ბატონო ბუბა, ამა წლის 8 აგვისტოს ინტერნეტგამოცემა for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „დაშლილი წყაროსთავის სახარება ახალციხეში ქურდულად გაიტანეს“, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ - „თქვენ იმ მხარის წარმომადგენელი ხართ, რომელიც გაწვდით ჩვენ შესახებ არაობიექტურ ინფორმაციას“-ო.
საჭიროდ ვთვლი, მე მოქალაქე დავით გურგენიძემ გაცნობოთ, რომ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს ეს და სხვა ინფორმაცია, თქვენი დირექტორობის პერიოდში ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებული ვითარების შესახებ მე მივაწოდე. ეს ინფორმაცია 2006 წლიდან მოვიძიე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში და სამთავრობო უწყებებში.
ხელნაწერთა ბედი 2001 წლის 8 აგვისტოს ხანძრის შემდეგ მაღელვებს. მაშინდელმა დირექციამ ეს კატასტროფა მიჩქმალა. ალბათ, სამსახურის დაკარგვის და საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შეეშინდათ.
2006 წლიდან, რაც ხელნაწერთა ინსტიტუტი, იქ დაცული სიწმიდეებით ჩვენდა სამწუხაროდ თქვენ და გიორგი კალანდიას გადმოგაბარეს, ხელნაწერი წიგნების კონსერვაცია-რესტავრაცია ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო ძველი ყდისა და ტყავის შენარჩუნების დარგი საერთოდ მოისპო. ამის მიზეზი ისაა, რომ ცრუ, შეთითხნილი ბრალდებებით სამსახური დაატოვებინეთ გამოცდილ, მცოდნე რესტავრატორებს და ეს საქმე დილეტანტ, გამოუცდელ ადამიანებს „ანდეთ“.
თქვენ 2006 წლის №49-ე ბრძანებით სამსახური დაატოვებინეთ ამ დარგის უბადლო სპეციალისტს ლია სიხარულიძეს. ეს ის ადამიანია, რომელმაც 36 წლის მანძილზე ხელნაწერთა ინსტიტუტში 900-ზე მეტ ძველ ხელნაწერს ჩაუტარა აღდგენა-რესტავრაცია, ინსტიტუტის ექსპოზიციისთვის ასრულებდა უნიკალური ხელნაწერების ასლებს, სამების საკათედრო ტაძრისთვის აკინძა და ნაწილობრივ მოხატა დიდი სახარება.
თქვენი ბრძანების შემდეგ ხელნაწერთა ინსტიტუტი პროტესტის ნიშნად დატოვა ნატო ჭილაიამ, 15 წლის სტაჟის მქონე რესტავრატორმა, რომელსაც მანამდე სასტიკი საყვედური (დაუმსახურებელი!) გამოუცხადეთ.
ლია სიხარულიძის გათავისუფლება და ნატო ჭილაიასთვის საყვედურის გამოცხადება რომ უკანონო იყო, ეს სასამართლომაც დაადასტურა - „გაუქმდეს ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 აგვისტოს №49 ბრძანების პირველი პუნქტი, მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და რესტავრატორ ნატო ჭილაიასათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ... სადავო ბრძანებით აპელანტების სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით“ (სასამართლო გადაწყვეტილება №2ბ/1474-08, 2008 წელი).
თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებს უმალავდით - თქვენი ადვოკატი ნინო თოდუა მათ ეუბნებოდა, რომ ლია სიხარულიძემ პროცესი წააგო. 8 აგვისტოს for.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ იგივე სიცრუე უკვე ინტერნეტის, კერძოდ ფორუმის საშუალებით გავრცელდა, მაგრამ სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს.
თქვენი პრობლემა ისაა, რომ სიმართლეს და პროფესიონალიზმს უპირისპირებთ სიყალბეს და შეთითხნილ ბრალდებებს.
მე, ჩემი მწირი შესაძლებლობებით ყველანაირად ვცდილობ და მომავალშიც ვეცდები ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა რამენაირად დავიცვა თქვენი და თქვენნაირი ადამიანების უდიერი მოპყრობისგან. ამ მიზნით ხელნაწერთა ცენტრში არსებული რბილად რომ ვთქვათ, დარღვევების აღმოსაფხვრელად არაერთგზის მივმართე სასამართლოს, სახელმწიფო ორგანიზაციებს.
თქვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, ფიქრობდით, რომ ჩემი ამგვარი აქტიურობის შედეგი თაროზე სამუდამოდ შემოდებული დარჩებოდა და ფართო საზოგადოება სიმართლეს ვერ შეიტყობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა ჩავთვალე, რომ დადგა ის დრო, როცა მთელმა ქვეყანამ უნდა შეიტყოს ვის ხელშია დღეს ჩვენი სიწმიდეები და სხვა ძვირფასი ხელნაწერები.
თქვენ ხელი დააფარეთ თქვენს წინამორბედს და 2001 წელს გაჩენილი ხანძრის ამბავი თქვენც მიჩქმალეთ, რის გამოც იძულებული გავხდი თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურისთვის წერილობით მიმემართა და გამომეთხოვა საჯარო ინფორმაცია, 2001 წლის 8 აგვისტოს, საბურთალოს რაიონში სახანძრო დახმარების გამოძახებების შესახებ.
მათგან მიღებული პასუხით (N01/2-2029) დოკუმენტურად დასტურდება, რომ 2001 წლის 8 აგვისტოს ალექსიძის ქუჩა N3-დან, ანუ ხელნაწერთა ინსტიტუტიდან სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ამის მიზეზი იყო ინსტიტუტის სარდაფში გუდრონის წვის შედეგად გამოყოფილი შავი კვამლი და ჭვარტლი, რომელიც გამწოვი მილებით საცავებში შევიდა, სადაც ხელნაწერები ინახებოდა. ყოველივე ამის შედეგად რა ზიანი მიადგა ხელნაწერებს და ვითარების გამოსასწორებლად რა გაკეთდა, ეს ცალკე განსახილველი თემაა და აქ ამაზე შეგნებულად არ შევჩერდები.
ხელნაწერთა ინსტიტუტში თქვენი და გიორგი კალანდიას მმართველობის დროს ბრძანებების გადაკეთება, ამოღება, დაკარგვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაზეც თქვენთვის პასუხი ჯერჯერობით (!) არავის მოუთხოვია. ამ განცხადების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამაჩნია (და ამ ღია წერილს თან ერთვის), რომელიც ოფიციალური, სამართლებრივი გზით მოვიპოვე.
სრულად ვაცნობიერებ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებების, გნებავთ, ბრალდებების სიმძიმეს და აქვე დავსძენ, რომ მზად ვარ ჩემს მიერ მაგალითად მოხმობილი დოკუმენტების ასლები დაინტერესებულ პირებს გადავცე.
თქვენ იცრუეთ, როცა კულტურის სამინისტროს „კვალიფიციურ სპეციალისტად“ შეასაღეთ აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირი და ამ გზით მეათე საუკუნის ოთხთავი - ჯრუჭი I საქართველოდან უცხოეთში გაამგზავრეთ. 2006 წლის 10 და 17 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის იმჟამინდელ მინისტრ გ. გაბაშვილს მივმართე და საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე იმაზე, თუ ვინ ჩაუტარა რესტავრაცია ჯრუჭი I-ის ყდას. დავინტერესდი რესტავრატორის კვალიფიკაციით და იმით, გაიცა თუ არა ჯრუჭი I-ის საზღვარგარეთ გატანის უფლება და თუ გაიცა, რის საფუძველზე მოხდა ეს (წერილის რეგისტრაციის ნომერი №გ-3772 და №3830).
მინისტრისაგან კანონით დათქმულ ვადაში, განმეორებითი მიმართვის შემდეგაც რომ ვერ მივიღე ზემოხსენებული ინფორმაცია, თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს მივმართე. აი, ამის შემდეგ მივიღე პასუხი, რომელსაც ხელს აწერს კულტურის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილე ნ. ვაჩეიშვილი: „ბატონო დავით! თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის ექსპონატ ჯრუჭი I-ზე გაიცა სამინისტროს დროებით გატანის ნებართვა ქალაქ ვაშინგტონში, საგამოფენოდ, ინსტიტუტის დირექტორის ბატონ ბუბა კუდავას განცხადების საფუძველზე“ (წერილის რეგისტრაციის ნომერი - 16/08/5939);
„ბატონო დავით! თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ ... „ჯრუჭის ოთხთავის“ ყდის რესტავრაციის თაობაზე ... სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, რომელსაც გააჩნია კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სარესტავრაციო საბჭო, აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ჯრუჭი I-ის ყდისა და ცალკეული ფურცლების რესტავრაცია“ (რეგისტრაციის ნომერი - 16/08/5986).
ამ მიმოწერის დროს გაირკვა, რომ ჯრუჭი I-ის ყდისა და ტყავის რესტავრაცია აბსოლუტურად არაკომპეტენტურ პირს დარეჯან გოგაშვილს დაევალა (ბრძანება №32, 2006 წელი), რომელსაც ყდაზე არასდროს უმუშავია. ხელნაწერთა ინსტიტუტის ადვოკატმა ნინო თოდუამ სასამართლოზე ვერ წარადგინა ამ ე.წ. რესტავრატორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ „კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სარესტავრაციო საბჭოს“ შესახებ დეტალური ინფორმაცია რომ გამეგო, იძულებული გავხდი ამეყვანა ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე, რომელმაც წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია კომისიის წევრების კვალიფიკაციის შესახებ.
ყველაზე საინტერესო მომენტზე შევჩერდები, მკითხველს თავი რომ არ შევაწყინო - ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძისთვის მოწერილ პასუხში აღნიშნულია რომ 2005 წლიდან სამხატვრო აკადემიაში „დარეჯან გოგაშვილი ლექციებს ატარებდა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე“.
ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჰაერზე გასროლოლი ეს ლიტონი სიტყვები გადავამოწმე - სამხატვრო აკადემიის რექტორ გია ბუღაძეს წერილობით მივმართე და მისგან 2007 წლის 13 თებერვალს ასეთი პასუხი (რეგისტრაციის ნომერი - 22/19-92) მივიღე:
„ბატონო დავით! თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სამხატვრო აკადემია ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ამზადებდა ქაღალდის რესტავრაციის სპეციალისტებს, შესაბამისად არ გაგვაჩნია არც სასწავლო პროგრამა“.
პროფესიონალი, თავიანთი საქმის უბადლო მცოდნე რესტავრატორები რომ დაშინებულიყვნენ და შეეწყვიტათ სამართლებრივი ბრძოლა თავიანთი შელახული უფლებების აღსადგენად, თქვენ ადვოკატ ნინო თოდუას საშუალებით სამართალდამცავების სერიოზულ შეცდომაში შეყვანაც სცადეთ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა - ლია სიხარულიძე და ნატო ჭილაია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე, რომ გამოიძახეს, ამ ორმა ქალბატონმა გამომძიებელთან ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებულ დარღვევებზე იმდენი მტკიცებულება წარადგინა (რეგისტრაციის ნომერი - 42-40, 2007 წელი), რომ საქმე დაიხურა. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა გაგრძელებულიყო და სამართალს პური ეჭამა, მაგრამ ალბათ, ამის დროც დადგება და სიცრუის, სიყალბის მქმნელს სადაც ჯერ არს, იქ მიაბრძანებენ.
2012 წლის 29 აგვისტო