ცესკო-ს განცხადება

ცესკო-ს განცხადება

ცესკოს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წერილობითი მომართვის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით 23 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით წერილობით მომართა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 21 აპრილს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გასულ გადაცემას ”ღამის შოუ - ოთარ ტატიშვილთან ერთად”, სადაც მიწვეულები იყვნენ პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები: თამარ კორძაია, პაატა კიკნაველიძე და გიორგი კახიანი. როგორც წერილშია აღნიშნული, გადაცემა შეიცავდა წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს და არღვევდა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციებს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს, ასევე უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წერილი და თანდართული გადაცემის ჩანაწერი შემდგომი რეაგირებისთვის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნა.