„ფონდი ნატახტარის“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ობოლ და მზრუნველობამკლებულ აღსაზრდელებზე ზრუნვა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელშეწყობა, ასევე მათი მხარდაჭერისათვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა, საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტიტუციებში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების 150 აღსაზრდელზე განხორცილდა სპეციალური მომსახურება და დახმარება. პროექტს ახორციელებს „ფონდი ნატახტარის“ პარტნიორი არასამთავრობიო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“.
განსხვავებით წინა წლისგან, 2013 წლის აპრილიდან პროექტში ჩაერთვნენ 15 წლის მოზარდებიც. მანამდე პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 16-18 წელის და ზევით მოზარდები. ბავშვების რაოდენობასთან ერთად, წელს გაფართოვდა ფსიქოლოგების გუნდის შემადგენლობაც, რათა ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურეობა მიეღით. ამჟამად 150 მოზარდს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 10 ფსიქოლოგი.
წლევანდელი წელი რომ შევაფასოთ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სურათი უფრო თვალსაჩინო, რომ იყოს, მხოლოდ რაოდენობრივ რეზულტატებზე შევჩერდებით. სხვადასხვა სასკოლო საგნებში მომზადება 34 აღსაზრდელმა გაიარა. კოლეჯებში პროფესიული უნარების დაუფლება კი 52 მოზარდმა შეძლო. მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების მიმართულების გააქტიურებაც, რომელიც 6 აღსაზრდელმა გაიარა, თანაც დასაქმების პერსპექტივით. სპორტულ სექციებში ჩართვა 5 ბავშვს დავუფინანსეთ, ხოლო მართვის მოწმობის აღება - 8 აღსაზრდელს. შევიძინეთ პროფესიული უნარების გასამტკიცებლად სასწავლო წიგნების და იარაღები 15 ბავშვისთვის, ხოლო მოზარდები რომლებიც გავიდნენ მცირე საოჯახო სახლიდან და არ გააჩნიათ თანადგომის ქსელი, პროექტის ფარგლებში იღებენ შემდგომ მომსაურებებს: ბინის ქირას, კვებას, გზის თანხას და ხელობის შესწავლა. ასეთების რიცხვია ექვსი. 2013 წლის საუნივერსიტეტო გამოცდები წარმატებით გაიარა სამმა მოზარდმა და გახდა სტუდენტი, სახელმწიფო უფინანსებს საწავლის გადასახადს, ხოლო თანხის სხვაობის შემთხვევაში ფონდი თანხობრივად ავსებს სახელმწიფოს მიერ დარჩენილ დაფინანსებას. ამჟამად თანხას ვუმატებთ მხოლოდ 1 სტუდენტს“, აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასოციაცია „ჩვენი სახელი - საქართველოს“ წარმომადგენლი ლელა მერაბიშვილი და დასძენს, რომ „პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ხორცილედება მიზნობრივად და ეტაპობრივად, თითოეული აღსაზრდელის ინეტრესი და ინიციატივა ჩვენთვის დასაყრდენია და ამოსავალ წერტილს წარმოადგენს“.
მცირე ისტორია
კომპანია „ნატახტარის“ ინიციატივას, დაწესებულიყო მეურვეობა მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას კომპანია ნებისმიერ ადამიანს აძლევდა. ამ მიზნით კომპანიამ 2011 წელს „ფონდი ნატახტარი“ დააფუძნა და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსთან“ ერთად საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ყოველ წელს 3 თვის მანძილზე - ნოემბრიდან თებერვლამდე - „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი შეფუთვების შესაბამისად: 0.5, 1 და 2 ლიტრი. პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე (2011-2012 და 2012-2013 წლებში) 250 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა.
თუკი თავდაპირველად „ფონდი ნატახტარი“ 16-დან 18 წლამდე ბავშვებზე ზრუნავდა, დღეს უკვე ზღვარი გაიზარდა და პროექტში 15 წლის მოზარდებიც ჩაერთვნენ. ცვლილების მიზეზი გასაგები და მისასალმებელია – 18 წლის შემდეგ მოზარდები ხომ საოჯახო ტიპის სახლებს ტოვებენ და ცხოვრების ამ მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ გვერდში დგომა, რათა საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გაუჭირდეთ.