გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში მართავს

გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში მართავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს კახეთში მართავს.

გიორგი მარგველაშვილი ახმეტაში შეკრებილ საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ზვიადაურმა წარუდგინეს. შეხვედრაზე მოსახლეობას ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტებიც გააცნო. კოალიციის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს, ისე რომ გლეხიც კმაყოფილია და ყურძნის მიმღები ქარხნებიც:

„რთველის წარმატება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ გაზრდილია ღვინის წარმოების ინტერესი. დღეს რუსეთის ბაზარი თვისობრივად დაინტერესებულია ჩვენი პროდუქციით,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟურნალისტებთან ასევე შეაფასა NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება კვლევების დინამიკას, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება, თუმცა „ქართულ ოცნების“ შიდა კვლევების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია:

„თანამედროვე, დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოში მოქალაქეები ინტერესით ადევნებენ თვალყურს საარჩევნო კამპანიას. ყველა პოლიტიკური ძალისთვის საინტერესოა ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. საარჩევნო კამპანიის დროს ძირითადი აქცენტი სწორედ საზოგადოების ამ ნაწილზე კეთდება,“ - განაცხადა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას გიორგი მარგველაშვილმა.

ახმეტის შემდეგ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდება.