22 და 25 დეკემბერს, ძველი თბილისის კოლორიტულ უბანში, სიონის სკვერსა და ბამბის რიგზე საახალწლო ფესტივალი გაიმართება, რომლის ძირითადი ღონისძიება „მარნეულის მურაბის დღე“ და „ნაძვის ხეების გამოფენა იქნება“. ფესტივალის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, თბილისის მერია და „მეიდან ჯგუფი“.
22 დეკემბერს, „მურაბის დღეს“ 12:00 საათიდან 20:00 საათამდე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია, ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურ ფასად გაიყიდება. მარნეულის პროდუქციასთან ერთად, „მურაბის დღის“ დროს გამართულ დეგუსტაციასა და საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და ბრენდები: სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და „ვენდისი“, „აზატოს“ საცხობი, ყავა “ლავაცა“ და სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, ვინც სტუმრებს თაფლით, ჩირით, ტყლაპით, გოზინაყით, ნამცხვრებით, კანფეტებით, ჩაით და გლინტვეინით გაუმასპინძლდებიან. აქვე შესაძლებელი იქნება ხელნაკეთი ნივთების შეძენაც.
„მურაბის დღეს“, სიონის სკვერში მოსული სტუმრები ტკბილ, ამევე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და გასართობი პროგრამა ელოდებათ. თქვენ აქ შეხვდებით საყვარელ ზღაპრის გმირებს. მულტი-პულტის სამყაროს პერსონაჟები: კარლსონი, მიკი და მინი მაუსები, ვინი, შრეკი და ფიონა, პლუტო, ფიფქია, მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებენ ქუჩებში და გაახალისებენ პატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ანა ჩანგიანის ხელოვნების სახლის ბავშვების ჩვენება, - პატარა მოდელები თექისგან დამზადებულ ზამთრის კოლექციას წარადგენენ.
ნაძვის ხეების გამოფენა
22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე, ბამბის რიგის ტერიტორიაზე გაიმართება ნაძვის ხეების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ბრენდირებულ ნაძვის ხეებს წარმოადგენენ. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ საუკეთესო მასპინძელი კომპანია და ხმა მისცენ მათთვის ყველაზე მოსაწონ ნაძვის ხეს. გამოფენის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 25 დეკემბერს, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში.