მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობას მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ, ხოლო მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები ისარგებლებენ ბიულეტენის ადაპტირებული ჩარჩოთი. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
10 აპრილს, 11:00 სთ-ზე, ზემოაღნიშნული ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დეტალურ საინფორმაციო ბრიფინგს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მობილური ჯგუფებით საარჩევნო უბნამდე გადაადგილება“ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პირველად განხორციელდა.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კი მობილური ჯგუფების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 98 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.