ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა ბრალდებულ ახალაიას თანხმობით ხორციელდებოდა

ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა ბრალდებულ ახალაიას თანხმობით ხორციელდებოდა

ბრალდებულ ბაჩანა ახალაიაზე ელექტრონული მეთვალყურეობა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა. აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ იგი ინფორმირებული იყო და თანხმობა დადასტურებულია მისი ხელმოწერით.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ჩანაწერი 2012 წლის ნოემბერშია გაკეთებული.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 14 ნოემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრალდებულ ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა და ბრალდებული ამის შესახებ ინფორმირებული იყო. ამავე პერიოდში, მას საშუალება ჰქონდა, მნახველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში შეხვედროდა, სადაც ელექტრონული მეთვალყურეობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვიზუალური კონტროლით.

პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო-, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა ან მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.

პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა არის კანონიერი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, სათანადო რეაგირებისათვის მასალები გადაეგზავნება პროკურატურას.