საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, ადვოკატებმა დიმიტრი გაბუნიამ და მამუკა მდინარაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გია ხუხაშვილის მიერ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის და მუქარის ფაქტები იქნა სააშკარაოზე გამოტანილი.
ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა ,,საქართველოში ადვოკატთა კორპუსის დევნის ახალი ტალღა დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის წევრის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ პრემიერ - მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის გია ხუხაშვილის მიერ განხორციელდა ზეწოლა. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც მან ახსენა გია ხუხაშვილის გვარი, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას დაურეკა პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა და დაემუქრა. ასევე, ადგილი ჰქონდა ადვოკატების დიმიტრი გაბუნიას, მამუკა ღვინიაშვილის და პაატა სალიასთან შეხვედრის ფარულ ჩანაწერას. რის შემდეგ იგი შეეცადა კლიენტთან ადვოკატის დისკრედიტაციას.
ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა თავისი თანამდებობა გამოიყენა თავისი საქმიანობისთვის რაც ამაზრზენი ფაქტია. პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციაში არ შედის კერძო დავებში მონაწილეობა“.
პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა როგორც ერთ–ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანამდებობის პირმა განახორციელა მუქარა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან მიმართ, გამოიყენა თავისი თანამდებობა ბოროტად, სავარაუდოდ მიიღო მონაწილეობა კორუფციულ გარიგებაში და ასევე დაარღვია გაეროს ძირითად პრინციპები, ადვოკატის როლის შესახებ. – 16 მუხლი.
ზაზა ხატიაშვილმა ასევე აღნიშნა– ,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივმართავ მთავარ პროკურორს ეფექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. მთავარმა პროკურატურამ გია ხუხაშვილს უნდა დაუსვას ერთადერთი კითხვა, - შედიოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციებში კერძო დავების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადვოკატებთან მოლაპარაკებების წარმოება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აუცილებლად მივმართავ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვ მონიტორინგის განხორციელებას გამოძიების პრიცესზე“.
გაეროს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ:
16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :
ა). შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
ბ). შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და
გ). თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში.