შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "წლების განმავლობაში არსებული ე.წ. დახურული უბნები გაუქმებულია და მხოლოდ აუცილებელი დახურული უბნები დარჩა".
"მინდა, ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, გახსოვთ ალბათ, რომ წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც აბსოლუტურად ნოლი კონტროლი არსებობდა, იქ მონიტორინგის უფლება პრაქტიკულად არავის ჰქონდა. ხდებოდა პოლიციელების, როგორც ასე ვთქვათ, ძალიან შეურაცხმყოფელად მიყვანა, ძალდატანება და მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი უბნები გავაუქმეთ. დავტოვეთ მხოლოდ აუცილებელი დახურული უბნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამის გარეშე. მე მხედველობაში მაქვს იგივე საჯარისო, ასე ვთქვათ, სპეცდანიშნულების რაზმები და წვევამდელების დახურული უბნები. ასე, რომ, ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი. როგორც აღვნიშნე, ეს არის უპრეცედენტო საარჩევნო გარემო და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.