იმერეთში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის და დაშინების შესახებ for.ge გთავაზობთ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს „ნაცმოძრაობისა“ და მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების მოძიება აქვთ დავალებული. მოძიებულ ინფორმაციას, კერძოდ, პირადობის მოწმობებში არსებულ მონაცემებს ძალოვნები ზემდგომებს აწვდიან, რის შემდეგაც მოძიებული ხალხის მონაცემებით სპეციალური სამსახურების თანამშრომლები ინტერესდებიან.
სამსახურების დაკარგვის და მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული შიშის გამო, „ნაცმოძრაობის“ მხარდმაჭერებად ასაღებენ თავს ისინიც, ვისაც „ნაცმოძრაობის“ ატანა არა აქვს. ეს შიში რეალურია, რადგან ამომრჩეველს პირდაპირ ემუქრებიან.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს დავალებული აქვთ „ნაცმოძრაობის“ 10 მომხრის მონაცემის ჩაბარება. სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებში დასაქმებულებს კი „ნაცმოძრაობის“ 5-5 მომხრის პირადი მონაცემების მიტანა ევალებათ. თუ დავალებას ზედმიწევნით არ შეასრულებენ, ძალოვნებიც და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული სხვა პირებიც სამსახურებს დაკარგავენ.
„ხალხი საშინელ მდგომარეობაშია ჩავარდნილი - ისინიც, ვისაც პირადი მონაცემების მიტანას სთხოვენ და ისინიც, ვინც იძულებულები არიან ახლობლების პირადი მონაცემები ჩააბარონ. თან, მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ ამ ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს. ამომრჩევლებში ინფორმაციაა გავრცელებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში არჩევნები ასპროცენტიანი წაგებული აქვს და ახლა მთელი აქცენტი ქუთაისზე აქვთ გადატანილი - ლამისაა ქუჩებში დაიწყონ ფულის დარიგება. 150-150 ლარის დარიგებას ისევ აქტიურად აგრძელებენ. იმ კორპუსის თავმჯდომარეს კი, რომელიც სხვებთან შედარებით ბევრ მონაცემეს ჩააბარებს, 250 ლარს აძლევენ“, - წერს „საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი ბლოგერი.
27 აგვისტოს, ქუთაისში ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის თავმჯდომარე, საჯარო სამსახურში მომუშავე მობინადრეებთან ერთად დაიბარეს უბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა. მანამდე სამი დღით ადრე კი იგივე კორპუსში „ნაცმოძრაობის“ მიკროკოორდინატორმა მთელი კორპუსი აღწერა. ანუ კარდაკარ ჩამოიარა და გამოკითხვა ჩაატარა, იმაზე, თუ ვინ ვისთვის აპირებს ხმის მიცემას 1 ოქტომბერს.
უბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 27 აგვისტოს კორპუსის თავმჯდომარესთან და საჯარო სამსახურში დასაქმებულებთან შეხვედრა გამართა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში. სათითაოდ განიხილეს კორპუსში მცხოვრები ყველა ოჯახის თითოეული წევრის მონაცემი და განწყობა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს წინ ედო იმ არაოფიციალური გამოკითხვის შედეგი, რომელიც მანამდე კორპუსში ჩატარდა.
„დეტალურად ხდებოდა იმ ადამიანების შესწავლა, რომლებმაც სახელისუფლებო პარტიას მხარდაჭერა არ გამოუცხადეს, ან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს. თითოეულ ადამიანზე ცალ-ცალკე მსჯელობდნენ, თუ რით შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება და აზრი შეაცვლევინონ. ეს ყველაფერი დიდ შიშთანაა დაკავშირებული. აი, მაგალითად, კოპურსის ამხანაგობის თავმჯდომარემ ამ შეხვედრაზე წაიყვანა საჯარო სამსახურში დასაქმებული მეზობელი, რომელსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა უთხრა, რომ მამამისმა გამოსაკითხად მისული „ნაცმოძრაობის“ მიკროკოორდინატორი სახლიდან ამ სიტყვებით გამოისტუმრა - „შენი საქმე არ არის, მე ვის მივცემ ხმას“.
ამის გამო შვილს მუნიციპალიტეტის თავჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე მოუწია იმის მტკიცება, რომ მისი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი 1 ოქტომბერს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს“, - წერს ბრლოგერი. იქვე აღნიშნულია, რომ ანალოგიურად მოქმედებდნენ სხვა კორპუსებშიც.
„საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ 74-ვე ოლქში ჰყავს ბლოგერები, რომლებიც ორგანიზაციის ვებგერდზე ყოველდღიურად აქვეყნებენ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების აქტიურობის შესახებ.
ბლოგერების ვინაობა, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ვებგვერდზე არ ქვეყნდება, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის მესვეურებმა განგვიმარტეს, ბლოგერების მიერ მიწოდებული ინფორმაცია საიტზე დადების წინ ზუსტდება.
for.ge-მ თავისი წყაროების მეშვეობითაც გადააზუსტა ის, რაც ზემოთ შემოგთვაზეთ. ზემოხოსენებული ფაქტები ჩვენც დაგვიდასტურეს.
ახლა რაც შეეხება ორგანიზაციას „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ - მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა, საერთაშორისო ორგანიზაცია „თავისუფლების სახლის“ და ამერიკის დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით. „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ თავისი ვებგვერდის (http://www.saqartvelosxma.com/) საშუალებით ზრუნავს საქართველოდან გასული ემიგრანტებისთვის თავისუფალი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ეს ორგანიზაცია ასევე ზრუნავდა იმაზე, რომ ემიგრანტები სკაიპის მეშვეობით თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დარეგისტრირებულიყვნენ, რათა 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ ემიგრანტების დარეგისტრირების პროცესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობის შედეგად შეწყდა.
როგორც „საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ მესვეურებმა განგვიმარტეს, სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური ბნრძანების შემდეგ, არალეგალები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ოფიციალურად, ან საკონსულოში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა მიეტანათ, რამაც ბევრ ჩვენს თანამემამულეში შიში გამოიწვია და სკაიპით დარეგისტრირების პროცესი შეწყდა.
„საქართველოს ხმამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება წერილობით გამოითხოვა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციასთან“ ერთად სამართლებრივი მსვლელობა მისცა.