"Bye, Bye, მიშა", - ამ სათაურით აქვეყნებს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრის, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ლისეკის სტატიას საქართველოს შესახებ ევროპული გამოცემა EuroActiv.
როგორც პოლონელი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი პრეზიდენტობა კვირას, საქართველოში გასამართი არჩევნების შედეგად დასრულდება.
"სააკაშვილი თავის მემკვიდრეს უტოვებს ქვეყანას, რომელიც ისე შეიცვალა, ვერც კი იცნობ, რომელშიც შემცირდა კორუფცია, მოხდა ლანდშაფტისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. თუმცა, ამ გზაზე რამდენიმე უხეში შეცდომაც იქნა დაშვებული", - წერს კშიშტოფ ლისეკი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პარალელურად, გასულ წლამდე, მმართველი პარტია მისი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებულმა, მისტიკური ბიძინა ივანიშვილის შექმნილმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შარშან, საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა.
"ევროპის სახალხო პარტიის" წევრი ასევე წერს, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქართველმა "ფეისბუქით" წერილი გაუგზავნა. ახალგაზრდა წერდა, რომ სააკაშვილზე იმის მიხედვით უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაკეთდა.
"მახსოვს, ათი წლის წინ არც სახელმწიფო ბიუჯეტი არსებობდა და არც სოციალური უზრუნველყოფა, ქვეყანა ფუნდამენტური ინსტიტუტების გარეშე იყო. მასწავლებლის ხელფასი 15 დოლარი იყო, პენსიები კი ხშირად არ გაიცემოდა. კორუმპირებული იყო პოლიცია, სასამართლო, ადმინისტრაცია", - ციტირებს კშიშტოფ ლისეკი ქართველი ახალგაზრდის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ჰქონდა ხედვა და ამ ხედვას მიჰყვა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გარშემორტმული იყო ახალგაზრდების ჯგუფით, პროდსავლური, ამერიკისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ჩინოვნიკებითა და პოლიტიკოსებით, რამაც სააკაშვილს საქართველოს ახალი კურსით სვლის და აშშ-სთან, დასავლეთ ევროპასთან, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მისცა. მისმა გულითადობამ და ქარიზმამ შესაძლებელი გახადა კარგი სამუშაო ურთიერთობების დამყარება ამერიკასთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და არაბულ ქვეყნებთან.
"საბოლოოდ, პუტინისა და მისი პოლიტიკის სიძულვილისთვის მძიმე საფასურის გაღება მოუხდა რუსეთთან 2008 წელს ომის დაწყებით. შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა", - წერს კშიშტოფ ლისეკი.
პოლონელი ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოდა.
"პირველად თბილისის ქუჩებში მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნეს. იმასაც კი ამბობდნენ, რომ პოლიციის შუშის შენობები ქვეყანაში რეფორმებისა და გამჭვირვალობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, მექრთამეობის წინააღმდეგ მის შეუპოვარ ბრძოლას თავისი შედეგები მოჰყვა. ივანიშვილის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ამნისტიამდე, საქართველოს (რუსეთის შემდეგ) ევროპაში 1000 მოსახლეზე ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავდა. შედეგად, ქვეყანაში თითქმის ყველა მოქალაქე ჩართული იყო სასამართლო პროცესებში, რამაც პრეზიდენტის პოპულარობაზეც იქონია გავლენა", - წერს კშიშტოტ ლისერი.
როგორც წერილის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ინსტიტუტი პატივს სცემდა სააკაშვილის მიერ ქვეყნის მოდერნიზაციის საკითხში მიღწეულ შედეგებს. ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ წამყვანი პოზიციები მოიპოვა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგებში, როგორც ნაკლებად კორუმპირებულმა ქვეყანამ, სადაც კარგი გარემოა ინვესტირებისთვის.
კშიშტოფ ლისეკი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა სააკაშვილის წყალობით წარმოუდგენლად შეიცვალა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საუკეთესო არქიტექტორები დაიქირავა ახალი შთამბეჭდავი შენობების ასაშენებლად. მან ასევე კარგი ურთიერთობები დაამყარა ეროვნულ უმცირესობებთან და შემთხვევითი არ იყო, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს პრეზიდენტის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ლისეკი წერს, რომ სააკაშვილმა ასევე იზრუნა ახალგაზრდა ქართველების მომავალზე და უამრავი ინგლისურენოვანი მასწავლებლები დაიქირავა მათთვის ინგლისურის სწავლების მიზნით.
"მეორე მხრივ, სააკაშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პრეზიდენტი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" შეუცვლელად მართავდნენ ქვეყანას. ბოლო ორი ვადის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წევრისგან შედგებოდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მხოლოდ დასავლეთის დელეგაციის ვიზიტებისთვის შეიქმნა", - წერს კშიშტოფ ლისეკი.
ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალქო საზოგადოება კვლავაც ჩასახვის მდგომარეობაშია და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის საელჩოებისა და აშშ-სგან ფინანსდებიან და არა მთავრობისგან.
"საააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ელიტა ძირითადად საბჭოური სისტემის მხარდამჭერებისგან შედგებოდა და მათ მიერ სააკაშვილის პოლიტიკის მხარდაჭერისგან თავშეკავება, რუსეთისკენ ლტოლვის გამოხატულება იყო. სააკაშვილი ასევე იგნორირებდა მოწოდებებს, მოლაპარაკებები გაემართა ეკლესიასთან. ივანიშვილი კი გულუხვად ასპონსორებდა ეკლესიებისა და მონასტრების განახლებას და შედეგად 2012 წლის არჩევნებში ეკლესიამ თითქმის საჯაროდ დაუჭირა მხარი ივანიშვილის გარემოცვას, რამაც "ქართული ოცნების" საბოლოო გამარჯვება განაპირობა", - წერს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ყურადღებას არ აქცევდა ციხეებში წამებისა და გაუპატიურების შესახებ ანგარიშებს. არჩევნებამდე მას ასევე ჩრდილი მიადგა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოჩენილი დაუნდობლობის გამო.
"ივანიშვილმა მოხერხებულად გამოიყენა სააკაშვილის მხარდამჭერთა შემცირება. "ქართული ოცნება", რომელშიც სააკაშვილისგან თავიდან მოშორებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ, პოლიტიკოსმა და დიპლომატმა მოიყარა თავი, ერთმა საერთო საქმემ გააერთიანა: სააკაშვილის დაუფარავმა სიძულვილმა. ახლა მხოლოდ ერთია საკითხავი – სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ საკმარისი იქნება თუ არა ეს კოლიციის შესანარჩუნებლად?", - წერს კშიშტოფ ლისეკი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს, სააკაშვილი პრემიერ ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობას დაუპირისპირდა. პრეზიდენტისთვის, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას იყო შეჩვეული, რთული აღმოჩნდა ახალ მდგომარეობასთან შეგუება. სააკაშვილს სასამართლო დევნითა და გამოძიებით, დაპატიმრებითაც კი დაემუქრნენ.
"ის დათანხმდა საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მოდელს მიუახლოვდება. ის შეუჩერებლად მოქმედებდა ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის – ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის დასაცავად. უდავოა, მისი წვლილი ქვეყნისადმი. მას დაიმახსოვრებენ, როგორც ენერგიულ ლიდერს, რომელიც საქართველოს დასავლური სამყაროს თანამედროვე სახელმწიფოდ ხედავდა. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს, ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტამდე, ქართველების 80% მის ამ ხედვას მხარს უჭერს", - წერს კშიშტოფ ლისეკი.