ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახალი პრეზიდენტი ვეღარ წარმართავს

საქართველოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა-განხორციელება ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. კონსტიტუციურად, პრეზიდენტი რჩება როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.

ახალი საკონსტიტუციო ნორმებით, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად მცირდება.

პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ის ასევე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.

პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება.

პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმიც.

გარდა ამისა, მას აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეეძლება დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება.

პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებს და ვერ შესძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.