კომისია განმარტავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულული კომისია „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ მიერ გავრცელებულ კვლევას – „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ ეხმიანება.
თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ კომისია მიესალმება არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, რაც ხელს უწყობს კომისიის საჯაროობის უკეთ წარმოჩენას.
კვლევა საკმაოდ მოცულობითია და საუბარი ეხება ბევრ ისეთ საკითხს, რომელზეც ადრეც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას გაუმახვილებია ყურადღება და კომისიასაც ბევრჯერ გაუცია პასუხი. ამიტომ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ დაცვის ვალდებულება, ლიცენზიების მოდიფიცირება და გახმაურებული შპს „სტერეო+“–ის სანქცირება, აღარ ვისაუბრებთ. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge).
კვლევაში საუბარია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ივნისს გამოაქვეყნოს და საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის აგნარიში და ფინანსური აუდიტი. ასევე, ყოველი წლის 1 დეკემბერს დაამტკიცოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, სადაც ასახულია ყველა ხარჯი. კვლევის ავტორებს პრეტენზია აქვს, ამ პროცესის არაგამჭვირვალედ წარმართვასთან. თუმცა გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მომდევნო წლის ბიუჯეტი, ყოველთვის საჯარო სხდომაზე განიხილება და კომისიონერები ამტკიცებენ, გარდა ამისა, ორივე დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge).
კვლევის ავტორები, ასევე საუბრობენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში კომისიის როლზე და პროცესის ინერტულობაზე. თავდაპირველად გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ კომისიის ხედვა და საკონსულტაციო დოკუმენტი 2012 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. გარდა ამისა, კომისიის ინიციატივით გაიმართა კონსულტაციები როგორც, მაუწყებლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. კომისია ასევე, ჩართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილ ყველა სამუშაო პროცესში. დამატებით საჭიროა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.
პრეტენზია ასევე ეხებოდა, კომპანიების მიმართ კომისიის არაერთგვაროვან მიდგომას და მაგალითისთვის მოტანილი იყო შპს „მაგთიკომის“ და შპს „რუსთავი 2“–ის სანქცირების გადაწყვეტილება. კვლევის ავტორები საუბრობენ კომისიის არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე კომპანიების მიმართ და მაგალითად მოყავთ, ორი სხვადასხვა კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ამ კომპანიების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა აბსოლუტურად სხვადასხვა მუხლით და ორივე კომპანიას სანქცია დაეკისრა. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ მიუხედავად იმისა კომპანიას კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავება კომისია, თუ მხოლოდ ერთი მუხლი იქნა დარღვეული, სანქცია სახე და ოდენობა არ იცვლება. „ელექტრონული კომუნიკაციების“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები არ მიეკუთვნება სისიხლის სამართლის კანონმდებლობას, სადაც შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს. კომისიისთვის გაუგებარია რაში გამოიხატა კომისიის არაერთგვაროვანი მიდგომა, როცა ორივე კომპანიის საკითის განხილვის პროცესში ერთგვაროვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სანქიის დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება შპს „ტელეკომპანია პიკის“ საკითხს, სადაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფმა ტელეკომპანიის მიერ რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებების შეწყვეტის გამო კომისიას რეაგირებისთვის მომართა. კომისიამ აღნიშნული საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა. სხდომას ესწრებოდა როგორც შპს „ტელეკომპანია პიკის“ წარმომადგენელი ასევე, მოქალაქეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისიამ ხმათა უმრავლესობით, ორივე მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მაუწყებლის თვითრეგულერიბის ორგანოში უნდა განხორცილებულიყო. ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ გასაჩივრებულა.
პრეტენზიები ასევე, შეეხო ე.წ „Must Carry“-ის პრინციპის ამოქმედებას და კომისიის მხრიდან ვადების დარღვევას. მართალია, კომისიამ კანონით დადგენილი ვადაში ზუსტად ვერ მოასწრო ყველა სამაუწყებლო კომპანიის და საკაბელო ოპერატორის გეოგრაფიულ არეალის გათვალისწინებით ინფორმაციის გამოქვეყნება, თუმცა მაუწყებლებთან და საკაბელო ოპერატორებთან კომისიაში გამართული არაერთი შეხვედრის შედეგად ე.წ „Must Carry“-ის პრინციპის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ყველა პრობლემა აღმოფხვრილი იყო. კომისია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესში ე.წ „Must Carry“-ის განხორციელებაში არსებითი პრობლემები არ შექმნილა.
კვლევის ბოლო ნაწილში რეკომენდაციებია როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისთვის. კომისია მზად არის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და ჩართულობისთვის.