საქართველოს პენიტენციური სისტემაში, შიმშილობის მართვის მიმართულებით, თანამშრომლების გადამზადება დაიწყო. 23-24 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, შესაბამის ტრენინგს სისტემის თანამშრომლების ორი ჯგუფი გაივლის.
მსჯავრდებულთა მხრიდან, სხვადასხვა მოთხოვნითა და მიზეზით, შიმშილობის აქციის გამოცხადება პროტესტის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მსგავს სიტუაციაში სწორი და ადეკვატური რეაგირებისთვის, საჭიროა სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალის მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა.
ერთდღიანი ტრენინგი, სახელწოდებით „შიმშილობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, სისტემის ყველა იმ თანამშრომელს უტარდება, ვინც ყოველდღიურად ხვდება მოშიმშილე მსჯავრდებულებს. მათ შორისაა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალიც.
სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მიხედვით გადამზადების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა,
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინიტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად, შეიმუშავა სასწავლო პროგრამა, რომელიც მოშიმშილე პატიმართა მარეგულირებელ ადგილობრივ და სერთაშორისო სტანდარტებსა და ევროსასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება.
ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, სამედიცინო პერსონალისა და ციხის ადმინისტრაციის ფუნქციებს შიმშილობის პროცესის მართვის დროს, ასევე მუშაობენ კაზუსების ამოხსნაზე.
ტრენინგის გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო. მინისტრმა ხაზი გაუსვა წამოწყების მნიშვნელობას და სასწავლო ცენტრის ინიციატივა დადებითად შეაფასა.