დღეს საკრებულო წევრმა კოკი იონათამიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერს გიგი უგულავას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ავარიულ კორპუსებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადებითი მხარეების შესაცნობად მას რატომღაც ორი თვე დასჭირდა.
"დაახლოებით, ორი თვე დასჭირდა ქალაქის მერს, რომ საკრებულოს მიერ აგვისტოს თვეში მიღებული იმ გადაწყვეტილების სიკეთეები დაენახა, რომლის საფუძველზეც მაღალსართულიანი ავარიული კორპუსის გამაგრება მაცხოვრებლებისათვის რეალურად შესაძლებელი გახდა.
გუშინ, 6 ნოემბერს გიგი უგულავას მიერ ვაზისუბნის ერთერთი ავარიული სახლის წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაკეთებული განცხადება სიტყვასიტყვით ემთხვევა საკრებულოს წევრების მიერ ორი თვის წინ გაკეთებულ განცხადებებს, კერძოდ დღეს გიგი უგულავა ამბობს: „ავარიული კორპუსების შეკეთება ძვირია და თანადაფინანსებაში მოსახლეობა ვერ შემოდიოდა და ამიტომ ამ პროგრამიდან ამოვიღეთ, ეხლა მიდის დიაგნოსტიკა, წინა ბიუჯეტის შეცვლაზე დავამატეთ თანხა“.
ჯერ კიდევ 15 სექტემბერს გიგი უგულავა აპროტესტებდა ამ გადაწყვეტილებას, უწოდებდა მას „არაკვალიფიციურს, დისკრიმინაციულს და მავნებლურს“ და თბილისის საკრებულო წინააღმდეგ შეცდომაში შეყვანილ ზოგიერთი ამხანაგობის და მერიის ზოგიერთი ჩინოსნის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციაზე აგებულ კამპანიას ხელმძღვანელობდა.
ვიმეორებ, სწორედ თბილისის საკრებულოს წევრთა ინიციატივა იყო ავარიული სახლების სადიაგნოსტიკო სამუშაოების მოცულობის გაზრდა და სწორედ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა საფუძველი იმისა, რომ უკვე დღეს მიმდინარეობს მუშაობა, რამოდენიმე ათეულ ავარიულ სახლის მაცხოვრებელს ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნას ეს უდიდესი პრობლემა. გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებაში ასევე საგულისხმო იყო მისი სიტყვები: „არის საკითხები სადაც ვჭიდაობთ საკრებულოსთან“. დღეისათვის უკვე გაუგებარია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ და რომელი საკითხების გარშემო „ეჭიდავება ქალაქის მერი ქალაქის საკრებულოს“.
ეს განცხადება მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ქალაქის მერი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის და არა თბილისელების ინტერესების დასაცავად, საკრებულოს წინააღმდეგ კვლავაც აპირებს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული კამპანიების წარმოებას.დღეს, რომდესაც თბილისის საკრებულო და მერია მომავალი წლის ბიუჯეტს ახლო თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განიხილავდეს, მერის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები და ქმედებები, აბსოლუტურად მიუღებელია.ასევე, საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ თბილისის მერის მხრიდან კვლავაც გრძელდება საკრებულოს, როგორც ინსტიტუციის მაქსიმალური ინგონირების მცდელობა. კერძოდ, თბილისის მერიას ჯერაც არ უპასუხია საკრებულოსთვის, თუ რატომ არ განიხილა თბილისის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს მიერ აგვისტოში მიღებული დადგენილება მერიის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა ორგანიზაციებში სამეთვალყურეო საბჭოების არსებობის მიზანშეწონილების შესახებ (კანონი მერიას ავალდებულებს ამ ნორმას). ამ საბჭოების გაუქმება თბილისის ბიუჯეტს ორ მილიონამდე ლარს დაუზოგავს 2014 წელს (საბჭოს წევრები იღებენ ანაზღაურებას). უფრო მეტიც, არც ქალაქის მერი და თბილისის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი საერთოდ არ ესწრებოდა თბილისის საკრებულოს ბოლო სხდომას. დღეს თბილისის მერს დამატებით მივმართავ წერილობით, რათა გააკეთოს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მან ან თბილისის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელმა მოახსენოს, თუ რატომ არ სრულდება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები და რატომ არ რეაგირებენ ადეკვატურად და პირველ რიგში, კანონის საფუძველზე საკრებულოს წევრთა მიმართვებზე’’,–განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.