"ევროკავშირი საქართველოს არწმუნებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს"

ჟურნალისტი ენდრიუ რეტმენი სტატიაში აღნიშნავს, რომ "ახალი მმართველი პარტია საქართველოში, ე.წ. კოალიცია "ქართული ოცნება", რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, უკვე აწარმოებს სამართლებრივ დევნას სააკაშვილის პერიოდის რამდენიმე მინისტრის წინააღმდეგ ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დატაცება".

ენდრიუ რეტმენის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა "ოპოზიციური დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკით, პატიმრების წამებითა და საკუთარი მოქალაქეების ელექტრონული თვალთვალით ხასიათდებოდა".

"მეორე მხრივ, მას მიიჩნევენ მმართველად, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს გათავისუფლებას რუსეთის გავლენის სფეროსგან; მან დიდწილად გაწმინდა ქვეყანა ორგანიზებული კრიმინალისგან და კორუფციისგან დაბალი რანგის ჩინოვნიკებსა და პოლიციაში.

ევროკავშირის ჩინოვნიკები შიშობენ, რომ თუკი სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, ეს ცუდ ატმოსფეროს შექმნის ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მონაწილეობით იმართება. ამ სამიტზე ევროკავშირი და საქართველო პოლიტიკური ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას გეგმავენ. ყოფილი ლიდერების მიმართ "შერჩევითი სამართალი" უკვე უქმნის საფრთხეს ანალოგიური შეთანხმების ხელმოწერას ვილნიუსში უკრაინასთან.

თავის მხრივ, გიგა ბოკერია, სააკაშვილის პარტიის წამყვანი პოლიტიკოსი, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს უნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება, რომ შემდეგ ქვეყანა კულისებიდან მართოს", - წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, "ასევე არსებობს შიშები იმის თაობაზეც, რომ ივანიშვილი ხელს აძლევს რუსეთს ისეთი განცხადებებით, როგორიცაა ახლახანს თქმული - "რატომაც არა?" რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ".