ახალგაზრდა ფინანსისტები ეროვნულ ბანკს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ამის შესახებ აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა), უკვე სამ თვეზე მეტია, 1990-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლას ახდენს. საკითხმა უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია, კვლევას გამოეხმაურა ექსპერტთა და სპეციალისტთა ფართო წრე. დიდი აღმოჩნდა მედიის მხრიდან დაინტერესებაც, სამაუწყებლო კომპანიებმა და ტელესტუდიებმა ამ თემასთან დაკავშირებით, მოამზადეს და ეთერებში გადასცეს დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმები. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ მივმართოთ ეროვნულ ბანკს და მოვუწოდოთ, გაითვალისწინოს გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი, ნუ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გასცეს ინფორმაცია 1992-1993 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში, 854 მილიარდი მანეთის და კუპონის მოცულობით სესხების მიმღები ორგანიზაციებისა და ამ ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ. ნათლად იკვეთება, რომ გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესში, ანაბრების გაუფასურებაში, ეკონომიკურ რეცესიასა და მოსახლეობის სრულ გაღატაკებაში ლომის წილი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ე.წ. ლიბერალურ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას მიუძღვის. ჩვენს განმეორებით თხოვნაზე ეროვნული ბანკის დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში, ჩვენი კვლევა დროში საგრძნობლად დაჩქარდება და შესაბამისად, საზოგადოება მალევე მიიღებს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რა მოხდა 1990-იანების დასაწყისში და ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთხსენებულ სესხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" მას მერე მიმართეს, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისგან უარი მიიღეს. უარის მოტივად ეროვნულმა ბანკმა კონფიდენციალობა დაასახელა. "ახალგაზრდა ადვოკატები" სასამართლოში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ინტერესებს იცავენ.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია ბუსკაძის მიერ 24 აპრილსაა ჩანიშნული.