერი ყოველთვის მხარს უჭერს მთავრობას. ისინი ფიქრობენ, ახალი ხელისუფალი რომ მოვიდეს, არ გაგვაგდოს. შიშის სინდრომი და ინსტინქტი აქვთ, როგორც დედას ეშინია, ჩემს შვილს არაფერი სჭირს, მაგრამ, ვაითუ, რაღაც სჭირდეს. არაქართულენოვან მოსახლეობაშიც არის გარკვეული ნაწილი, რომელიც თავისას ამბობს, მაგრამ გულში სხვანაირად ფიქრობს და შემოგზავნილად მიაჩნიხარ, თუმცა მათ იციან, არჩევნების ყუთთან როგორ მოიქცნენ. უკვე გითხარით, ადამიანს სიმართლე დაანახვე და ის ყველგან გამოგყვება. ზოგიერთი ადამიანი ისეა გამწარებული, რომ თავს დაგიქნევს, გაგიცინებს, მაგრამ წავა და თავის ვალს საარჩევნო ყუთთან მოიხდის. თქვენს მკითხველს ვეკითხები, თქვენ რომ გქონოდათ 8 მილიარდი, რომელიც ყოველდღიურად ბარტყობს და იმატებს, რას გააკეთებდით? მიეხმარებოდით საქართველოს თუ არა? ყველა იტყვის, რომ მიეხმარებოდა.
სამი წლის წინ ნებისმიერი ადამიანი ფიქრობდა, ნეტავ, ბიძინა იყოს ჩვენი პრეზიდენტი. ოღონდ ბიძინამ ერთხელ მაინც თქვას, მე მინდა პრეზიდენტობა და მას არც აფიშა დასჭირდება, არც ბანერები, მოვიდოდა ხალხი და ისე შემოხაზავდა მის სახელს.
ადამიანებს თავიანთი საქციელით აფასებენ. საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ იქცეოდა ეს კაცი. მკითხველს ისევ ვეკითხები, ერთი მილიარდი რომ ჰქონდეს ადამიანს, რომელი სულელი უნდა იყოს, რომ მან იფიქროს, ჩემს მილიონებს ძველ სისტემაში დავაბრუნებო. პირიქით, მილიონი რომ გაქვს, უფრო გინდა, კარგ სიტუაციაში დახარჯო ეს ფული. ახლა რომ აკეთებენ რაღაც „დურაკულ“ რეკლამებს, შუქი არ იქნება და ამ სისტემაში გინდათ დაბრუნებაო? ესენი ნორმალურები არიან? კაცს მილიარდი აქვს და კიდევ ძველ დროში უნდა დაბრუნება?
ასეთი რეკლამების არავის სჯერა და, საინტერესოა, ვისთვის აკეთებენ? რატომ ხარჯავენ საშუალებებს ასეთ რეკლამებზე?
– მე მგონი, ამით ბატონ ბიძინას პიარს უკეთებენ.
ნაციონალების პიარშჩიკები შეგნებულად მუშაობენ ბიძინაზე თუ შეუგნებლად?
– შეუგნებლად, უვიცები არიან და მათ წისქვილზე ასხამენ წყალს. ახლა, გახედეთ სამარშრუტო ტაქსებზე ნაციონალების ბანერებია, ეს ხომ აღიზიანებს ხალხს? ადამიანი ყოველდღე რომ დავსვათ და ვაჭამოთ ხიზილალა, ტელევიზორშიც ხიზილალა ვაყურებინოთ, ხომ იტყვის, კარგით რა, თავი დამანებეთო?! ხომ ხედავთ, არცერთი ბანერი არ აქვს ივანიშვილს. „ქართული ოცნება“ უკვე თავად არის ბანერიც, რეკლამაც და იმიჯიც. ერთი ამბავი მახსენდება: ფესტივალია და აცხადებენ „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი ოლეგ პოპოვი, ამ დროს კი მეორე პიროვნების შესახებ უბრალოდ გამოაცხადეს: ჩარლი ჩაპლინი. მართლაც, ამ ადამიანს რეგალიები არ სჭირდება, ისევე, როგორც აინშტაინს. ეს კაცი თავად არის ბრენდი.
სად გესახებათ სააკაშვილისა და ნაციონალების ადგილი იმ შემთხვევში, თუ ისინი ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ? შეელევიან კი ხელისუფლების გარეშე არსებობას? მათ ხომ ჩვევაში აქვთ გამჯდარი, რომ ისინი პოლიტიკაში უნდა იყვნენ?!
– კარგით რა... 70 წელი იყვნენ კომუნისტები, ბავშვობიდან, ოქტომბრელებიდან ზრდიდნენ მომავალ კომუნისტებს, ლექსებს ათქმევინებდნენ ლენინზე და ისინი შეელიენ ხელისუფლებას. ერთ რამეს გეტყვით – ახლა მიშამ რომ თქვას, მე მივდივარ პოლიტიკიდან, რა მოხდება? გარემოცვა რას ეტყვის? ძალიან ცუდი ამბავი მოხდება.
მიშასთვის მოხდება ცუდი ამბავი, მისი გარემოცვიდან გამომდინარე?
– ხალხისთვის, ჩვენთვისაც ცუდი მოხდება. ის, ვისაც ცუდი რაღაცეები აქვს ჩადენილი და ამ დროს მიშა ეტყვის, მე მივდივარო, ისინი რას ეტყვიან? სად მიდიხარ? ვისთან გვტოვებ? ვინ უნდა დაგვძიძგნოს?
უცხოეთში გასტროლებზე ჩასვლა გიწევთ. ამბობენ, რომ სააკაშვილი უცხოელების თვალში დემოკრატიის შუქურა აღარ არის, მაგრამ, თუ შუქურა აღარ არის, მაშინ როგორ აღიქვამენ მას უცხოელები?
– რომ არ მოგატყუოთ, უცხოელებს სააკაშვილი მოსწონთ რეფორმებისთვის, პოლიციის რეფორმისთვის. წარსულის პიარი ისევ შემორჩა, მაგრამ საინტერესოა, რომ, ამავდროულად, კითხვას გისვამენ, ყველაფერი კარგია, მაგრამ რატომ ცხოვრობთ ასე ცუდად? რატომ მუშაობენ თქვენები მიმტანებად? შენ ეუბნები, წადით მაიამიში და ნახავთ, რომ მექსიკელიც მუშაობს მიმტანად, ამერიკელიც მუშაობს იაპონიაში მიმტანად. ჩვენი რეალობის მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან მაინც ჩვენი პრეზიდენტია; მაგრამ, ცხადია, მიტინგზე 6-7 საათზე ამდენი ხალხი რომ მოდის, ეს ხალხი დაუსაქმებელია. ამ ადამიანებს კონტრაქტზე რომ ჰქონდეთ ხელი მოწერილი, აქციაზე დასადგომად მოიცლიდნენ? მეორეც, მესმის, რომ არ არის კორუფცია, ქრთამი, მაგრამ მინისტრს რომ 50 ათასი ლარი ხელფასი ექნება, როგორი საცემი იქნება, იცით, რომ კიდევ ქრთამი აიღოს?
მათ პრემიებიც ეძლევათ.
– დიახ, როგორღა უნდა აიღოს ქრთამი, როცა ქრთამი გაპრავებულია და, თუ ადრე მინისტრს აძლევდნენ 500 დოლარს, ახლა ეუბნებიან, მოდი, 50 ათასს ხელფასად მოგცემ. ამიტომ გიჟია, რომ 10 ათასი ქრთამად აიღოს? თუმცა ბაქოში „სოკარის“ ბენზინი 50 კაპიკი ღირს, ჩვენს ფულზე ეს ლარს უტოლდება. საქართველოში კი ბენზინი ორი ლარი და 30 თეთრი ღირს. არადა, აქვეა აზერბაიჯანი, ჩაასხამ ბენზინს და საქართველოში გადმოდიხარ. განა არ არის ეს კორუფცია? არ არის ეს მონოპოლიზირება?
არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სპეციალურად ამშევენ მოსახლეობას, რადგან გაჭირვებული ხალხის მართვა იოლია. ამ ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
– მესმის, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ. ალბათ, თავიდანვე იყო ეს ჩადებული. წინასწარ გეტყვით – მიშას შემდეგ ვინც მოვა, თელასის ტარიფს აუცილებად დასწევს, წყლის გადასახადიც დაიკლებს, ასევე, გაზისა და ნაგვის საფასური. ხალხი იტყვის, რომ სხვა მოვიდა და ყველაფერი გაუმჯობესდა. ერთს უთხრეს, შენ ახლა ბიძინას მხარეს დგახარ, ადრე კი მიშას მხარეს რატომ იყავიო? მან უპასუხა, ვინც მიშას ექიშპებოდა, მის ფონზე ისევ მიშა მერჩივნა, ახლა კი, ბიძინას ფონზე, მიშა აღარ მირჩევნიაო. მაშინ ბიძინაც აფინანსებდა მიშას და მასთან მეგობრობდა. ასე რომ, ბიძინა საითკენაც წავიდა, მეც იქითკენ წავედიო – მიშასთან იყო, მეც იქ ვიყავი, მიშასგან წავიდა, მეც მასთან ვარო. როცა თეატრიდან გამომიშვეს, მაშინ ჩემს მმართველს ვუთხარი, არ გრცხვენია, ბიძინას ხელფასს იღებ-მეთქი.
იმ დროისთვის თეატრის მმართველი მიხეილ ანთაძე 950 ლარს იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან.
– დიახ, თავისი ცოლი, შვილები, დის შვილები, – ყველანი სარგებლობდნენ ამ თანხით. ვუთხარი, ბიძინას გარემონტებულ სცენას აქირავებ, მის მიერ განახლებულ თეატრის კაბინეტში ფულს აკეთებ და კიდევ მაგას ლანძღავ-თქო? ეს უნამუსობაა.
ახლაც იღებს ბიძინას ფულს?
– ახლა არა, მაგრამ ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში აიღო. რატომ აიღო, ოქტომბერშივე ეთქვა, არ მინდა, ძმაო, ეს ფული. თუ ასეთი მაგარია, რატომ თავიდანვე არ თქვა უარი?
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან გაშვებული 40 მსახიობი იმ დროს იქადნიდა, რომ აქციებს არ შეწყვეტდა, რადგან ნოდარ დუმბაძის სული განიცდიდა მსახიობების თეატრიდან გაყრას.
– რა ინსტანციაც იყო, მსახიობებმა ყველა ინსტანციაში დაწერეს წერილი, პროკურატურაშიც, კანცელარიაშიც, სასამართლოებშიც გაგზავნეს, მაგრამ შედეგი არაფერია. ვფიქრობ, ყველაფერი მიზნობრივად გაკეთდა, რომ ხალხი გაღიზიანებულიყო.
რა კრიტერიუმით „გამოხშირეს“ გასაშვებად გამზადებული მსახიობები?
– არავინ იცის, ვეკითხებით კიდეც, რატომ გაგვიშვა? თეატრის ხელმძღვანელი ცუდად მოიქცა. იცრუა, თქვენი გათავისუფლება დამავალესო, ხან გიგის დააბრალა, ხან რურუას, არადა, ჩვენი გაშვება არავის დაუვალებია. მას 300 კაცის ფული ჰქონდა შეჭმული. ღირსეული კაცი ასე მოიქცეოდა, ამ 40 ადამიანის გაგდებას, სამსახურიდან მე წავალ და ესენი დარჩნენო. კაცები ასე იქცევიან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მან თავისი ინიციატივით გაგვყარა.
მაგრამ არავინ არ დაიცვა ის 40 მსახიობი, რომელიც გაყარეს.
– ამიტომაც გაიქცა ეს 40 კაცი იქითკენ, სადაც სიმართლე ეგულებოდათ. ამიტომაც ვთქვი, ხალხს სიმართლე დაანახვე, ყველგან გამოგყვება.
ხელოვანების ორი კატეგორიაა, მათი ნაწილი, ძალიან ცნობილი ადამიანები (მარტო რობერტ სტურუას სახელი რად ღირს), მხარს უჭერენ ახალ ძალას– „ქართულ ოცნებას“, თუმცა ხელოვანების მეორე ნაწილი პირდაპირ ემსახურება ხელისუფლებას, არიგებენ წითელ მაისურებს და მათ აგიტატორებად ქცეულან.
– პირადად მე პარტიის წევრობა რომ შემომთავაზონ, არასდროს შევალ პოლიტიკაში. რასაც მე სცენაზე ვაკეთებ, გულით და კარგად ვაკეთებ. ახლა მოგწონთ, ნუგზარ ერგემლიძე რომ დეპუტატია?! სიმღერას წერდა, გაეგრძელებინა თავისი საქმე.
ასე, რეიგანიც მსახიობი იყო და საბჭოთა კავშირი დაანგრია. მაგრამ პირადად ჩემთვის პოლიტიკა ჩემი საქმე არაა.
ფაქტია, რომ ხელისუფლებასთან სიახლოვე ხელოვანს მორალურად კლავს.
– ნებისმიერი ამ ადამიანის აფიშა რომ გააკრან და სალაროში გასაყიდად დადონ ბილეთები, განა მათ კონცერტზე ხალხი მივა?! როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ნაციონალებში ბევრი მეგობარი ჰყავთ და, როგორც მეგობრებს, ისე ეხმარებიან. შესაძლოა, ის მეგობარიც თავის დროზე დაეხმარა, კონცერტი მოუწყო, ბანკიდან ფული გამოატანინა, ზოგი მათგანი კი დავერბოვკებულია. არ მაქვს უფლება, ისინი გავამტყუვნო ან გავამართლო, მაგრამ მე ასე არ მოვიქცეოდი. გინახივართ ოდესმე ან „ოცნების“ პლაკატებით მერბინოს, ან ნაციონალების პლაკატებით. მე ფრაკი მაცვია და სმოკინგი, მაგრამ ჩემს სათქმელს ვამბობ. არ მომწონს, როცა მინისტრს 40 ათასი ლარი აქვს ხელფასი და ამ დროს ხალხს შია და გარბის საქართველოდან. ჩვენში ადამიანების 85%-ს შია.
თქვენს პროფესიას, ილუზიონისტობასაც შევეხოთ. არაერთგზის გაგიკეთებიათ ე.წ. „სიაფანდური ტრიუკები“. სიაფანდურ ნომრებს არც ჩვენი ხელისუფლება უჩივის.
– ეს ყველა ხელისუფლების სენია. რაც კაცობრიობა არსებობს, ყველა ხელისუფალი იტყუება.
ამერიკელების ლეგენდარული პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონიც მოიტყუებოდა?
– ტყუილზე არ არის ამერიკა აწყობილი? ჩემს ძმაკაცს 400–წლიანი მუხა ურგია ეზოში, მათი ისტორია კი 200 წლისაა. მათი პოლიტიკა ისეა აწყობილი, რომ ყველაზე ძლიერები, მაგრები უნდა იყვნენ ამერიკელები. ყველაზე კარგი მსახიობი, ყველაზე კარგი ილუზიონისტი ამერიკელი უნდა იყოს, მაგრამ იაპონელებსა და ჩინელებს ვერაფერი მოუხერხეს, რადგან ისინი შრომისმოყვარე ხალხია. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ისინი უნდა იყვნენ ლიდერები.
რუსებიც ასე არიან?
– ამიტომაც მოსდით ერთმანეთთან ქიშპობა, რომ დედამიწის ლიდერობა უნდათ.
მოჩვენებით ტრიუკებს დავუბრუნდეთ– ღრუბელ-ღრუბელ ფრენა, ლაზიკის თემა... რა იგრძენით, როცა ამის შესახებ გესმოდათ?
– გამეცინა, ეს ჩვეულებრივი ტრიუკია. ვინც დაიჯერებს – დაიჯერებს. ერთ რამეს გეტყვით, სცენაზე ჭკვიანი მაყურებლისთვის ვმუშაობ. სწორედ ჭკვიანი მაყურებლის შეფასება მაინტერესებს, უნიჭოს შეფასება კი არ მაინტერესებს, რადგან მისთვის არ მიმუშავია. ჭკვიანი მაყურებლისგან ვიზრდები. ზოგჯერ ადამიანები სტალინსა და ჰიტლერს აფასებენ. არადა, დღევანდელი გადასახედიდან უფლება არ მაქვს, შევაფასო სტალინი. ამისთვის იმ პერიოდში უნდა ვცხოვრობდე, 1942-43 წლებში, მაშინ შემეძლება, შევაფასო ეს ადამიანები. ასევე, არ მაქვს უფლება, დღევანდელი გადასახედიდან მუსოლინი შევაფასო. შემიძლია ვთქვა, რომ იგი იყო დიქტატორი, მაგრამ იმ პერიოდისთვის როგორ შევაფასებდი, ეს არის მთავარი.
მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ისტორიას დაძველება უყვარს?
– დიახ, ჰიტლერმა ისიც თქვა, დრო მოვა და თქვენ მე მაღიარებთ. ეს კაცი ეფრეიტორი იყო და გაამწარეს, ისე გაამწარეს, ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდა და ვინც გაამწარა, ყველანი გაზით გაგუდა. მხატვარი იყო, სადაც შევიდა, ყველგან „შპილკები“ დაუდეს, კაცი გაგიჟდა, ვის ხელშია გერმანიაო. ეს გამწარებული კაცის პოლიტიკა იყო.
ალბათ, შინაგანადაც მზად იყო დიქტატორობისკენ, თორემ გამწარებული კაცი ამდენ ბოროტებას ვერ ჩაიდენდა.
– შინაგანადაც ვერ იყო. ამიტომ ამ გადასახედიდან რთულია შეფასება.
თავის დროზე თქვენ ქართლის დედის ქანდაკება გააქრეთ. თბილისში გეგულებათ ისეთი ნაგებობა, რომლის გაქრობასაც ისურვებდით? რა არის ზედმეტი ჩვენი ქალაქისთვის?
– ეს ტრიუკი რომ უნდა განმეხორციელებინა, მოძღვარმა მითხრა, არ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, ეკლესიაში შეხვიდე და წმინდანზე თქვა, უნდა გავაქროო. ქართლის დედა ჩვენი სიმბოლოა, ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთებაო. ქართველი კაცი ამას არ იტყვის, რომ მე უნდა გავაქრო ქართლის დედა. მართლაც, ეს სწორია. შემდეგ ავხსენი, წიგნშიც დავწერე, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, მოგვიანებით ეს ტრიუკი ჩემს მოსწავლეებს გავაკეთებინე. დღესაც, ქვეყანაში რაც კეთდება, კარგია. ოჯახში შემოტანა უფრო კარგია, ვიდრე გატანა, მაგრამ რის ხარჯზე? მშიერი ადამიანები რომ დადიან, არ მინდა. ადამიანები აქედან არ უნდა გარბოდნენ. ხანდახან ვფიქრობ, რუსეთში წასასვლელად რატომ არის საჭირო ვიზები? იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი არ გაიქცეს და ჩვენი ქვეყანა ჩვენს მტრებს არ დარჩეთ.
მაშინ რატომ შემოდიან ჩინელები, თურქები?
– მაგრამ რუსეთში გასამგზავრებლად ვიზა რომ არ იყოს საჭირო, ხომ უფრო მეტი წავიდოდა?
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის გატაცება თვითმფრინავით ფრენაა. როგორც ვიცი, თქვენ ავიაკონსტრუქტორი იყავით.
– თვითმფრინავები ბავშვობიდან მიყვარს. ახლაც მაქვს სახლში მოდელები, რომლებიც დაფრინავენ და ახლაც ვაკეთებ თვითმფრინავებს. სახელოსნო მაქვს, რეკვიზიტები. მოვა დრო და ყველაფერს პასუხი გაეცემა. სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია, გაერთობა, რად უნდა სკამი?! მაგრამ სამაჩაბლოს ომს დღემდე განიცდის. რუსმა დაიწყო, მაგრამ ის ასეთ პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა. მახსოვს, რუსები პროვოკაციაზე შევარდნაძესაც აგებდნენ პანკისის ხეობაში და არ წამოეგო. მეტიც, შევარდნაძემ აქო მოწინააღმდეგე, კარგი კაციაო, რადგან მიხვდა, რომ ატყუებდნენ. ჩემი აზრით, სააკაშვილი ისე „ხიტრი“ არ არის, ასეთი რომ ყოფილიყო, ვერ წამოაგებდნენ. არადა, ვიღაცებს დაუჯერა.