5 ნოემბერს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ, ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორც „მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი“. ამავე დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკმა მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგი დასახელდა „მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად“.
ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში თიბისი ბანკი მოხვდა ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.
„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან. დღევანდელი წარმატება იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკმა შექმნა არა მარტო რეგიონში რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი, არამედ ის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბითაც. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, შევინარჩულოთ პირველობა ბაზარზე, პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით“, - ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
Global Finance-ის ინტერნეტ ბანკის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ის უკვე მე-14 წელია ავლენს ონლაინ საბანკო სერვისების წამყვან, საუკეთესო პროვაიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თიბისი ბანკის ორივე ჯილდო ცერემონიაზე საზეიმოდ გადაეცა ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის მოადგილეს, ვაჟა ბერიაშვილს.
დღემდე თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკს 9 საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ცოტა ხნის Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სამოხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში (2012, 2013)
საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2013)
საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2012, 2013)
არანაკლები წარმატება ხვდა იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკსაც, რომელიც Global Finance-ის მიერ დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში:
საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის (2013)
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინტეგრირებული ვებ-გვერდი (2013)
ნიუ-იორკში გამართული დაჯილდოებაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობდა 250 ბანკი. თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი წარდგენილი იყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ონლაინ სერვისი.
თიბისი ბანკმა ინტერნეტ ბანკი ბაზარზე პირველმა, 2001 წელს დანერგა, რაც მაშინ ქართველი მომხმარებლისთვის სრული ინოვაცია იყო. 2012 წელს კი დაინერგა განახლებული და გაუმჯობესებული ინტერნეტ ბანკი, რის შემდეგ ამ სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება, რადგან დახვეწილი საბანკო პროდუქტის არსებობა, რომელიც საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, წამებში განახორციელოთ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია, უფრო და უფრო მოსახერხებელი და აქტუალური ხდება.
გარდა იმისა, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სრულად აკონტროლოს პირადი საბანკო ანგარიშები. მას აქვს დამატებითი ფუნქციებიც, მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მისი ფინანსური მდგომარეობა და დათვალოს ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა, ასევე მიიღოს უამრავი ფინანსური და საბანკო ინფორმაცია...
რაც შეეხება იურიდიული პირებისათვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკს, ეს პროდუქტი განახლებული სახით თიბისი ბანკმა 2013 წლის მაისში გრძელვადიანი კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ დანერგა. იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკს აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკს და, ამასთან, მთლიანად მორგებულია ბანკის კორპორატიული კლიენტების მოთხოვნებზე. კერძოდ, კორპორატიული იტერნეტ ბანკით სარგებლობის გზით შესაძლებელია: ჯგუფური გადარიცხვების შესრულება (ხელფასების ჩარიცხვა, გადასახადების გადახდა და სხვა), ასევე ბანკში მოუსვლელად ახალი მომხმარებლების დამატება და მათთვის უფლებების მინიჭება და ა.შ.
დღეისათვის თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი კორპორატიული კლიენტების 36%-ს შეადგენს, რაც ასევე დინამიურად მზარდი მაჩვენებელია.