საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. "ინტერპრესნიუსი" დავით უსუფაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო 10 დღის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ერთი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საზოგადოებას ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიეწოდებოდა. ეს აუცილებელი იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმატებისთვის. დღეისათვის მოლაპარაკების პროცესში შექმნილი ვითარებიდან და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლი გავაკეთო ეს განცხადება.
რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეული იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე. მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე - შეთანხმების ვერ მიღწევის გამო.
მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო მოლაპარაკების პროცესში მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც სათანადო მონ დომებითა და კეთილსინდისიერებით ეკიდებოდნენ საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების სასურველი შედეგით ვერ დასრულებაში უშუალოდ მათი წვლილი მინიმალურია. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში უფრო პროდუქტიულად ვითანამშრომლებთ.
მოვლენები კი ასე განვითარდა:
რა შევთავაზეთ ”ნაციონალურ მოძრაობას” (27 დეკემბერი):
• კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომლითაც პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.
რა შემოგვთავაზეს და რაზე დავთანხმდით (15 თებერვალი):
• შეთანხმებული კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი სხვა კონსტიტუციური ცვლილებისათვის საჭირო კვორუმის გაზრდა 2/3-დან 3/4-მდე.
• საგარეო პოლიტიკური საკითხების კონსტიტუციაში ჩაწერა იმ სახით და იმ ფორმით, რასაც თავად შემოგვთავაზებდნენ.
• პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებისთვის კენჭისყრის გადადება წლის ბოლომდე.
• კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის მხოლოდ ნაწილის ამოქმედება ისე, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე დარჩენოდა გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტის ვეტოს
დასაძლევად კვლავ კვალიფიციური უმრავლესობა ყოფილიყო საჭირო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გართულებული პროცედურები დარჩენილიყო უცვლელად და სხვა.
რა დამატებითი წინაპირობა წამოაყენეს (16 თებერვალი):
• უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელისათვის (პრეზიდენტიდან მუნიციპალიტეტის რიგით თანამშრომლამდე) 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
რაზე განვაცხადეთ თანხმობა (17 თებერვალი):
• უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
• ნაწილობრივი ამნისტია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, სამინისტროების მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანელები, გუბერნატორები, გამგებლები, მათი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოს და სხვა მსგავსი ცენტრალური სტრუქტურების წევრები, საკრებულოების თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები).
რა იყო მათი საბოლოო წინადადება (18 თებერვალი):
• სრული და უპირობო ამნისტია ყველასთვის, გარდა პრეზიდენტისა, მინისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
• ამნისტიის საკითხზე შეთანხმებამდე კონსტიტუციის საკითხებზე შეთანხმების რეალიზების შეუძლებლობა.
რა არის ჩვენი პასუხი (20 თებერვალი):
1. ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად ჩვენ მოვამზადებთ და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ იმ პრინციპების საფუძველზე, რაც შევთავაზეთ 17 თებერვალს.
2. პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ვუყრით საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
3. პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭისყრაზე არ დავსვამთ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე.
4. გავაგრძელებთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობას, მაგრამ 15 მარტამდე ყველა შემთხვევაში კენჭს ვუყრით პარლამენტის რეზოლუციას ამ თემაზე.
5. შევქმნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის, ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის მოდელების შესამუშავებლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები.
6. საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას 1 მარტიდან. ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისთვის მოვიწვევთ არსაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
7. შევიმუშავებთ და საზოგადოებას 1 მარტამდე გავაცნობთ ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმას, რომლის მიზანი იქნება:
* საზოგადოებრივი წესრიგის უმკაცრესი დაცვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე;
* სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების კონსტიტუციური და საპროცესო უფლებების განუხრელი დაცვა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა;
* ადგილობრივ თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების მოხელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების განუხრელი დაცვა;
* საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი და დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე.
ამრიგად, ჩვენ არ ვწყვეტთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით. უსაფუძვლო ჭირვეულობითა და ახალ-ახალი პირობების დაყენებით დროის გაყვანა ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელისუფლება კი ვალდებულია პირველ რიგში საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობის ზემოთ მოყვანილი გეგმა, ერთი მხრივ, ეხმიანება მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ ყველა საკითხს და, მეორე მხრივ, მისი განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოლაპარაკების გაგრძელება და ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა თუ ოპოზიციას ამის სურვილი და უნარი აღმოაჩნდება.
რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.