ფოთში სოიოს გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა

ფოთში სოიოს გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა

,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, ქ.ფოთში შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ თანამედროვე სტანდარტების სოიოს გადამამუშავებელი ახალი საწარმო გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათანი აგროკრედიტის პროექტის“ დახმარებით, შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ 600,000 აშშ დოლარის კრედიტი „ხალიკ ბანკი საქართველოსგან“ აიღო. პროექტის ფარგლებში, კომპანიას სესხის საპროცენტო განაკვეთს (10.75%) პროექტების მართვის სააგენტო დაუფარავს. შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ სოიოს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის და თანამედროვე დანადგარების შესაძენად, საერთო ჯამში 2,300,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თანამედროვე სტანდარტების სოიოს გადამამუშავებელი ქარხანა აღჭურვილია უახლესი ევროპული პრესებით და გადამამუშავებელი დანადგარებით. ქარხანა სამი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, კერძოდ: ტოსტირებულ სოიოს, კოპტონს და სოიოს ზეთს. თანამედროვე დანადგარები დღეში 100 ტონა ნედლეულის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

ახალ საწარმოს დათვალიერებისას, სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა სტუმრები სოიოს გადამუშავების პროცესსა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპი“ 2005 წლის 28 ივლისს დაარსდა. კომპანიაში 68 ადამიანია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 1000 ლარამდეა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობა – ტრეიდინგი. კომპანიის სანედლეულო ბაზარი ამ ეტაპზე პოსტსაბჭოთა სივრცის სამ ქვეყანას: უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთს მოიცავს. შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპი“ წარმოებული პროდუქციის გატანას სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გეგმავს. დღეისათვის, კომპანია სოიოს, მზესუმზირის, სიმინდის, ხორბალისა და ქერის, ასევე გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო. პროექტში ჩართულია 13 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ფერმერებისთვისაა გათვლილი, თავდაპირველად სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ფერმერთა და მეწარმეთა ინტერესებიდან, ასევე საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროექტს დაემატა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კომპონენტი.

2013 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, 1–ლი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. მე-2 კომპონენტში 4,929 ბენეფიციარზე გაცემულია 99,422,672.47 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 334 ბენეფიციარზე სულ გაიცა 36,908,098.43 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, აქედან 53 ახალი საწარმოა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ დაემატა მე-4 კომპონენტი - აგროლიზინგი. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროლიზინგი ჯერ არ გაცემულა.
რთველის პერიოდში, პროექტს დაემატა მე-5 კომპონენტი. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ყურძნის შესაძენად ძირითადად მეხუთე კომპონენტით ისარგებლეს. 48 საწარმომ ჯამში 52,370,629 ლარის კრედიტი აიღო.

უკვე ერთი თვეა რაც პროექტს დაემატა მე-6 კომპონენტი, რომელიც მანდარინის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. ამ კომპონენტის ფარგლებში, მანდარინის გადამამუშავებელ საწარმოზე უკვე გაიცა 400 ათასი ლარის კრედიტი.