"უნდა მოინახოს ოქროს შუალედი და საქართველომ მეტი იმსჯელოს ეკონომიკაზე, ვიდრე პოლიტიკაზე"

მიმომხილველი თომას დე ვაალი საქართველოში არსებული ეკონომიკური და ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გასულ ერთ წელიწადს თომას დე ვაალი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პოლიტიკურ შეჯიბრად აფასებს და აღნიშნავს, რომ “მიმდინარე მოვლენები კარგი გასართობი აღმოჩნდა პოლიტიკური ჟურნალისტებისთვის, თუმცა მდგომარეობა არც ისე სახარბიელო გახლდათ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის".

"ახლა ამ ორმა ძლიერმა ფიგურამ თანამდებობა დატოვა; კოალიცია "ქართულ ოცნებას" სრული ძალაუფლება აქვს და უკვე არ არსებობს არანაირი გარემოება, რაც მათ ხელს შეუშლის ქართველი ხალხისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე - ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება-მუშაობაში", - წერს თომას დე ვაალი.

სტატიის ავტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას.

"პირველი ცხრა თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არც ისე იმედის მომცემი გახლავთ - 1.7%, დაგეგმილი 6%-იანი ზრდის ნაცვლად. უმუშევრობის მაჩვენებლები, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც სააკაშვილმა ძალაუფლება დაკარგა, კვლავ ძალიან მაღალია.

მთავრობა და ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ამ მაჩვენებლების მიზეზია ის, რომ ეკონომიკა ახალი გუნდის ძლიერი მხარე არ არის. მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს, გადასახადების გზით მიღებული მაღალი შემოსავლების დიდი ნაწილი ბიზნესის წნეხის შედეგი იყო. მთავრობის განცხადებით, უფრო ლიბერალურმა მიდგომამ, შემოსავლები შეამცირა, თუმცა ბიზნესი დღეს უფრო თავისუფალია. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მაჩვენებლების შემცირების მიზეზი უტოპიური ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაა, მაგალითად, ქალაქ ლაზიკას პროექტი, რომელიც ქვეყანას არაფერში სჭირდებოდა. ასევე, მათი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც უცხოური ინვესტიციების შემცირება განაპირობა გახლავთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული უარყოფითი Pღ კამპანია. მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება უცხოელთა მიერ საქართველოს აღქმა. ამ ქვეყანაში ნაწარმოებ და ექსპორტირებულ პროდუქციას დანარჩენი მსოფლიოსთვის არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვეყნის ყველაზე დიდი ეკონომიკური ღირებულება არის მისი პოტენციალი - გახდეს მთელი კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის მთავარი ჰაბი და სავაჭრო ცენტრი.

თბილისის სამეცნიერო და გასართობ ბლოგზე განთავსებული ბოლო პოსტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კონტურები ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გამოკვეთა, რომელიც ვაჭრობის განვითარებას უჭერდა მხარს.

ასევე უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა მაინდამაინც გასულ კვირას გადაწყვიტეს ვაშინტონში სტუმრობა. ჩემი ინფორმაციით, მათ ორი ძირითადი თხოვნა აქვთ - პირველი, რომ მხარი დაუჭირონ ახალ მთავრობას და განსაკუთრებით იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც სასამართლო სისტემას და საპარლამენტო პროცესებს უკავშირდება; ასევე, სთხოვონ საქართველოს დასავლელ მეგობრებს და თვით მთავრობას, იმოქმედონ თავისუფალ გარემოში და ნუ ეცდებიან საქმის გართულებას ყოფილ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის სააკაშვილზე, სამართლებრივი დევნის დაწყებით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა მოინახოს ოქროს შუალედი და საქართველომ მეტი იმსჯელოს ეკონომიკაზე, ვიდრე პოლიტიკაზე", - წერს მიმომხილველი.

http://carnegie.ru/eurasiaoutlook/?fa=53651