სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ და შპს ,,მექანიზატორის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა ნახუცრიშვილმა დასავლეთ საქართველოში საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულეს. მინისტრი ხობის რაიონის სოფელ ნოჯისხევის მოსახლეობას შეხვდა და ხვნის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
,,დასავლეთ საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. აღმოსავლეთ საქართველოდან უკვე 100 ერთეულზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადმოვიდა დასავლეთში და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაემატება. როგორც სხვა რეგიონებში, სამეგრელოში და იმერეთშიც სიებთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რაც რწმუნებულების მიერ სიების შედგენის დროს დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. ამ ეტაპზე გასწორდა ხარვეზები, მოხდა სიების გადამოწმება და 10 დღის განმავლობაში ყველა ბენეფიციარი მიიღებს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ბარათს“,- განაცხადა დავით კირვალიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი და შპს მექანიზატორის ხელმძღვანელი ხობის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაიშს ესტუმრნენ და საგაზაფხულო პროგრამის მიმიდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
დავით კირვალიძემ შპს ,,მექანიზატორის“ აბაშის რაიონის მომსახურების ცენტრიც მოინახულა და ახლადშეძენილი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა.