სათვალთვალო კამერებს “სილქნეტის” ნაცვლად “დელტა კომმი” დაამონტაჟებს

სათვალთვალო კამერებს “სილქნეტის” ნაცვლად “დელტა კომმი” დაამონტაჟებს

თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა, 28 ოქტომბერს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “სილქნეტს" სათვალთვალო კამერების მოწყობაზე უარი უთხრა და სამუშაოების განხორციელების ”დელტა კომმს” გადასცა.

როგორც მერია აცხადებს, ამ გადაწყვეტილების საფუძველი კომპანია “დელტა კომმის” შეთავაზება გახდა. კომპანიამ, რომელიც 28 ოქტომბრის ტენდერში დამარცხდა, რადგან მის მიერ სატენდერო კომისიისთვის დასახელებული პირობებით “სილქნეტის” შეთავაზება ვერ გადაფარა, მოულოდნელად “უცნაური” გადაწყვეტილება მიიღო და მერიას სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულება შესთავაზა. მერია გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად სწორედ “დელტა კომმის” “ფინანსურად ხელსაყრელ” შეთავაზებას ასახელებს, რეალურად კი მერიას სამუშაოების შემსრულებლად თავიდანვე “დელტა კომმი” ჰყავდა გათვალისწინებული და ამაზე ის გარემოებები მიუთითებს, რაც ტენდერის წინ შეიქმნა.

იმის თაობაზე, რომ მერია “დელტა კომმს” ლობირებდა და ტენდერის პირობები “დელტა კომმზე” იყო მორგებული, პრესა უკვე წერდა. მერიის მხრიდან ლობირება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ “დელტა კომმი” ერთადერთი კომპანია იყო საკომუნიკაციო ბაზარზე, რომელსაც ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებული ჰქონდა. მას მერიის პირობის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ განათების ბოძებიდან შუქნიშანთან კაბელის მიყვანა სჭირდება, რისთვისაც სხვა კომპანიებს მთელი სამუშაო ნულიდან ჰქონდათ დასაწყები. თუმცა, მერიამ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილე, “დელტა კომმის” კონკურენტ კომპანიებს, მხოლოდ ერთი თვის ვადა მისცა. ანუ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტენდერში სწორედ “დელტა კომმს” უნდა გაემარჯვა. მაგრამ მერიამ ყველასგან მოულოდნელად 28 ოქტომბერს ტენდერში გამარჯვებულად “სილქნეტი” დაასახელა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდა და მერიის პროტეჟე კომპანია “დელტა კომმი” დამარცხდა. თუმცა, როგორც მოიგვიანებით გაირკვა, მერიამ `სილქნეტს” მხოლოდ იმიტომ გაამარჯვებინა, რომ პრესაში ატეხილ ხმაურს მოერიდა. საბოლოოდ კი სამუშაოების განმახორციელებლად ისევ “დელტა კომმი” მოგვევლინა.

“დელტა კომმა” მერიის ადმინისტრაციის უფროსს წერილით 31 ოქტომბერს მიმართა. წერილში კომპანია მერიას ატყობინებს: “როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენ კომპანიასა და თბილისი მერიას შორის წლების მანძილზე ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ქ. თბილისის ბიუჯეტური სახსრების დაზოგვის მიზნით გთავაზობთ, თქვენი საჭიროებისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით კომპლექსურ საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას უფასოდ ან სიმბოლურ ერთი ლარის ღირებულებით 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით".

გამოდის, რომ კომპანია თანახმაა, სამუშაოები, რომელიც 2 მილიონ ლარზე მეტი ჯდება, თანახმაა უფასოდ გააკეთოს. მერიას ამ სამუშაოებისთვის 2,2 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

მომსახურება წლის ბოლომდე დედაქალაქში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას 50-მდე მუნიციპალურ შენობაზე და აგრეთვე, 100-მდე შუქნიშანზე, რომლებიც თბილისის მერიამ თბილისის ქუჩებში დამატებით უნდა განათავსოს. ვიდეოკამერების დამონტაჟებისა და ამისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად მომსახურება ითვალისწინებს მერიის ადმინისტრაციული შენობის მიერთებას ორი 10გბ/წმ ლინკით თბილისის გზებზე მოძრაობის მართვისა და მონიტორინგის სისტემებთან(96 სერვის-წერტილი), მერიის მუნიციპალიტეტებთან(33 სერვის-წერტილი). გარდა ამ სამუშაოებისა, “დელტა კომმი” მერიას დამატებითი წერტილებთან მიერთებასაც სთავაზობს, რომელიც მზადაა ასევე უფასოდ განახორციელოს.

მერიამ ტენდერში გამარჯვებულ “სილქნეტსა” და კიდევ ერთ მონაწილე კომპანია “ლუნეტს” 13 ნოემბერს შეთავაზების ხელახლა წარსადგენა შესთავაზა და ამისთვის 3 დღის ვადა მისცა. თუმცა, იქვე აცნობა, რომ უფასო მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში ხელშეკრულებას პრეტენდენს რიგითობის მიხედვით გაუფორმებდა, ესე იგი ისევ “დელტა კომმს” მიანიჭებდა უპირატესობას და ტენდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტდა, თუ მათ უკეთესი წინადადება ექნებოდათ. რაც თავისთავად შეუძლებელი იყო- უფასოზე უკეთეს ვარიანტს ცხადია, მას ვერავინ შესთავაზებდა და “დელტა კომმი” უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდა.

ასეთივე უცნაურ გარემოებაში მიანიჭეს უპირატესობა “დელტა კომს” მერიის მიერ ჩატარებულ სხვა კონკურსებშიც. გამარჯვებისთვის ნიადაგს ამ კომპანიას თვითონ მერია უმზადებდა. თბილისის ქუჩებში არსებულ გარე განათების ბოძებამდე საკომუნიკაციო კაბელები მიიყვანის სამუშაოებიც მერიის დაკვეთით “დელტა კომმა” განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი შარშან გაზაფხულზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა საკომუნიკაციო კომპანიას ჰქონდა. მაგრამ მოულოდნელად მერიამ ტენდერი გააუქმა და მის ნაცვლად აუქციონი ისე ჩაატარა, რომ კომპანიებმა ამ ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის გამო მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანია “დელტა კომმა” მიიღო და უკონკურენტო გარემოში ადვილადაც გაიმარჯვა. შესაბამისად, მერიასთან 10-წლიანი ხელშეკრულება საკმაოდ იაფად მოიგო. შპს “დელტა კომმი” მერიის მიერ ჩატარებულ ყველა ტენდერში ფიგურირებს. ის ახორციელებს მერიის პროგრამას თბილისი ლოვეს ჱოუ, რომელიც დედაქალაქში უფასო ინტერნეტის მიწოდებას გულისხმობს. მერიამ ეს კომპანია წელს უკვე 8 ტენდერში დაასახელა გამარჯვებულად და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კონტრაქტი გაუფორმა.

როგორც ჩანს, “დელტა კომმა” ამჯობინა 2,2 მილიონი ლარზე ამჯერად უარი მერიასთან სამომავლოდ “ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობის” გაგრძელების იმედით ეთქვა. თავის მხრივ, მერია პრესის “გაცურებას” შეეცადა და `სამართლიანი” ტენდერის ილუზია შექმნა, თუმცა, წარუმატებლად.