კახი კალაძემ მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

კახი კალაძემ მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

როგორც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კობი-გუდაურის განახლებული გზის მონაკვეთის გახსნისას განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ესაა სტრატეგიული გზა, რომელსაც 2 ათეულ წელზე მეტია, რეაბილიტაცია არ შეხებია, ახლა კი ფართომასშტაბიანი, უმნიშვნელოვანესი სამუშაოები ჩატარდა.

„აქ ამ რეგიონში, მოსახლეობის დასაქმების მხრივ გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა, სხვადასხვა სამუშაო ადგილების შექმნა დიდი საქმის დიდი დასაწყისია. საქართველოს უამრავ პრობლემათა შორის ერთერთი უმთავრესი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გახლდათ უსისტემო მიგრაცია, სოფლიდან, მთიდან, მეტიც – ქვეყნიდან.

გზის, კომუნიკაციების, შუქის და გაზის გარეშე მყოფი საქართველოს რეგიონები, სოფლები თითქმის დაცლილია ახალგაზრდობისგან, შრომისუნარიანი მოსახლეობისგან, ზოგი ცდილობს თბილისს და რამდენიმე სხვა დიდი ქალაქს შეეკედლოს, ზოგი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწა, საარჩევნოდ ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს არასდროს დამავიწყდება როგორ გაპარტახებულ სოფლებს ვნახულობდით, ჩარაზული, მიტოვებული სახლები, ნასახლარები და რამდენიმე დავიწყებული მოხუცი წარმოუდგენელ გაჭირვებაში.

დიახ, ჩვენ ასეთი საქართველო ჩავიბარეთ და ხაზს ვუსვამ, ეს იყო საქართველოს რეალური სავიზიტო ბარათი და არა უცნაური მშენებლობები და გრანდიოზული კონცერტები.

ამ წლების მანძლზე არსებულმა უყურადღებობამ, ხელისუფალთა გულგრილობამ პრობლემასთან მიმართებაში თითქმის დაცალა რეგიონების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ან რთულ კლიმატურ ზონებში არსებული დასახლებები.

ეს არის სამწუხარო რეალობა და ჩვენ ამის გამოსასწორებლად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ბევრი კარგი საქმე დაიწყო და დაიგეგმა ამ ერთი წლის მანძილზე.

ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში თითოეული ადამიანი იყოს დასახლებული, დასაქმებული და მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება. ჩვენთვის პრიორიტეტია ყოველი მოქალაქის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, კომფორტი.

უცხოეთში წასვლა უნდა ხდებოდეს პროფესიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ან უბრალოდ სამოგზაუროდ.

ჩვენ მალე გავხდებით წარმატებული ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე სოციალურად იქნება უზრუნველყოფილი, სადაც სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ საბაზო ვალდებულებას, რაც აკისრია მას და საზოგადოება ექნება მუდამ განვითარების, წინსვლის სტიმული და სტაბილური კეთილდღობის განცდა. ესაა ჩვენი საოცნებო საქართველო და ამ დიდი საქმის კეთების შემადგენელი ნაწილია, თუნდაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.

რეაბილიტირებული გზის სიგრძე 20 კილომეტრს შეადგენს და მისი გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის მინისტრები და ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი ესწრებოდნენ.