ფონდმა „ქართული გალობა“ ჰამლეტ გონაშვილის ალბომის პრეზენტაცია გამართა

ფონდმა „ქართული გალობა“ ჰამლეტ გონაშვილის ალბომის პრეზენტაცია გამართა

ფონდი „ქართული გალობ“, რომელიც ორი თვის წინ დაფუძნდა, თავის მისიას მონდომებით ასრულებს და ქართულ ფოლკლორსა და ხალხურ საგანძურს პოპულარიზაციას უწევს. ფონდმა თავისი საქმიანობა ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის სიმღერების დისკების გამოცემის პრეზენტაციით დაიწყო. მასში შესულია მომღერლის ყველა ჩანაწერი და ბევრი უნიკალური ვიდეო თუ აუდიომასალა. ალბომთან ერთად პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მაყვალა გონაშვილის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერს.

წელს ჰამლეტ გონაშვილის 85 წლის იუბილე აღინიშნება. ფონდი „ქართული გალობა“ 28 სექტემბერს რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტს გამართავს, სადაც ჰამლეტ გონაშვილის უკვდავი სიმღერები იქნება გაცოცხლებული.

ფონდი „ქართული გალობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დაფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა წიგნები და აუდიომასალა, რომელიც ქართული ხალხური საგანძურის გადარჩენისკენ არის მიმართული.

ფონდის მუშაობის ფარგლებში მოეწყობა გამოჩენილი ლოტბარების იუბილეები, გაფორმდება მემორანდუმი რუსთაველის თეატრთან, სადაც ჩატარდება ფოლკლორული საღამოები. მოეწყობა კონკურსები უცხოეთში და საქართველოში მყოფი გუნდებისა და შემსრულებლებისათვის. Aსევე დაფინანსდებიან საეკლესიო გალობისუმაღლესი სასწავლებლის კუსრდამატვრებული ლოტბარები და რეგენტები , რომლებიც რეგიონებში იმუშავებენ.

ლამარა ცინცაბაძე, ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე:

„მადლობელი ვარ ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელების, რომლებმაც ჰამლეტ გონაშვილის განახლებული სიმღერების ალბომი გამოუშვეს და 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით 28 სექტემბერს საიუბილეო კონცერტს გეგმავენ. მადლობა მთელ ქართველ ერს, რომ ჰამლეტს დღემდე არ ივიწყებენ. თვითონ კი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არასოდეს იყო. ამბობდა ხოლმე, უკეთესადაც შეიძლებოდა სიმღერაო. მისი სიმღერების გამოცემა არამარტო ჰამლეტის გაცოცხლება, მთელი ქართული ხალხური საგანძურის პოპულარიზაციაა. დიდი მადლობა ამისათვის ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც ასეთ ქართულ საქმეს აკეთებს.