თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან დუგლაძემ განიხილა for.ge-ს სააპელაციო საჩივარი, თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება შევარდნაძისდროინდელი ბრძანებულებით ასაიდუმლოებს. მოსამართლემ ძალაში დატოვა მიმდინარე წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილება. ანუ, ქეთევან დუგლაძემ ჩვენი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
for.ge სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა ნანა დარასელიას მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას და შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის იმ საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალებას, რომელიც სამინისტროსგან 30 იანვრის განცხადებით გამოვითხოვეთ.
სააპელაციო სასამართლოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესებს იცავდნენ ლაშა ქოიავა და კახაბერ ინწკირველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ კანონიერად ჩათვალა ის, რომ საიდუმლო გრიფი უნდა ედოს მოლაპარაკების პროცესს, რომლის მიხედვითაც ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში თურქებმა „აზიზიეს მეჩეთი“ უნდა ააშენონ, ხოლო ახალციხის რაბათის კომპლექსში „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში უნდა ჩაერთონ. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეპირი განცხადებების თანახმად, მოლაპარაკების პირობები აქამდე ასეთი იყო.
ახალციხის რაბათის კომპლექსი 16 აგვისტოს ზარ-ზეიმით გაიხსნა, რა დროსაც ტელევიზიით ვნახეთ, რომ „აჰმედიეს მეჩეთს“ ზემოდან ოქრო აქვს მოსხმული და თვითმიხლველთა განმარტებით, სარესტავრაციო არაფერი სჭირს (არც მანამდე სჭირდა!). ჩვენთვის უცნობია ახლა რას ითხოვენ თურქები, ან რას სთავაზობენ მათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
სხვა კოლეგებისგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან დუგლაძე საქმის მასალებს დეტალურად იყო გაცნობილი, რაც სააპელაციო სასამართლოში გამართულ 35-წუთიან პროცესზე გახდა ცხადი.
მოსამართლეს ერთი შეხედვით იმდენად კეთილშობილური გამომეტყველება ჰქონდა, რომ გავიფიქრე - სასწაული მოხდება და საჩივარს დააკმაფილებს-მეთქი, მაგრამ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებით ხომ პირადად მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული და როგორც ის იტყოდა, ნურას უკაცრავად! მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების განსაჯაროება, მის ოფიციალურ გაფორმებამდე ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ზიანს მიაყენებს და ამიტომ, მის ოფიციალურ გაფორმებამდე ის საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს for.ge-ს - თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ირგვლივ არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ხელისუფლება ხელშეკრულების პირობებს კანონის უგულებელყოფით ასაიდუმლოებს. ამავდროულად, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები (ნიკა რურუა, ნინო კალანდაძე, ნიკა ვაჩეიშვილი) ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და გამომდინარე ყოველივე აქედან, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ზიანი სწორედ ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გაფორმებით შეიძლება მიადგეს. ამის შესახებ პროცესზეც განვაცხადეთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია - კანონით სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 1997 წელს გამოცემული ბრძანებულების თანახმად, ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის საიდუმლო და მისმა განსაჯაროებამ ქართული მხარის ინტერესებს შესაძლოა ზიანი მიაყენოს. ამიტომ, მოლაპარაკების პროცესი უნდა იყოს საიდუმლო და ხელშეკრულების ტექსტს საზოგადოება მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ გაეცნობა.
ეს პოზიცია თავიდან ბოლომდე გაიზიარეს ჯერ პირველი და შემდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოებმა. for.ge დაელოდება მოსამართლე ქეთევან დუგლაძის დასაბუთებულ გადაწყვეტილების ჩაბარებას. ამის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, ადვოკატ მამუკა ნოზაძის უანგარო დახმარებით მივმართავთ უზენაეს სასამართლოს.