თომას ჰამარბერგმა ე.წ

თომას ჰამარბერგმა ე.წ "ტრაქტორების საქმეზე" ლაშა ნაცვლიშვილს წერილი მიწერა

საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს 2013 წლის 13 ივლისს წერილი მიწერა. 

თომას ჰამარბერგი წერილში წერს, რომ მისი წარმოდგენით სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და რომ იგი ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.

"დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად სცნეს.
თუმცა, ეს წერილი ეხება წინასწარი დაკავების გაგრძელებას იმ ხუთი პირისას, რომელთაც კვლავ აღკვეთილი აქვთ თავისუფლება.

მოგეხსენებათ, წინასწარი დაკავება მხოლოდ ისეთ გარემოებებში გამოიყენება, თუ არ არსებობს სხვა გზა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ პირმა შესაძლოა თავი აარიდოს გამოძიებას ან გაანადგუროს მტკიცებულება (აგრეთვე პოტენციურ მოწმეზე ზეწოლის შესაძლებლობა)." ნათქვამია წერილში.

ჰამარბერგის თქმით, ის ვერ ხედავს ამ პირებისთვის თავისუფლების შეზღუდვის გაგრძელების მიზეზს.

ის წერილში აღნიშნავს, რომ ეს საქმე სიღრმისეულად შეისწავლა და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსაც აცნობა.

"ვაცნობე პრემიერ მინისტრს ჩემი შეშფოთება ამ საქმის თაობაზე, ჩემი აზრით, ეს 5 დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს."
ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურა, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.