BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს

BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს

"ხუთი წლის შემდეგ, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს", - ამ სათაურით აქვეყნებს BBC დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთთან ომის წაგებიდან 5 წლის შემდეგ , საქართველოს კრემლთან მეგობრული ურთიერთობები სურს, თუმცა ამავდროულად, დასავლეთთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. 

"8 აგვისტოს, საქართველო ომიდან ხუთი წლისთავს აღნიშნავს. ეს ომი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ომი, საქართველოს მხრიდან ოპერაციით დაიწყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ 1990-იან წლებში დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებდა. რუსეთის არმია, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია ტერიტორიების ასაღებად და საქართველოს ტერიტორიისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმის მიყენებისთვის, თბილისთან ახლოს გაჩერდა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ ამ ომში ათასამდე ადამიანი დაიღუპა, სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები ათასობით ქართველი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსებს ახლა საქართველოს ტერიტორიების 20% აქვთ ოკუპირებული. მოსკოვმა და თბილისმა სწრაფად გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, მათი ლიდერები კი, ერთმანეთისთვის არადიპლომატიური შეურაცხყოფის მიყენებას არ ერიდებოდნენ.

"პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გენიტალიებით დაკიდებდა. თავის მხრივ კი, სააკაშვილმა ერთხელ პუტინი "ლილი-პუტინად" მოიხსენია", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, ყოველივე ამის გამო ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ რუსეთში გამგზავრების და ნათესავების მონახულების მხრივ.

"თუმცა ახლა, საქართველოს ახალ მთავრობას, რომელმაც ოქტომბერში სააკაშვილის პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორა, მოსკოვთან სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების აღდგენა უნდა. თბილისიდან წამოსულმა პოლიტიკურმა შერიგების მცდელობებმა მოსკოვი დაარწმუნა, უარი ეთქვა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვის აკრძალვაზე. უკვე შეინიშნება ქართველებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გამარტივების ნიშნებიც. 11 ივნისს კი პუტინმა განაცხადა, რომ "სრულფასოვანი ურთიერთობების" აღდგენის მომხრეა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, მიუხედავად ომისგან დარჩენილი იარებისა, ამ პოლიტიკას ბევრი ქართველი მხარდამჭერი ჰყავს.

"ჩვენ გვიყვარს რუსეთი. უბრალოდ პუტინი არ მოგვწონს", - ციტირებს სტატიის ავტორი ქართველი მეგობრის სიტყვებს.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, ქართველებს რუსეთთან საუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებს.

"ქართველები აღმერთებენ რუსულ ლიტერატურასა და კულტურას. ტრადიციულად, ისინი მართლმადიდებლურ რუსეთს ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილავდნენ, მუსლიმური იმპერიების წინააღმდეგ კი, რუსეთი მათთვის ბასტიონი იყო. 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მზიან საქართველოს ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორც იტალიას ჩრდილოეთ ევროპაში: მომხიბლავად ქაოტური, საოცარი კერძებით, ღვინითა და ამინდით. ასე რომ, ორი ქვეყნის გახლეჩვა ტრავმატული გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის", - წერს დემიენ მაკგინესი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელსაც სააკაშვილი უძღოდა და რომელიც აშშ-ის მიერ იყო მხარდაჭერილი, საქართველო კორუფციული, საბჭოთა სტილის ქვეყნიდან დემოკრატიულ, დასავლურ პროექტად გადაიქცა. ამავდროულად, საქართველო ნატო-ს მთავარ მოკავშირედ იქცა.

"ასე რომ, არსებობდა რეალური საშიშროება, რომ საქართველო ევროპასა და აშშ-ის რუსეთთან სრულფასოვან ომში ჩაითრევდა", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობა ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიად განიხილავს. ევროკავშირმა კი რუსეთი საერთაშორისო კანონების დარღვევასა და რეგიონში ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

"მაისში, საქართველოს მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ომის ხელახალი გამოძიების დაწყება მოითხოვა. გასულ წელს, როდესაც იგი ქვეყნის სათავეში მოვიდა, ბევრმა დაადანაშაულა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია სურდა. განსხვავებით ამერიკაში განათლებამიღებული პრეზიდენტისგან, საქართველოს პრემიერი თავისუფლად საუბრობს რუსულად, თუმცა ცოტას ინგლისურად. ოქტომბრის არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ კი, ბევრმა საერთაშორისო კომენტატორმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის გზით მიდიოდა და რუსეთის ორბიტისკენ მიექანებოდა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი კვლავაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა რჩება", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ კრემლთან რამდენიმეწლიანი სახიფათო დაძაბულობის შემდეგ, ივანიშვილის პრაგმატული მიდგომა რუსეთის საკითხისადმი ქართველებს შორის ერთობ პოპულარულია.

"მევენახეებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან რუსეთის დიდ ბაზარზე, ტურისტული სექტორი კი ამ ზაფხულს რუსი ვიზტორების რიცხვის გაზრდას მოელის", - წერს დემიენ მაკგინესი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორიების - ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ მოლაპარაკებები ორ მეზობელს შორის კვლავაც შეუძლებელი რჩება.
"დააყენებს თუ არა რუსეთთან დაახლოება საფრთხის ქვეშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას? საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სურს. ნატო-ში გაწევრიანებას საქართველო რუსეთის მორიგი შემოჭრისგან თავის დაღწევის გარანტიად განიხილავს", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ თუ საქმე დასავლეთსა და რუსეთს შორის ასარჩევად მიდგა, საქართველოში ეს საკითხი მარტივად აღარ დგას, რადგან როგორღაც ორივესთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს.