შს მინისტრის ბრძანებით, აღნიშნულ დახმარებას უწყების წარმომადგენლები ქორწინების, შვილის შეძენის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ. შსს-ს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის თანახმად, შესაბამისი დახმარება უკვე 1424 თანამშრომელზე გაიცა.
ამასთან, შსს-ს 534 მრავალშვილიანი თანამშრომლისთვის ყოველთვიური დანამატი დაწესდა.
“ფინანსდება სამინისტროს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღემდე, აღნიშნულ მიზნებს 1 909 458 ლარი მოხმარდა”, - აღნიშნულია სამინისტროს ანგარიშში.
დოკუმენტში უწყების სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობების შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, 27 აპრილს ე.წ. „ხუდადოვის ტყის“ ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა კვიპაროსის 400 ნერგი დარგეს; ამასთან, საპატრულო პოლიცია მთელი წლის განმავლობაში ჩართულია აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
გარდა ამისა, ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა, სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.