სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ციტრუსის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრნენ.  შტაბის წევრებმა ცირტუსის რეალიზაციასთან  დაკავშირებით  დეტალური ანგარიში წარმოადგინეს.

ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად,  ციტრუსის ექსპორტი განახლდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით. დღეის მონაცემებით, 30 000 ტონამდე ციტრუსის  ექსპორტი უკვე განხორციელდა. არსებული მონაცემებით, სახმელეთო გზებით (ლარსისა და წითელი ხიდის გავლით)  ყოველდღიურად ექსპორტზე  1000 ტონამდე მანდარინი გადის. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა გაიზარდა  უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე.

 შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, შალვა ფიფია და არჩილ ხაბაძე  გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ პავილიონში იმყოფებოდნენ, სადაც მანდარინის დახარისხებისა და საექსპორტოდ დაფასოების პროცესს დაესწრნენ. აღნიშნულ პავილიონში გონიოსა და მიმდებარე სოფლებიდან ციტრუსის მიღება  აქტიურად მიმდინარეობს.

გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტიდან უკვე ექსპორტირებულია 600 ტონამდე მანდარინი. სეზონის დასრულებამდე აღნიშნული პავილიონდან რუსეთის მიმართულებით 1000 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდება.