დღეს საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოველკვირეული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მიწაზე უფლების აღიარებასთან დაკავშირებული განცხადებები დაუკმაყოფილა და მიწის საკუთების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. ამ დროისათვის აღნიშნულ კომისიას ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა და მათი საკითხების განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე ბესარიონ ბენდელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ორასზე მეტ ადამიანს მიწა საკუთრებაში გადაეცა და თავად კომისია მოქალაქეთა კანონიერების ფარგლებში დაკმაკოფილების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. როგორც საკრებულოს დეპუტატი იმედოვნებს, განმცხადებელთა ნახევარზე მეტი კომისიისგან დადებით პასუხს მიიღებს.
”საკრებულოში მიწის რეგალიზაციის კომისია სექტემბრის დასაწყისში გადმოვიდა და მას შემდეგ 1221 ადამიანმა განცხადებით მოგვმართა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით, 200 –მდე კერძო პირს მიწა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობა საკუთრებაში უკვე გადაეცა. ჩვენთან მიწის რეგალიზაციის კომისის სხდომა ყოველ ხუთშაბათს იმართება, დღევანდელი დღის წესრიგით სხდომაზე ოთხმოცდაათი განმცხადებლის საკითხს განვიხილავთ და ვფიქრობ, აქედან ნახევარი მაინც იქნება დადებითად შეფასებული. ეს კი იმის საფუძველს მოგვცემს, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ქონების საკითხი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს.” - განაცხადა ბესარიონ ბენდელიანმა.
კომისიას განმცხადებლები პირადად ესწრებოდნენ და მათ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს უშუალოდ ისმენდნენ.
”ვცხოვრობ სახლში, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე და ვერ ვახერხებდი დაკანონებას. მას შემდეგ, რაც კომისია საკრებულოში გადმოვიდა, მივმართე მას და დადებითი პასუხი უკვე მივიღე. დღეს მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთიც გადმომცეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც აქ მუშაობს. როგორც ითქვა, ძველი დებულება უფრო ლიბელარული გახდება და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს დადებით პასუხს.” - აღნიშნა მოქალაქე დიმა მღებრიშვილმა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარემ მიწის საკუთრების მოწმობა პირადად გადასცა.