Startup Weekend - მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ღონისძიებაა, რომელზეც IT დეველოპერები, დიზაინერები, პროდუქტ მენეჯერები და დამწყები ენთუზიასტები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს, ქმნიან გუნდს, იღებენ რჩევებს გამოცდილი მენეჯერებისგან და ეძლევათ შანსი დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. გლობალური პროექტის ფარგლებში უკვე დაარსდა 4300-მდე ახალი ბიზნესი. ჩატარდა 400-ზე მეტი ღონისძიება, რომლებზე დამსწრეთა რაოდენობამაც 40 000-ს გადააჭარბა. Startup Weekend უკვე 200-ზე მეტ ქალაქში გაიმართა მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ქალაქების რიგს თბილისი პირველად შეუერთდა.
პროექტის მონაწილე გუნდებმა, რომლებიც საკუთარი ბიზნეს იდეების სრულყოფისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში (დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში) 54 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, შერჩევის პირველი ეტაპი გაიარეს და საბოლოოდ, დაახლოებით 30 გუნდიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო შეარჩია.
ფინალურ ეტაპზე კი გამოვლინდა 2 გამარჯვებული:
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Y, საკმაოდ საინტერესო პროექტით რესტორნების დაჯავშნისა და მიტანის სერვისის შესახებ. ხოლო პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა 1 პროექტით HiddenSeek - მეგობრების სხვადასხვა ღონისძიებებზე ანონიმური დაპატიჟების აპლიკაცია.
ჟიურის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ლადო გურგენიძე (ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Smartex-ის მთავარი აქციონერი), სანდრო რთველაძე (ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე) გიორგი ახალაია (USAID, Economic Prosperity Association), ქეთევან ბოჭორიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), თეა ჯოხაძე (თანაინვესტირების ფონდის ფინანსური დირექტორი) და რუსლან ხოროშვილი (Ernst & Young-ის მმართველი პარტნიორი საქართველოში)
როგორც ლადო გურგენიძემ განაცხადა, ფინალში გასული პროექტების უმრავლესობა ინვესტორებისთვის საინტერესოა, შესაბამისად, Smartex-ი მონაწილეებთან მუშაობას უახლოეს დღეებში გააგრძელებს.
პირველ ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს ლიბერთი ბანკისა და Smartex ჯგუფისგან საჩუქრად iPad Air გადაეცა. ორივე გამარჯვებული გუნდი მიიღებს შანსს, გლობალურ Startup Battle-ზე წარადგინოს საკუთარი იდეა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიმსახურებენ გლობალური Startup Battle-ის ჟიურის სიმპათიას და მათი პროექტი გაიმარჯვებს, გამარჯვებული გუნდი მიიღებს სოლიდურ დაფინანსებას და საჩუქრებს Global Startup Battle-ის ორგანიზატორებისგან.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Smartex-ი აგრძელებს პირველ ქართულ Crowdfunding ექსპერიმენტს. Startup Weekend Tbilisi-ს პარალელურად დაფუძნდა სპეციალური კომპანია, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, თავად გახდეს ამა თუ იმ პროექტის აქციონერი. სწორედ ამ კომპანიიდან განხორციელდება ინვესტიცია Startup Weekend Tbilisi-ს მონაწილე პროექტებში, Smartex კი ამ კომპანიის მმართველის როლს შეასრულებს. Smartex-ის მთავარმა აქციონერმა ლადო გურგენიძემ და პროექტის რამდენიმე მონაწილემ უკვე მიმართა თანხა აღნიშნულ კომპანიაში. ინვესტირების მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი. დეტალური ინფორმაცია Smartex-ის პირველი ქართული Crowdfunding ექსპერიმენტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://smartex.ge/crowdfunding