სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კახეთში სოფელ შილდას მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრებმა რთველის მიმდინარეობის პროცესი შეაჯამეს. ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც რთველის წარმატებულად დასრულების შესახებ ისაუბრა. ადგილობრივმა მოსახლეობამ 2013 წლის რთველი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ნამდვილი ხელშეწყობა კახელი გლეხისთვის. მათ თქმით დარგს გამოცოცხლება დაეტყო და სამომავლოდ ბევრი მათგანი ახალი ვენახის გაშენებასაც გეგმავს. შეხვედრაზე დიდი ინტერესი გამოითქვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს მოაგვარონ ბევრი პრობლემა.
ადგილობრივ გლეხებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მინისტრებმა მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობის მიერ დაგეგმილ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე.
დღესვე, სოფელ შილდას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, შალვა ფიფია, გიორგი კვირიკაშვილი და ლევან დავითაშვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. ,,რთველი 2013“ მეწარმეებმაც დადებითად შეაფასეს და მთავრობას მადლობა გადაუხადეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიმართულებით გადადგმული ამ წარმატებული ნაბიჯებისთვის.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ნოემბრიდან სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობის რეალური პრიორიტეტი გახდა.
,,ახალი მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობისთვის სახელმწიფოს დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს გლეხი გახდეს კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოების პროცესი კი, თანამედროვე. ჩვენს მიერ გადაგმული ნაბიჯების შედეგად: თანაბარ პირობებში ჩადგნენ დიდი და მცირე ფერმერები. აღარ მოხდა დიფერენცირება მცირე და დიდი ნაკვეთებიდან მიღებულ ყურძენზე. სწორედ განისაზღვრა დიფერენცირებული სუბსიდია რქაწითელზე და კახურ მწვანეზე და საფერავზე. სახელმწიფომ მეწარმეებს მისცა საშუალება გაეფართოვებინათ საკუთარი წარმოება და, შესაბამისად, მეტი ყურძენი ჩაებარებინათ გლეხებისაგან.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, „რთველი 2013-ის“ ფარგლებში, კახეთისა და რაჭის რეგიონებში, 88 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 92032,0 ტონა ყურძენი. კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 91052,3 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).
მხოლოდ ყვარლის რაიონში, 57-მა კომპანიამ მიიღო და გადაამუშავა 17784,6 ყურძენი.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ,,მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით მიიღო დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი. წელს რთველში პირდაპირი დახმარება მიიღო დაახლოებით 17 ათასმა ოჯახმა’’.
რთველი 2013 -ის ფარგლებში, ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფ. დიდ ჩაილურში ჩააბარა ერთმა ფერმერმა და 200,000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო. ჩაბარების საშუალო მაჩვენებელი 5 ტონა ყურძენი იყო და ოჯახები 7000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ.
„რთველი 2013“ სრულდება; მთავარი შედეგი, რომელზეც ორიენტირებული იყო სახელმწიფო, მიღწეულია.
კერძოდ:
• წლევანდელი რთველის მიმდინარეობის პროცესში სახელმწფო აღარ იყო მთავარი მოთამაშე და კერძო სექტორის კონკურენტი;
• სახელმწიფომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახალი მიდგომით განახორციელა. პროგრამაში მეწარმები ნებაყოფლობით ჩაერთვნენ, ანაზღაურება კი, ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით განხორციელდა;
• საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას სპეციალურად „რთველი 2013-ისთვის“ დაემატა მე-5 კომპონენტი - შეღავათიანი სესხი ღვინის მწამროებლებისთვის. დღევანდელი მდგომარობით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი;
• რთველი დაიწყო მხოლოდ კონდიციური, დამწიფებული, ხარისხიანი ყურძნის დაკრეფიდან;
• რთველის მიმდინარეობის პროცრსში შსს ჩართულობა განისაზღვრა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ადგილზე სიტუაციის კონტროლით;
• არ მოხდა სახელმწიფოს ზეწოლა ფასის განსაზღვრაზე - მეწარმე თავისუფალი იყო არჩევანში;
• არ მოხდა კომპანიებისათვის მისაღები ყურძნის რაოდენობების დაწესება;
• არ მოხდა დიდი ვენახებიდან ყურძნის ჩაბარების აკრძალვა;
• არ მოხდა კონკურენცია და ნედლეულის ხელოვნურად შემცირება სპეციფიკურ ზონებში;