არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია, ზურაბ ტყემალაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს რომ კომპანიები „IDS ბორჯომი საქართველო“ და „წყალი მარგებელი“ სრულად ითვისებენ წყლის რესურსს. სამწუხაროდ ბ-ნ ზურაბ ტყემალაძეს არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია და მის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.
„ბორჯომის“ მოპოვებასა და წარმოებაზე, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” 25 წლიანი ლიცენზია აქვს. „IDS ბორჯომი საქართველო“ ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებულ რესურსს 100%-ით ითვისებს. ასევე 100%-ით ითვისებს რესურსს ნაბეღლავის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ, მედიასთან მინერალური წყლების მწარმოებელი ორი კომპანიისთვის, „IDS ბორჯომი საქართველო” და „წყალი მარგებელისთვის“ წყლის მოსაკრებლის გაძვირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ არიან მონოპოლისტები და საბადოს მთლიანად ვერ ითვისებენ, რის გამოც წყლის მოსაკრებლის სამჯერ გაძვირება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.