საპარტნიორო ფონდის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის ოფიციალურ და ბიზნეს–წრეების ფართო წარმომადგენლობასთან, მათ შორის ყაზახეთის საინვესტიციო ფონდში.
ამ ეტაპზე, ყაზახ ინვესტორებთან ერთად საპარტნიორო ფონდი ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტს ლიკანში, რომელიც ითვალისწინებს ,,რიქსოსის’’ ხუთვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აშენებას. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარამდეა.
საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყაზახური ბიზნეს–წრეები საქართველოში ინვესტირების და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სერიოზულ ინტერესს გამოხატავენ. ყაზახეთში ფონდის წარმომადგენლობითი ვიზიტი სწორედ ამ ინტერესს ეხმიანება, განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.
ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის სამუშაო ვიზიტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გასტანს.