აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას გადამწყვეტ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საქართველო ნდობას იმსახურებს, რადგან ქვეყანამ ეს ნაბიჯი "გარე ზეწოლის" მიუხედავად გადადგა.
"ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება საქართველოსთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი ევროპასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, როგორც სრულფასოვანმა წევრმა. ახლა, ამ პროცესის განვითარება ძირითადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს იგი გაწევრიანების მოთხოვნებს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ვერცერთი არაწევრი ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებს. გარე ზეწოლის ფონზე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისა და მისდამი ერთგულებისათვის საქართველო ნდობას იმსახურებს", - განუცხადა "პირWელს" ბრაიზამ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ლიტვის დედაქალაქში 28-29 ნოემბერს გაიმართება. სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო უხელმძღვანელებს.
სამიტს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. 6 პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენენ – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იური ლიენსა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.
ამასთან, სამიტზე ხელი მოეწერება ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას გულისხმობს.
მანამდე კი ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექნიკური პარაფირების პროცესი რამდენიმე საათის წინ დასრულდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ხოლო ევროკავშირს - საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროკომისიის ვაჭრობის საკითხებში გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი. პარაფირების ოფიციალური ცერემონიალი ხვალ გაიმართება. მისი ტექსტი საჯარო კი მომავალ კვირას გახდება.