“სამმა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ვინაიდან უცხოელები იყვნენ, საავადმყოფოში გადავიყვანეთ”

“სამმა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ვინაიდან უცხოელები იყვნენ, საავადმყოფოში გადავიყვანეთ”

ფოლადის მწარმოებელი მცირე მეტალურგიული საწარმო “ჯეოსთილი” საზოგადოების ყურაღენის ცენტში 12 ნოემბერს მოხვდა. “ქლორის გაჟონვის შედეგად 15 მუშა მოიწამლა” – წერდნენ საინფორმაციო სააგენტოები.

მავნე აირებით მოწამლულთაგან ყველაზე მძიმედ მყოფი ექვსი ჯეოსთილელი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. “არცერთს არ აქვს რაიმე სახის ჭრილობა. მათ ქლორით ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. ჩვენ საავადმყოფოში შედარებით მძიმედ მყოფი ექვსი პაციენტი გვაყვს. დანარჩენები სხვა რეფერალურ დაწესებულებებში არიან” – უთხრა ჟურნალისტებს მიხეილის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიის სამსახურის უფროსმა სოსო კუპატაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულთა რაოდენობა საზოგადოებისთვის იმავე დილას გახდა ცნობილი, “ჯეოსთილის” ადმინისტრაცია ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა. “იცით, რას გეტყვით?! ვინც გითხრათ თხუთმეტი მოიწამლაო, მიდით და იმას თხოვეთ კომენტარი! ჯერ ეს ერთი, მოწამლული არავინაა! სამმა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ვინაიდან უცხოელები იყვნენ, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმმა თქვა ორ საათში გამოვუშვებთო, ამას მოწამლვა არ ქვია! ამ ადამიანებს დაშავებულებიც არ ქვიათ! მათ მხოლოდ, ცოტა თავბრუსხვევა ქონდათ’’ – ამბობს ,,ჯეოსთილის’’ ადმინისტრაციის მენეჯერი ილია ზედელაშვილი. 

რას უწოდებს ზედელაშვილი ნამდვილ მოწამვლას ჩვენთვის უცნობი დარჩა. ცნობილი კი ისაა, რომ მიხეილის საავადმყოფოში შეყვანილ 6 პაციენტს სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნა. 

საუბრისგან თავს იკავებნენ “ჯეოსთილის” ღამის ცვლიდან გამოსული მუშები. მხოლოდ, ერთმა მთაგანმა გააკეთა მცირე კომენატარი: “ტელევიზიამ, როგორც თქვა, “ჯეოსთილში” აფეთქება მოხდაო, ეგ არ არის სიმართლე. აფეთქება არ მომხდარა. გაჟონა რაღაც მავნე ნივთიერებამ. კონკრეტულად, რომელ საამქროში მოხდა, თუ საწყობში არ ვიცი. ასეთი რამეები ამ საწარმოში თითქმის ყოველდღე ხდება. ჟურნალისტებამდე ინფორმციის ერთი პროცენტიც ვერ მიდის”. 

ის, რომ “ჯეოსთილისთვის” საწარმოო უბედური შემთხვევები უცხო არაა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს 2009-2010 წლის საწარმოო ტრავმების რეგისტრაციის ჟურნალშიც ჩანს. 

რუსთავში მოქმედი მცირე და მსხვილი საწარმოებიდან ტრავმებით შემოყვანილთა სიაში “ჯეოსთილი” ლიდერობს. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შესული ჯეოსთილის თანამშრომლების დიაგნოზებიდან სიმძიმით შემდეგი შემთხვევები გამოირჩევა: 

2010 წლის 14 თებერვალს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა “ჯეოსთილის” მუშამ, რომელმაც ექიმებს უთხრა, რომ დამწვრობა საწარმოში ფოლადსადნობი ქვაბის აფეთქებისას მიიღო. აღნიშნული პაციენტის შესახებ, ექიმის დიაგნოზში ვკითხულობთ, რომ მას აღენიშნა კისრის ორივე გვერდით ზედაპირზე პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა.

2009 წლის 20 თებერვალს საავადმყოფოში კვლავ “ჯეოსთილიდან” შეყავთ პაციენტი, რომელსაც, ექიმის დიაგნოზით, აღენიშნა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და მარჯვენა იდაყვის ძვლის ღია მოტეხილობა. მუშამ ექიმებს ტრავმის მიზეზად საწარმოში სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სამშენებლო ჭაში ჩავარდნა დაუსახელა. 

“ჯეოსთილიდან” საავადმყოფოში საწარმოო ტრავმებით მიყვანილი სხვა პაცინტების დიაგნოზები ასეთია: გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა (პაციენტი ამბობს, რომ დაეცა ლითონის კონსტრუქცია); მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის თერმული დამწვრობა (დაახლოებით 5%) მესამე ხარისხის; მარჯვენა ზედა კიდურის და მარჯვენა მტევნის მეორე–მესამე ხარისხის დამწვრობა. 

აღნიშნული ინფორმაცია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ წერილობით მოგვაწოდა. დაწესებულების მიერ აღრიცხულ საწარმოო ტრავმების ჟურნალში მითითებულია პაციენტის მიერ დასახელებული ტრავმის გამომწვევი მიზეზი, ექიმის დიაგნოზი და საწარმო, საიდანაც მოხდა მისი შემოყვანა. პაციენტთა გვარებს საავადმყოფო არ გვაწვდის, რათა არ მოხდეს მათი სამედიცინო საიდუმლოს გამხელა. 

“ჯეოსთილში” არსებულ სიტუაციას საქართველოს მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავჯდომარე თამაზ დოლაბერიძეც სწავლობს. 

“ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ, საწარმოს საწყობში მოხდა, სადაც ქლორის ბიდონებია. ერთ-ერთი მათგანი გაიხსნა. შეგახსენებთ იმ საპროტესტო აქციას, რომელიც “ჯეოსთილის” თანამშრომლებმა მაისში მოაწყვეს. მათი თქმით, დაპირებული მოთხოვნები ჯერაც არ შესრულებულა. სწორედ ამის გამო, აღნიშნული მოწამვლის ფაქტამდე სამი დღით ადრე, ჩვენ შევხვდით მუშებს. ჯეოსთილელები ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში დახმარებას გვთხოვდნენ. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად ახალი პროცესების დაწყებას გეგმავენ’’ – აცხადებს დოლაბერიძე. მისი თქმით “ჯეოსთილში” შრომითი უსაფრთხოების და დასაქმებული მუშახელის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლეებია. 

“ეს არის საწარმო, სადაც მუშები ექვს თვეში ერთხელ იფიცებიან. ყოველ წელს კადრების 45% იცვლება. ადამიანების უმტესობა იქ ერთ წელზე მეტს ვერ ჩერდება. ვერ გეტყვით, საქმე უფრო მეტად ადმინისტრაციის თანამშრომლებისადმი უდიერ დამოკიდებულებასთან გვაქვს, თუ შრომის უსაფრთხოების უხეშ დარღვევასთან’’ – ამბობს საქართველოს მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავჯდომარე.