“საბჭოთა ანაბრების თემით სპეკულირება დაუშვებელია”

“საბჭოთა ანაბრების თემით სპეკულირება დაუშვებელია”

დღეს საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის განცხადებასაბჭოთა ანაბრების პრობლემა ორი ათეული წელია პოლიტიკური პოპულიზმის თემაა. უამრავი დაზარალებული ადამიანის გასაჭირზე სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები ცდილობენ ხელი მოითბონ და პოლიტიკური ქულები დააგროვონ. ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ პრობლემა ვერ გადაჭრა, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც იგი ამა თუ იმ ფორმით მოგვარდა.

გაითვალისწინა რა პრობლემის აქტუალობა, არასამთავრობო ორგანიზაციამ - “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” გამოვიდა “საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის” შექმნის ინიციატივით, რომელშიც გაერთიანდნენ ახალგაზრდა თუ ავტორიტეტული მეცნიერები, ეკონომისტები, ფინანსისტები, იურისტები, სხვა მიმართულების კვალიფიციური ექსპერტები და ანალიტიკოსები. ცენტრი 2013 თებერვალში დაფუძნდა და დღემდე იკვლევს პრობლემას. ამ დროის განმავლობაში, შესწავლილ იქნა საკითხის არსი, პრობლემის წარმოშობის წანამძღვრები, სხვა განმაპირობებელი ფაქტორები, საბჭოთა იმპერიის დაშლის და დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების ზეგავლენა მის მიმდინარეობაზე, ქართული სახელმწიფოს მცდელობები აენაზღაურებინა დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი და დღემდე გადადგმული უშედეგო ნაბიჯები.

ახალგაზრდა იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას “ახალგაზრდა ადვოკატები”, მოამზადეს “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი” და ცალკე წიგნად გამოსცეს. სათანადო დასკვნა და რეკომენდაციები ხელისუფლებისადმი მოამზადა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ”. პროფესორი მიხეილ ჯიბუტი ამზადებს მონოგრაფიას საბჭოთა ანაბრების პრობლემატიკაზე. ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ მოამზადა კვლევა - “საბჭოთა ანაბრების პრობლემა საქართველოსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში”.

ცენტრის ინიციატივით მაისში გაიმართა საბჭოთა ანაბრების პრობლემისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც სამეცნიერო წრეების, ექსპერტული საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემაზე იმსჯელეს. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ეკონომისტები და ფინანსისტები, ავტორიტეტული ანალიტიკოსები ელგუჯა მექვაბიშვილი, მიხეილ ჯიბუტი, ლია ელიავა, ლევან კალანდაძე, ზურაბ გვასალია, სოლომონ პავლიაშვილი, იოსებ არჩვაძე, გია თოფურია და სხვები მკაფიოდ და არაორაზროვნად მიუთითებენ, რომ საბჭოთა ანაბრები ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების შედეგად გაუფასურდა. ქართულმა სახელწიფომ 1998 წლის 5 მარტს კანონით სახელმწიფო ვალის შესახებ აღიარა თავისი ვალდებულება დაზარალებული მეანაბრეების მიმართ და, გარკვეული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, განსაზღვრა ასანაზღაურებელი თანხების მოცულობა.

ანაბრების თემაზე ფიქრობს ახალი მთავრობა. პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 11 დეკემბრის #463 დადგენილებით მუშაობის ვადა გაუგრძელა სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას, რომლის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაც მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანებაა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ხელისუფლება პრობლემების გადაჭრის გზებს გამოძებნის.

აქედან გამომდინარე, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია: საბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან რომელიმე კერძო ბანკის თუ ბიზნესმენის დაკავშირებას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. არცერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ანაბრების გაუფასურებაში დამნაშავედ არ მიუჩნევიათ ერთი რომელიმე ბანკი, ბანკირი ან “შემნახველი ბანკის” რესპუბლიკური ფილიალების სამართალმემკვიდრე ბანკები. ამ პოზიციას იზიარებს ყველა ქართველი ექსპერტი. უფრო მეტიც, აღნიშნულ საკითხზე არსებობს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვერდიქტი. საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ნოემბერში შექმნა ანაბრების პრობლემის შემსწავლელი კომისია, რომელმაც შეისწავლა საკითხი და დასკვნა პარლამენტის სესიას გააცნო. დასკვნის თანახმად, ანაბრების გაუფასურება გამოწვეული იყო, ერთის მხრივ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კოლაფსითა და დაშლით, ახალ ქართულ სახელმწიფოში განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით და, მეორეს მხრივ, მაშინდელი მთავრობის დანაშაულებრივი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, რომელშიც ბრალი მიუძღვის იმ პერიოდის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებას, ეროვნული ბანკსა და მის ხელმძღვანელებს. კომისიამ ასევე სპეციალურად შეისწავლა ამ პროცესებში ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო მონაწილეობის საკითხი და დაასკვნა, რომ  მას  ამ პროცესებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ჩვენთვის გაუგებარია საკითხში სრულიად არაკომპეტენტური ერთი მცირე ჯგუფის მიერ ამ პრობლემასთან ბიზნესმენ ჩხარტიშვილის დაკავშირების მცდელობა. ასეთი მიდგომა არის აცდენა დროსა და სივრცეში, რადგან ემსახურება უკვე გარკვეული, დოკუმენტურად დადგენილი ფაქტებისა და მოვლენების უსაფუძვლი და დაუსაბუთებელ რევიზიას და იწვევს დაზარალებულთა  დეზორიენტაციასა და საკითხის გადაჭრის რეალური გზების ძიების ურთულესი პროცესისათვის ხელის შეშლას.

“საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი” აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ საკითხით დაინტერესებულ ყველა პირთან, უპირველესად დაზარალებულებთან და მზად ვართ ყველა მსურველს გავაცნოთ კვლევის სადღეისოდ არსებული შედეგები და პრობლემის ნამდვილი არსი, ავტორიტეტული ქართველი ექსპერტების მოსაზრებები და საკითხის გადაწყვეტის ჩვენეული ხედვა.

ჩვენი ვებგვერდის მისამართია: anabari.com.ge ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: ტ: 790 109 019