რუსული მედია:  სომხეთის ხელისუფლება საქართველოსთან აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს აპირებს

რუსული მედია: სომხეთის ხელისუფლება საქართველოსთან აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს აპირებს

სომხეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება საღ აზრს გამოიჩენს აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსული გამოცემა Politrus იუწყება. Politrus-ის ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლება აპირებს მოლაპარაკებები წამოიწყოს აფხაზეთის სარკინიგზო გზის ექსპლუატაციის აღდგენაზე. მათივე ინფორმაციით, სწორედ ეს საკითხი იქნება მთავარი სომხეთსა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში. 

"სომხეთი უკვე 20 წელია სატრანსპორტო ბლოკადაშია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მიმოსვლის გზებს ვეძებდით. თუმცა, დადგა სარკინიგზო გზის ქართულ-აფხაზური მონაკვეთის აღდგენის პრობლემის მოგვარების დრო და ეს პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს", - განაცხდა სომხურ-რუსული საპარლამენტთაშორისო კომისიის თანათავმჯდომარემ ნიკოლაი რიჟკოვმა.

მისივე თქმით, საბაჟო კავშირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ხელს შეუწყობს და თუ ეს მოხდება, მდგომარეობა პრინციპულად შეიცვლება.

როგორც Politrus-ი აღნიშნავს, სარკინიგზო გზის 80-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც, რადგან საქართველოდან რუსეთში ექსპორტით დატვირთული ვაგონები გაემართება. რუსეთიდან კი საქართველოში უამრავი რუსი ტურისტი ჩავა, რომლებიც ახლა ძვირადღირებული ავიაბილეთების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში დასვენებას.

გამოცემა ასევე წერს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ხელსაყრელი იქნება აფხაზეთისთვისაც, რადგან გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები.

"ახალი სამუშაო ადგილები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რომელთა უმრავლესობა საშოვარზე კრასნოდარის ოლქში მიდის. აფხაზეთის ბიუჯეტი კი, რომელიც რუსეთის დოტაციაზეა, თავად შეძლებს თავის გატანას", - წერს Politrus-ი.