სასოფლო-სამეურნეო მიწებს სტატუსს უცვლიან და არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთებად გადაჰყავთ

სასოფლო-სამეურნეო მიწებს სტატუსს უცვლიან და არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთებად გადაჰყავთ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს სტატუსს უცვლიან და ის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად გადაჰყავთ. 

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი შეჩერდა, მიწებისათვის სტატუსის შეცვლას მასიური სახე მიეცა. დეპუტატის ინფორმაციით, მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში ასეთი 61 განაცხადი დაიწერა.

"არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ბევრად უფრო ძვირია, ანუ თანახმა არიან გადაიხადონ მეტი, მაგრამ მოძებნეს ასეთი ხვრელი, რომ ამ გზით მოხდეს მიწების პრივატიზება", – განაცხადა ტყემელაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

დეპუტატმა პარლამენტს უკვე მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორუმის ვადის ფარგლებში, ასევე შეჩერდება მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი. ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, თუ იქნება სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე სტატუსის შეცვლის საჭიროება, ეს მთავრობის დადგენილებით მოხდება

დეპუტატი კანონპროექტის განხილვის მომავალი კვირიდან დაწყებას ითხოვს, რაც ბიურომ გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი გამოცხადდა.