ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ახლოვდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტი. ეს ისტორიული სამიტია საქართველოსთვის. ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც, მჯერა, აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. 

საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებაზე ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად.

ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები სამი წელი გრძელდებოდა. წელს ივლისში ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმება პარაფირებისთვის მომზადდა. მომავალ წელს კი აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოეწერება.

ეს არის ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და რეალური მექანიზმი, რომელიც თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. 

მეგობრებო, აქვე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერას - ,,დამზადებულია საქართველოში" სულ სხვა დატვირთვა ექნება. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირში შევა ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ამავე დროს ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის. 

ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და, როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. 

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. მინდა ხაზგასმით და მადლიერებით აღვნიშნო, რომ ევროპა მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აგრეთვე განუხრელად განაგრძობს ჩვენს თანადგომას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. 

ძვირფასო მეგობრებო!

დღეს ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროპისკენ, ჩვენი წინაპრების ოცნების ასრულებისკენ. 

გილოცავთ ყველას ამ წინსვლას! მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის! ",-ნათქვამია პრემიერ ღარიბაშვილის მიმართვაში.