ისე მოხდა, რომ სხვის ომებში მონაწილეობის მიღების სამწუხარო ისტორიული ტრადიცია ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ოფიციალური სახელისუფლო ვერსიით, ნატოს სამხედრო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვა ნატოსკენ მიმავალ გზას ამოკლებს, თუმცა ნატოელი და მათთან ხმაშეწყობილი ამერიკელი მაღალჩინოსონები არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მსოფლიო დემოკრატიისთვის გაღებული წვლილია და ამას საქართველოს ნატოში წევრობა-არწევრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა, ამის პარალელურად, არც მადლობის სიტყვებს იშურებენ და, თუ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს გავითვალისწინებთ, ქართველი სამხედროები, რომლებიც ახლა უკვე ავღანეთის დემოკრატიულობისთვის სწირავენ თავს, ჩვენს ხელისუფლებას დემოკრატიული იმიჯის გაკეთილშობილებაში ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ.
ოფიციალური მონაცემებით, უკვე ჩვიდმეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში და, რადგან ქართველები, ძირითადად, ჰელმანდის, ავღანეთის ყველაზე „ცხელ“ პროვინციაში მსახურობენ, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ 17-ზე არ შეჩერდეს. იმ მიზეზით, რომ თავდაცვის სამინისტრო თითქმის ჩაკეტილი სტრუქტურაა და ნებისმიერ ინფორმაციას ტაბუს ადებს, „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაცია დახურულია, სამაგიეროდ, აბსოლუტურად გახსნილია „აისაფის“ ოფიციალური ვებ-გვერდი, რაც საინფორმაციო შიმშილის დაძლევაში დაგვეხმარება.
„აისაფის“ ოპერაციაში, რომელიც ავღანეთში 2001-წლიდან მიმდინარეობს, სულ 29 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს (90 000 სამხედრო მოსამსახურე), შემდეგ – დიდი ბრიტანეთს(9 500 სამხედრო მოსამსახურე), გერმანია 4 900 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი, საფრანგეთი – 3 308, ესპანეთი – 1 481, თურქეთი – 1 327, ავსტრალია – 1 550, დანია – 692, კანადა – მხოლოდ 508, სომხეთი – 126, აზერბაიჯანი – 94, ხოლო მას შემდეგ, რაც იქ საქართველო, დაპირებისამებრ, დამატებით ძალებს გააგზავნის, ქართველი სამხედროების რაოდენობა 1 700-მდე გაიზრდება და, თუკი დღეს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, სამხედროთა რაოდენობით, პირველობას მხოლოდ ავსტრალიას ვუთმობთ (1 550 სამხედრო მოსამსახურე), უკვე მყარად დავიკავებთ საპატიო პირველ ადგილს.
ამ ათი წლის განმავლობაში ავღანეთის „აისაფის“ ოპერაციაში 3 113 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და, იმის მიუხედავად, რომ ოპერაცია 2001-წლიდან მიმდინარეობს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 2005-წლიდან იზრდება: 2005 წელს ავღანეთში 131 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 2006 წელს – 191, 2007 წელს – 232, 2008 წელს – 295, 2009 წელს – 521, 2010-ში – 711, 2011-ში – 566, ხოლო 2012 წელს უკვე 266 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
ყველაზე დიდი დანაკარგი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ჰყავს – 2 069 სამხედრო მოსამსახურე, დიდ ბრიტანეთს – 422, კანადას –159, საფრანგეთს – 86, გერმანიას – 53, იტალიას – 47, დანიას – 42, პოლონეთს – 35, ესპანეთს – 34, ავსტრალიას – 33, ნიდერლანდებს – 25, რუმინეთს – 19, საქართველოს – 17…
ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილებად ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციები ითვლება. მათ „სიცხელეს“, ბუნებრივია, მსხვერპლის ოდენობა განაპირობებს. ამ პროვინციაში 835 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული, ხოლო ყანდაარში – 497. ქართული სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი ჰელმანდის პროვინციაშია დისლოცირებული (ისინი იქ ამერიკელებთან ერთად იბრძვიან) და სწორედ იქ დაიღუპა ჩვენი 17-ვე სამხედრო მოსამსახურე, მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი შენაერთი კი ქაბულის აეროპორტის მიდამოებშია ბაზირებული (სადაც ფრანგებთან ერთად არიან).
ქართველი დაჭრილების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ვიგებთ, იმ შემთხვევაში, თუ ის ჭრილობების გამო იღუპება ან მის სანახავად „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე მიდის.
რატომ დათანხმდა ხელისუფლება ქართული კონტინგენტის ყველაზე ცხელ პროვინციაში
რატომ მსახურობენ ქართველები, მაინცდამაინც, ჰელმანდის პროვინციაში და შეიძლებოდა თუ არა მათთვის შედარებით უსაფრთხო ადგილის გამონახვა ავღანეთში, მით უფრო, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის (ესე იგი, არ აქვს „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილეობის მიღების ვალდებულება) და ზოგიერთი არაწევრი ქვეყანაც კი მხოლოდ სიმბოლურად იღებს მონაწილეობას (სხვათა შორის, იმავეს თქმა შეიძლება ნატოს წევრ ქვეყნებზეც, რადგან, მაგალითად, ნატოს წევრ წევრ ესტონეთს – 153 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ლიტვას – 245, ლატვიას – 175)?!
ირაკლი ალადაშვილის აზრით, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე თანხმობა განცხადა, რომ სწორედ ჰელმანდის პროვინციაში გაეგზავნა თავისი კონტინგენტი. ირაკლი ალადაშვილი: „ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ამართლებს: ჩვენ არა მარტო მიმღებები უნდა ვიყოთ ნატოსგან, არამედ გამცემებიცო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით მე მხოლოდ გაცემას ვხედავ. ნატოს ოპერაციებში 2009-წლიდან ვაგზავნით კონტინგენტს და ამას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოუტანია. უფრო მეტიც – ჩვენი 2 000 სამხედრო ერაყში იყო, როდესაც მტერი გვიტევდა. ის ბრიგადა, რომელიც გორში უნდა მდგარიყო, იდგა ერაყში. გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დღეს 1 700-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნო საქართველოდან შორს?!“
ირაკლი ალადაშვილის პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია და ის თავის პოზიციას ორი არგუმენტით ამყარებს: „ჯერ ერთი, ეს 1700 სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სახმელეთო ჯარების, დაახლოებით, 10 პროცენტია. ამასთან, როტაციის დროს მათი ბრძოლისუნარიანობა ეცემა. მეორე – შესაძლოა, უცბად დაგვჭირდეს მათი ჩამოყვანა. განსხვავებით ერაყისგან, როდესაც ამერიკელებმა სამ დღეში მაინც მოახერხეს ჩვენი კონტინგენტის ჩამოყვანა, დღეს ეს უფრო რთული იქნება, რადგან, თუ ერაყში ჩვენები, ძირითადად, განთავსებული იყვნენ ალკუტის აეროპორტის სიახლოვეს და მათი შეყვანა იმ ძირითად აეროდრომზე მეტნაკლებად ადვილი იყო, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აეროდრომის პრობლემაა“.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის აეროპორტის ტერიტორიაზე თავმოყრა მოხერხდა, მათი საქართველოში ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე თვითმფრინავია საჭირო, რადგან თითოში მხოლოდ 300-300 სამხედრო მოსამსახურე თუ დაეტევა თავის აღჭურვილობიანად.
ირაკლი ალადაშვილი: „მათი აეროდრომებამდე მიყვანაც სახიფათოა, რადგან თალიბები დაინახავენ ამ აქტიურობას და გზებზე დივერსიული აქტების მოწყობას შეეცდებიან. მეორე მხრივ, ცალკე პრობლემაა მათი გადმოყვანა საჰაერო გზით. ავღანეთის საზღვარი პირდაპირი ხაზით, დაახლოებით, 1500-კილომეტრითაა დაშორებული საქართველოს საზღვრიდან, მაგრამ თვითმფრინავები, როგორც წესი, პირდაპირი ხაზით არ დაფრინავენ. ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება გამორიცხულია, ამერიკული თვითმფრინავები ირანზე ვერ გადმოფრინდებიან. ყველაზე ახლოსაა თურქმენეთი, ასევე, შესაძლებელია, უზბეკეთი-ყაზახეთის საჰაერო გზების გამოყენება. თუ რუსული აგრესია დაიწყება, ბუნებრივია, ჩვენები მოინდომებენ ჰელმანდიდან სამხედრო კონტინგენტის გამოძახებას, მაგრამ უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთის ზეწოლით შესაძლოა, ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტონ“.
ნატოს სამხედრო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ერთ-ერთ გამართლებად და აქედან მიღებულ ხეირად მათ მიერ სამხედრო გამოცდილების მიღება სახელდება. ამ ფაქტს არც ერთი სამხედრო ექსპერტი არ უარყოფს, თუმცა საკითხი – შეესაბამება თუ არა ქართველი სამხედროების მიერ, თავდაპირველად, ერაყში, ახლა კი, ავღანეთში მიღებული სამხედრო გამოცდილება საქართველოს წინაშე არსებულ სამხედრო საფრთხეებს – ბუნდოვანია.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართვლობის პერიოდიდან ახორციელებს, ქართველ სამხედროებს ამერიკისა და ნატოს სამხედრო ამოცანების შესასრულებლად ამზადებს (ცნობისთვის: საქართველომდე ანალოგიური პროგრამა ამერიკელებმა ნიგერიაში განხორციელეს). ეს ფაქტი დავით თევზაძემაც აღიარა, ოღონდ მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ. იგივე ითქმის ავღანეთში მიმდინარე „აისაფის“ ოპერაციაზეც. როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ავღანეთში გადასროლის წინ ქართველი სამხედროები მომზადებას გადიან ადგილზე. შემდეგ მათ აგზავნიან გერმანიაში სპეციალური მომზადების ცენტრში, სადაც ამერიკელები და ოპერაციაში მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედროები ემზადებიან ავღანეთში წასასვლელად და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან ისინი, ყველანი, ავღანეთში, მაგრამ ამ მომზადებას აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება: მომზადება ასიმეტრიული ომისთვის, ანუ იმ ანტიპარტიზანული მოქმედებებისთვის, რაც ავღანეთში ხდება.
ირაკლი ალადაშვილი: „ასიმეტრიული მომზადება ნიშნავს, რომ ერთ მხარეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თალიბებს, თითქმის არაფერი აქვთ ავტომატის, ყუმბარსატყორცნისა და ასაფეთქებლის გარდა, „აისაფის“ ძალებს კი აქვთ ყველაფერი: კოსმოსური თანამგზავრები, უპილოტო თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია.. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში ბრძოლებში იღებენ მონაწილეობას, მუდმივად აქვთ საჰაერო დახმარების იმედი. არადა, ჩვენს ტერიტორიაზე რომ მოგვიწიოს ბრძოლა, ვინ დაგვეხმარება – ჩვენ ხომ არ გვექნება მხარდაჭერა კოსმოსიდან? ვერც ჩვენი ავიაცია იბატონებს, არც ტანკისა და არტილერიის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენს სავარაუდო მოწინააღმდეგეს ამაში უპირატესობა ექნება. ანუ გამოდის, რომ მოქმედების ტაქტიკა, რაშიც ჩვენები ვარჯიშობენ და რასაც იყენებენ კიდეც, ჩვენს სიტუაციაში ნაკლებად გამოსადეგია. ეს გამოცდილება მაშინ იქნებოდა გამოსადეგი, ჩვენ რომ სეპარატისტულ ტერიტორიებს ვაკონტროლებდეთ, სადაც ისინი იმოქმედებდნენ პარტიზანულად. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოგვადგება ანტიპარტიზანული მოქმედების ტაქტიკა, მაგრამ დღეს ეს რეალობიდან შორს არის“.
დღეისთვის უკვე რამდენიმე ათასმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო საბრძოლო გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში, თუმცა მათ მიერ მიღებულ გამოცდილებას ამ ეტაპზე საქართველო ვერ გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში – ეფექტიანად. მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ვინც ერთხელ უკვე იყო ავღანეთში, იქ მეორედ წასვლის სურვილი არ აქვს. მეტიც, კონტრაქტის დასრულებას ელოდება, რომ დატოვოს საქართველოს შეიარაღებული ძალები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გამოცდილებას ვერც ეფექტიანად და ვერც არაეფექტიანად საქართველოს სახელმწიფო ვეღარ გამოიყენებს.